სამხრეთ ოსეთში ყოფილ მინისტრს იარაღის შენახვაში ადანაშაულებენ
სამხრეთ ოსეთში ცნობილი ადამიანის, გიორგი კაბისოვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო სკანდალი მწიფდება.
კაბისოვი კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი და საგარეო დაზვერვის მოქმედი პოლკოვნიკია. 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო.
ის 2017 წლის 7 ნოემბერს იარაღისა და საგანგებო აღჭურვილობის უკანონო შენახვის, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.
კერძოდ, სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა ჟურნალისტებს კაბისოვის სახლში ნაპოვნი „უცნობი წარმოშობის საგანგებო აღჭურვილობის“ შესახებ აცნობა. კონკრეტულად, საქმე ეხებოდა მოსასმენი დანადგარებით, მინიატურული კამერებითა და რადიოსადგურებით აღჭურვილ საათებსა და ავტომობილის გასაღებების საკიდებს.
როგორც ცნობილი გახდა, ამ ყველაფრის შესახებ პროკურატურას აცნობა საბიუჯეტო საწარმო „ელექტროკავშირის“ ხელმძღვანელმა ვალერი კოჩიევმა, რომელიც კაბისოვის მინისტრობის დროს მისი ხელქვეითი იყო.
ეს არის ოფიციალური ვერსია. არსებობს მომხდარის სხვა ვერსიაც, რომელმაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და რაც დრო გადის, ეს პროტესტი სულ უფრო მატულობს.
კაბისოვის ოჯახისა და მომხრეების ვერსია
კაბისოვის ოჯახის წევრები და მომხრეები ამტკიცებენ, რომ მთელი ეს ჩამოთვლილი „საგანგებო აღჭურვილობა“ თავისუფლად იყიდება მოსკოვის მაღაზიებში და კაბისოვმა ის თავისი სამინისტროს საჭიროებისთვის შეიძინა.
ისინი ასევე ამბობენ, რომ კაბისოვმა სხვა ამდაგვარი აღჭურვილობაც შეიძინა – მაგალითად, მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სატელეფონო საუბრების მოსმენისგან დაცვა – ამ აპარატებს 2008 წელს, საქართველო-ოსეთის საომარი მოქმედებების დროს პრეზიდენტიც იყენებდა და სამხრეთ ოსეთის КГБ-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებიც.
კაბისოვის მომხრეები და ოჯახი არამხოლოდ კატეგორიულად უარყოფენ ყველა ბრალდებას, მათ შორის ქურდობასაც – არამედ, თავის მხრივ, ადანაშაულებენ თვით ვალერი კოჩიევს, რომლის შეტყობინების საფუძველზეც კაბისოვი პასუხისგებაში აღმოჩნდა.
კაბისოვის ცოლმა ზარინამ JAMnews-ს ამ ვერსიის დეტალები უამბო.
თუმცა, კოჩიევმა ჩრდილოეთ ოსეთში ზუსტად იმავე სახელწოდების მქონე თავისი კერძო კომპანია დააარსა, შემდეგ კი, როგორც საბიუჯეტო კომპანიის ხელმძღვანელმა, ამ თავის კომპანიასთან (ანუ საკუთარ თავთან) ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების მიხედვით, კოჩიევმა მთელი აღჭურვილობა ვითომდა თავის კერძო კომპანიას გადასცა – და აი, უკვე ათი წელია, რუსული ტელეკომპანიებისგან შემოსული გადასახადი ბიუჯეტამდე ვერ აღწევს და პირდაპირ მის ხელში ხვდება.
„ეს რესპუბლიკისთვის მოპარული ასეულობით მილიონი რუბლია“, – თქვა ზარინა კაბისოვამ.
მისი თქმით, კოჩიევის კერძო კომპანია რჩეულებისთვის „ქერის ორმოდ“ იქცა. როგორც ის ჰყვება, სამხრეთ ოსეთის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი რუსულ კომპანიებს სთხოვდა, რომ სწორედ საბიუჯეტო კომპანია „ელექტროკავშირთან“ დაედოთ ხელშეკრულება. თუმცა, მაშინდელი პარლამენტის სპიკერი, ამჟამად კი რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალ მოთხოვნას გზავნიდა, და დაჟინებით ითხოვდა კერძო კომპანია „ელექტროკავშირთან“ ხელშეკრულების შენარჩუნებას.
„გიორგიმ ეს დანაშაულებრივი სქემა ამხილა და თაღლითი არაერთხელ დაადანაშაულა ღიად, მათ შორის საჯაროდ ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში. პროკურატურა არ რეაგირებდა. შემდეგ ის უკვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და უკვე ვეღარაფერს გახდებოდა. სამაგიეროდ, ახლა მოახდინეს რეაქცია – დააპატიმრეს ადამიანი, რომელმაც ამის შესახებ ღიად საუბარი გაბედა“, – უთხრა JAMnews-ს ზარინა კაბისოვამ.
ზარინა კაბისოვას აზრით, მისი მეუღლის სწორედ ახლა დაპატიმრება იმასთან არის დაკავშირებული, რომ 2018 წლის 3 აპრილს კერძო კომპანია „ელექტროკავშირს“ ლიცენზიის მოქმედების ვადა ეწურება – „შესაძლოა, გიორგი კაბისოვი სწორედ იმ მიზეზით მოაქციეს იზოლაციაში, რომ ხელი არ შეეშალა“, – თქვა ზარინა კაბისოვამ.
მისი ნაამბობით, დაპატიმრების შემდეგ კაბისოვი რამდენიმე დღის განმავლობაში სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული, გათბობისა და ტუალეტის გარეშე; მას რამდენიმე დღის განმავლობაში არც საჭმელს აძლევდნენ და არც წყალს. შედეგად, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო, – თქვა ზარინა კაბისოვამ და დაასკვნა:
„გიორგის მისი პოზიციის გამო ერჩიან, რაც მრავალი წლის განმავლობაში რუსული ფულის სამხრეთ ოსეთის კავშირგაბმულობის სფეროდან კერძო პირთა ჯიბეებში მოხვედრას შეეხება“.
ც
ხინვალის საქალაქო სასამართლომ თებერვლის დასაწყისში გიორგი კაბისოვს კიდევ ორი თვით გაუგრძელა პატიმრობის ვადა. დაცვამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შიდა პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი პრეზიდენტი – ლუდვიგ ჩიბიროვი, ედუარდ კოკოითი და ლეონიდ თიბილოვი – ამ თხოვნას შეუერთდნენ და თავმდებობის სურვილი გამოთქვეს, რომ კაბისოვი ძიების მსვლელობის დროს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას არ დატოვებდა, მაგრამ სასამართლომ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები , აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული