მშვიდობა არ იქნება? ომი?
პირველი მცდელობა:ომის დაწყების არდაშვება
1991 წლის სექტემბერი იდგა.საბჭოთა კავშირის აგონია უკვე რამდენიმე თვის დაწყებული იყო.ერთი წლით ადრე,1990 წლის აგვისტოში სომხეთის პარლამენტმა და მისმა არაკომუნისტურმა ხელმძღვანელობამ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს და ამით რესბუბლიკის საბჭოთა კავშირიდან გასვლის მშვიდობიან,სამართლებრივ პროცესს დაუდეს სათავე.
აზერბაიჯანმა და მისმა კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ 1991 წლის მარტში საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი. მთიან ყარაბაღში,ისევე როგორც ნახიჭევანში,საბჭოთა კავშირის შენარჩუნებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი არ ჩატარებულა.თუმცა,აგვისტოს პუტჩმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.1991 წლის აგვისტოს ბოლოს აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.რამდენიმე დღის შემდეგ,2 სექტემბერს კი სუვერენიტეტზე პრეტენზია გამოთქვა მთიანმა ყარაბაღმაც,თუმცა ეს სხვა ქვეყნებს,მათ შორის სომხეთსაც,არ უღიარებიათ.
ბორის ელცინმა კონფლიქტში ჩარევა გადაწყვიტა.1991 წლის ივნისში ის რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს.ელცინმა,რომელსაც გორბაჩოვთან მძაფრი პოლიტიკური უთანხმოება ჰქონდა,ყარაბაღის საკითხში შუამავლობა მოინდომა.თავისი შუამავლობისთვის მეტი წონა და მნიშვნელობა რომ მიეცა,იგი ყაზახეთის – ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის სიდიდით მეორე სახელმწიფოს – პრეზიდენტთან ერთად კავკასიას ეწვია.ამდენად, რუსეთის პირველი პრეზიდენტი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პირველი მცდელობის ინიციატორი გახდა.
21-23 სექტემბერს ელცინი და ნაზარბაევი ბაქოს ეწვივნენ და შემდეგ განჯის გავლით სტეფანაკერტში ჩავიდნენ,საიდანაც დელეგაცია ერევანში გაემგზავრა.სომხეთის დედაქალაქიდან ელცინი და ნაზარბაევი ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ქალაქ ჟელეზნოვოდსკში ჩავიდნენ, სადაც საერთო მემორანდუმი გააფორმეს.დოკუმენტს ოთხი პრეზიდენტი აწერდა ხელს: ელცინი, ნაზარბაევი,ლევონ ტერ-პეტროსიანი და აიაზ მუთალიბოვი.ყარაბაღის მხარე, რომელსაც რობერტ ქოჩარიანი,ლეონარდ პეტროსიანი და ვაგიფ ჯაფაროვი წარმოადგენდნენ,მოლაპარაკებებში დამკვირვებლის სახით იღებდა მონაწილეობას.
ჟელეზნოვოდსკი, 1991 წ. მარცხნიდან მარჯვნივ – ბ. ელცინი, ლ. ტერ-პეტროსიანი, ნ. ნაზარბაევი, ა. მუთალიბოვი
იმ პერიოდში ქოჩარიანი ყარაბაღის პოლიტიკური ლიდერი იყო და ამ რეგიონში ტერ-პეტროსიანის – საიმედო დასაყრდენი. ლეონარდ პეტროსიანი, მთიანი ყარაბაღის მთავარი ოფიციალური პირი – საოლქო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ,ვაგიფ ჯაფაროვი კი – ყარაბაღში აზერბაიჯანელებით დასახლებული ყველაზე დიდი ქალაქის, შუშის მერი.
ომის თავიდან ასაცილებლად ჟელეზნოვოდსკის მემორანდუმი მხარეებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ურჩევდა:
- ‘მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ყველა ანტიკონსტიტუციური აქტის’ ბათილად ცნობა.ლაპარაკია მთიანი ყარაბაღის საოლქო საბჭოს მიერ 1988 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე,რომლის მიხედვითაც,მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გასვლისა და საბჭოთა სომხეთთან მიერთების სურვილს გამოხატავდა. ასევე,იგულისხმება აზერბაიჯანის მიერ 1989 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება,რომლის მიხედვითაც,მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი,როგორც ადმინისტრაციული ერთეული,გაუქმდა.
