რუსეთში საიდუმლო რადიოსადგური 35 წლის განმავლობაში მაუწყებლობს
ფოტო: თამარა აგკაცევა, JAMnews
სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ჭაობებს შორის კედლით შემოღობილი მიწის ნაკვეთია, რომელზეც რამდენიმე რადიოანძა, მიტოვებული შენობები და სხვა ნაგებობებია განლაგებული. ერთ-ერთი რადიოანძა 1980-იანი წლების დასწყისიდან მოკლე ტალღებით, 4625 კგც სიხშირეზე მაუწყებლობს.
ის პრაქტიკულად ყოველთვის მხოლოდ მონოტონურ ხმას გამოსცემს. აქამდე უცნობია, თუ ვის ეკუთვნის რადიოსადგური, რომელსაც „ზუზუნას“ ეძახიან, წერს BBC.
დაახლოებით კვირაში ერთხელ ამ რადიოსადგურის სიხშირეზე შესაძლებელია მამაკაცის ან ქალის ხმის გაგონება, რომელიც რუსულ ენაზე რამდენიმე არაფრის მთქმელ სიტყვას წარმოთქვამს.
როგორც ჩანს, ამ გზით მოწმდება კავშირის არსებობა.ზოგჯერ ამ სადგურით ასოებისა და ციფრების შემცველი დაშიფრული გზანილები გადაიცემა, მაგრამ ისინი ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ჯაშუშებისთვის ან სხვა ვინმესთვის გაცემულ მითითებებად მივიჩნიოთ.
“ზუზუნა“ მოკლე ტალღებზე ფუნქციონირებს, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო რადიოსადგური, ამიტომ მისი მოსმენა თითქმის მთელ მსოფლიოში შესაძლებელია, თუკი 4625კგც სიხშირეს დაიჭერთ. ის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობს.
მოკლე ტალღები საშუალებას იძლევა, რომ სიგნალი ყველანაირი ბუნებრივი დაბრკოლების – მთებისა და ოკეანეების გადალახვით გადასცეს. სწორედ ამიტომ იყენებენ მათ თვითმფრინავებსა და გემებზე სიგნალის გადასაცემად.
არსებობს რამდენიმე ვერსია იმის თაობაზე, თუ ვინ არის ამ რადიოსადგურის მფლობელი და რა მიზნებით გამოიყენება ის.
მათი უმრავლესობა იმაზე თანხმდება, რომ „ზუზუნა“ რუს სამხედროებს ეკუთვნით, თუმცა თავად მათ ეს არასდროს არ დაუდასტურებიათ. ყველაზე საინტერესო კამათები იმ თემაზე მიმდინარეობს, თუ რისთვის არის საჭირო რადიოსადგური, რომელსაც 35 წლის განმავლობაში რიგითი ადამიანისთვის გასაგები ინფორმაცია არ გადაუცია.
ე რთ-ერთი ვერსიის თანახმად, „ზუზუნა“ „უხილავი ხელის“ როლს ასრულებს. თუკი ბირთვული ომი დაიწყება და რუსეთს შეუტევენ, ამ სადგურის მაუწყებლობა შეწყდება, და ამუშავდება ავტომატიკა, რომელიც რუსულ ბირთვულ იარაღს მოქმედებაში მოიყვანს.
სიგნალის გადაცემის პირობები დღე-ღამის სხვადასხვა დროს ოდნავ იცვლება. ის ფაქტი, რომელიც „უხილავი ხელის“ თეორიას უარყოფს ის არის, რომ „ზუზუნა“ დღის განმავლობაში არასდროს იცვლის სიგნალს, რაც იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუკი გინდა, რომ შენი ხმა ნებისმიერ დროს ვინმეს გააგონო.
უ ფრო საინტერესოდ და სიმართლესავით ჟღერს ის ვარაუდი, რომ „ზუზუნას“ მიერ გამოცემული მონოტონური ხმა მხოლოდ და მხოლოდ მარკერია, რომელიც იუწყება, რომ სიხშირე დაკავებულია. ამ ვერსიის თანახმად, ეს რადიოსადგური საგანგებო სიტუაციებში მართლაც საჭირო გახდება.
მაგალითად, ომის შემთხვევაში, 4625 კგც სიხშირეზე რუსეთის სამხედრო მმართველობა ჯაშუშებს დაშიფრულ ინფორმაციას გადასცემს.
უფრო მოსახერხებელ ტექნოლოგიურ საშუალებებთან შედარებით, ინფორმაციის ამ გზით გადაცემის უპირატესობა ისაა, რომ – ასე შეუძლებელია გამომგზავნის ვინაობის დადგენა. დღევანდელი სპეცსამსახურებისთვის ხომ ელექტრონული მიმოწერის გატეხა ან სატელეფონო საუბრის მოსმენა ძალიან მარტივია.