- ცეცხლის შეწყვეტა;
- ყველა შეიარაღებული ფორმირების (საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის გარდა) კონფლიქტის ზონიდან გაყვანა;
მემორანდუმი,რომელიც 10 პუნქტისგან შედგებოდა,1992 წლის პირველ იანვარს უნდა შესულიყო ძალაში.
თუმცა,პირველ იანვარს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკიდან გაქრა პლანეტის ყველაზე დიდი სახელმწიფო,საბჭოთა კავშირი. მიხაილ გორბაჩოვი გადადგა,საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარი კი,რომელიც იმ პერიოდში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის სისხლისღვრის არიდების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა,კონფლიქტის ზონიდან გავიდა.
ომი:1992 წლის იანვარი – 1994 წლის მაისი
საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე სომხებმა და აზერბაიჯანელებმა გააჩაღეს ომი,რომელიც 1994 წლის მაისის ზავის დადებამდე გრძელდებოდა და 12 ათასზე მეტი აზერბაიჯანელისა და 6 ათასი სომხის სიცოცხლე შეიწირა.
შეიცვალა პოლიტიკური რუკაც – თუკი ომის დაწყებამდე სომხები 4,4 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საბჭოთა სომხეთისათვის მიერთებაზე ოცნებობდნენ, 1994 წლის მაისში ისინი არამხოლოდ ამ რეგიონს, არამედ კიდევ 7 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიას აკონტროლებდნენ – ხუთ აზერბაიჯანულ რაიონს (ლაჩინს, ქელბაჯარს, ქუბალთის, ჯებრაილსა და ზანგელანს) მთლიანად, და ორ რაიონს (აგდამსა და ფიზულის) ნაწილობრივ.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მთიანი ყარაბაღის მარტაკერტისა და მარტუნიის რაიონების ტერიტორიების ნაწილზე, მთლიანად შაუმიანის რაიონსა და გეტაშენის ქვერაიონზე დაამყარეს კონტროლი.
1994 წლის მაისის ზავიდან დღემდე საერთაშორისო შუამავლებმა კონფლიქტის მონაწილეებს შესთავაზეს ხუთი წინადადება, რომელთაგან თითოეული ოთხ ძირითად ელემენტს ეფუძნებოდა:
- მთიანი ყარაბაღის სტატუსი;
- სომხური ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაბრუნება;
- ლტოლვილებისა და დეპორტირებული პირების სახლებში დაბრუნება;
- უსაფრთხოების გარანტიები.
მეორე მცდელობა: დარეგულირების ‘პაკეტური’ და ‘ეტაპობრივი’ სქემები
1997 წელს ეუთო–ს თანათავმჯდომარეებმა ბაქოს, სტეფანაკერტსა და ერევანს წარუდგინეს კონფლიქტის მოგვარების ჯერ –’პაკეტური’, შემდეგ კი ‘ეტაპობრივი’ სქემა.
1994 წლის მაისის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში (მოსკოვში, ჰელსინკში, ვენაში, პარიზში და ა.შ.) იმართებოდა.ზოგიერთი მასპინძელი ქვეყანა ეუთო–ს მინსკის ჯგუფის წევრი იყო,ზოგიც –არა. 1997 წლის იანვარში ჩამოყალიბდა ეუთო–ს თანათავმჯდომარეების სამეული,რომელშიც შევიდა სამი გეოპოლიტიკური ცენტრი – რუსეთი,შეერთებული შტატები და საფრანგეთი(რომელიც ევროკავშირის ინტერესებს წარმოადგენდა).
1994-97 წლებში მოლაპარაკების ყველა ეტაპზე მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელი დელეგაციაც მონაწილეობდა.
აზერბაიჯანი ამ ფაქტს ვერ ურიგდებოდა,თუმცა წინააღმდეგობას არ ავლენდა და მოლაპარაკებების პროცესს არ ამუხრუჭებდა. ფაქტობრივად,აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს მართავდა ერთდროულად სომხეთთან და მთლიან ყარაბაღთან,რომლებსაც მთელ რიგ საკითხებზე ალბათ ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.მოლაპარაკებებში მონაწილეობდა შუშის უკანასკნელი აზერბაიჯანელი მერი,ნიზამი ბახმანოვიც. ყარაბაღის დელეგაციისგან განსხვავებით, რომელიც ცალკე, და არა სომხურ დელეგაციასთან ერთად,იჯდა მოლაპარაკებების მაგიდასთან,ბახმანოვი აზერბაიჯანის დელეგაციის წევრი იყო.
‘ეტაპობრივი’ სქემა საჭირო იმიტომ გახდა,რომ სტეფანაკერტმა ‘პაკეტური’ სქემა კატეგორიულად უარყო.’პაკეტური’ სქემა სომხეთისთვისაც მიუღებელი იყო, თუმცა ერევანმა გადაწყვიტა, დოკუმენტის უარყოფა მთლიანად სტეფანაკერტისთვის მიენდო.
ლევონ ტერ-პეტროსიანი და ჰეიდარ ალიევი
‘პაკეტური’ და ‘ეტაპობრივი’ შეთავაზებები შემდეგ ქმედებებს გულისხმობდა:
- სომხური ძალების გამოყვანა მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე ყველა რაიონიდან – ლაჩინის გარდა (იგულისხმება არა კორიდორი, არამედ მთელი ლაჩინის რაიონი);
- მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსება;
- დეპორტირებული მოსახლეობის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
‘პაკეტურ’ და ‘ეტაპობრივ’ სქემებს ერთმანეთისგან ყველაზე მეტად მთიანი ყარაბახის სტატუსის განმსაზღვრელი პუნქტი განასხვავებდა. ‘პაკეტური’ სქემის მიხედვით, მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ავტონომიის მაღალი ხარისხი ენიჭებოდა, რაც ერევნისა და სტეფანაკერტისთვის მიუღებელი იყო. ‘ეტაპობრივი’ სქემა კი სტატუსის პრობლემას საერთოდ არ ეხებოდა და ამ საკითხს სამომავლო განხილვების საკითხად ტოვებდა.
ბაქოში ორივე სქემა (‘პაკეტურიც’ და ‘ეტაპობრივიც’) მისაღებად მიიჩნიეს. ერევანი ‘ეტაპობრივს’ დაეთანხმა, თუმცა –გარკვეული პირობებით; სტეფანაკერტმა ორივე წინადადება უარყო,თუმცა ეს უკვე აღარ იყო სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინასწარ შეთანხმებულ ხრიკი.
სტეფანაკერტის ხელისუფლებამ აღნიშნა,რომ ‘პაკეტურ’ და ‘ეტაპობრივ’ სქემებს შორის არსებითი სხვაობა არ არის,რადგან ორივე შემთხვევაში სტატუსის საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ წყდება.’პაკეტური’ შეთანხმების შემთხვევაში,ექვსი რაიონის დაბრუნების სანაცვლოდ, მთიანი ყარაბაღი მხოლოდ ავტონომიის მაღალ ხარისხს მიიღებდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ‘ეტაპობრივი’ გეგმის განხორციელების შემთხვევაში კი, ექვსი რაიონი უბრუნდებოდა აზერბაიჯანს, სტატუსის საკითხი კი ჰაერში რჩებოდა გამოკიდებული.აშკარა იყო, რომ ექვსი რაიონის დაბრუნების შემდეგ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს მომავალში აღარ მისცემდა იმ დამოუკიდებლობას,რისკენაც სტეფანაკერტი მიისწრაფვოდა.
1997 წლის სექტემბრის ცნობილ პრესკონფერენციაზე და იმავე წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ტერ-პეტროსიანი ცდილობდა,დაერწმუნებინა სომხური საზოგადოება, რომ ‘ეტაპობრივი’ ვარიანტი მაქსიმუმია,რაც მთიანმა ყარაბაღმა შეიძლება მიიღოს.თუმცა,მას საზოგადოებისგანაც და საკუთარი პოლიტიკური გუნდისგანაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.შედეგად, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაზგენ სარგსიანმა,რომელიც ორი წლის შემდეგ პარლამენტში მომხდარი ტერაქტის დროს დაიღუპა,და ხელისუფლების ყარაბაღულმა ფრთამ,პრემიერმინისტრ რობერტ ქოჩარიანის მეთაურობით,ტერ-პეტროსიანი,ფაქტობრივად,აიძულეს,გადამდგარიყო.
მესამე მცდელობა: ‘საერთო სახელმწიფო’
ერთი წლის შემდეგ, 1998 წლის ბოლოს ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კონფლიქტის მოგვარების ახალი წინადადება წარადგინეს, რომელსაც ‘საერთო სახელწიფო’ დაერქვა.ამ დოკუმენტის ავტორი იყო ევგენი პრიმაკოვი – იმ პერიოდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ერევანმა ეს წინადადება გარკვეული პირობებით მიიღო,სტეფანაკერტმა უფრო მეტი პირობა დააყენა,ბაქომ კი ეს გეგმა კატეგორიულად უარყო.
კონფლიქტის შედეგების ლიკვიდაციის თვალსაზრისით,’საერთო სახელმწიფოს’ კონცეფცია მისი ორი წინამორბედი დოკუმენტისგან არაფრით განსხვავდებოდა.მთავარი განსხვავება ისევ მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრას შეეხებოდა. წარმოდგენილი წინადადების დასაწყისშივე ეწერა,რომ ‘მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს რესპუბლიკის ფორმის ტერიტორიულ-სახელწიფოებრივ წარმონაქმნს,რომელიც აზერბაიჯანთან ერთად საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში საერთო სახელმწიფოს ქმნის’.
ამგვარად,დოკუმენტის ავტორმა შემოქმედებითობა გამოავლინა.აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ ირღვეოდა, თუმცა,ამავე მთლიანობის ჩარჩოებში,მთიანი ყარაბაღი,ფაქტობრივად,დამოუკიდებელ ერთეულად ყალიბდებოდა.იმ პერიოდში მთიან ყარაბაღზე საუბრისას დიპლომატიურ წრეებში ასეთი დახვეწილი ფორმულირება გამოიყენებოდა:’დე-იურე აზერბაიჯანის შემადგენლობის გარეთ არსებული,დე-ფაქტო – დამოუკიდებელი სახელმწიფო’.
ჰეიდარ ალიევმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება აზერბაიჯანისთვის მიუღებელი იყო,რადგან რეალურად,ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნებოდა და ბაქოს სტეფანაკერტზე კონტროლი არ ექნებოდა.ბაქოდან სხვანაირი კომენტარებიც გაისმა – ალიევის მრჩეველი,ვაფა გულუზადე შეშფოთებას გამოთქვამდა,რომ თუკი აზერბაიჯანი ამ წინადადებას მიიღებდა,ყარაბაღელ სომეხს შეეძლებოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტიც გამხდარიყო.
მეოთხე მცდელობა:ტერიტორიების გაცვლა
1999 წლის გაზაფხულზე ქოჩარიანსა და ალიევს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა, რის საფუძველზეც 2001 წლის გაზაფხულზე შეიქმნა ე.წ.’კი-უესტის დოკუმენტი’,რომელსაც არაოფიციალური ხასიათი ჰქონდა.
ეს დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანმა ამჯერადაც უარყო, წინა სამისგან განსხვავებით, არ გამოქვეყნებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს ვარიანტი ტერიტორიების გაცვლის კონცეფციას ეყრდნობოდა.მთიან ყარაბაღს სომხეთისკენ მიმავალ ლაჩინის კორიდორი გადაეცემოდა,აზერბაიჯანი, კი კომპენსაციის სახით, ნახიჭევანამდე მისასვლელ სახმელეთო გზას მიიღებდა,რომელიც სომხეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში,მეღრის რაიონში მდებარეობს.
რობერტ ქოჩარიანი და ჰეიდარ ალიევი
მთიანი ყარაბაღის მთლიანი ტერიტორია (4,4 ათასი კვ.კმ) სომხეთს უერთდებოდა, სომხეთის კონტროლის ქვეშ არსებული 7 ათასი კვადრატული კილომეტრი კი აზერბაიჯანს უნდა გადასცემოდა.
სხვათა შორის, კი-უესტის ნახევარკუნძული,რომელიც ფლორიდის შტატში მდებარეობს,ის ადგილია,სადაც ერნესტ ჰემინგუეიმ თავისი მშვენიერი ნაწარმოები, ‘მშვიდობით იარაღო’ დაწერა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ფორმატში ‘proximity talks’ – პრეზიდენტები პირისპირ არ ისხდნენ;ისინი სხვადასხვა ოთახებიდან ერთმანეთს მედიატორების დახმარებით ეკონტაქტებოდნენ.
შუამავლები ისმენდნენ იმას, თუ რას მოითხოვდნენ და რისი ეშინოდათ პრეზიდენტებს და ამის საფუძველზე კონფლიქტის მოგვარების პროექტს ქმნიდნენ.ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით, კი-უესტს ამერიკის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ეწვია. უკანა გზაზე კი პრეზიდენტები ვაშინგტონში ჯორჯ ბუშმა მიიღო.
კი-უესტში ჩასვლამდე, ბაქოს აეროპორტში ჰეიდარ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მზად იყო, ანტარქტიდაზეც კი ჩასულიყო.თუმცა, შინ დაბრუნების შემდეგ ალიევმა კი-უესტში მიღწეული წინასწარი შეთანხმებების შესრულებაზე უარი განაცხადა.სომხეთში, მთიან ყარაბაღსა და სომხურ სათვისტომოში კი კოჩარიანი მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ იგი მზად იყო, აზერბაიჯანისათვის მიწები დაეთმო და მეღრიზე უარი ეთქვა.
მეხუთე მცდელობა:გადადებული რეფერენდუმი
2004 წლიდან მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც ‘პრაღის პროცესს’ უწოდებენ. ერთი შეხვედვით, 2006 წელს პარიზის მახლობლად მდებარე რამბუიეს ციხე-სიმაგრეში თითქოს მხარეები საერთო პრინციპებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იყვნენ.
‘პრაღის პროცესის’ მთავარი სიახლე გადადებული რეფერენდუმის იდეა იყო,რაც შემდეგს გულისხმობდა:
- ყარაბაღის ძალებს ხუთ რაიონი უნდა დაეტოვებინა;
- ქელბაჯარის დაბრუნება მთიანი ყარაბაღში რეფერენდუმის ჩატარების პარალელურად უნდა გადაწყვეტილიყო.
თუმცა, მოლაპარაკებები ამ შემთხვევაშიც ჩიხში შევიდა – ამჯერად იმის გამო, რომ მხარეებმა ქელბაჯარის დაბრუნების გრაფიკსა და მთიან ყარაბაღში რეფერენდუმის ჩატარების ვადებზე ვერ შეთანხმდნენ. კამათის საგანს წარმოადგენდა ლაჩინის კორიდორის საკითხიც.
ილხამ ალიევი, ვლადიმირ პუტინი და რობერტ ქოჩარიანი
2007 წლის ნოემბერში, მადრიდში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ერევანსა და ბაქოს გადასცეს დოკუმენტი,რომელიც 14 პუნქტისგან შედგება და, ზემოაღნიშნული ვერსიის მსგავსად, რეფერენდუმის გადადების კონცეფციას ეყრდნობა. ეს იყო სამუშაო დოკუმენტი, რომელსაც მოლაპარაკებების სხვადასხვა ეტაპზე ხან სომხეთი უარყოფდა, და ხანაც – აზერბაიჯანი,იმის მიხედვით, თუ რომელი დეტალი იცვლებოდა.
აი, მადრიდის პრინციპების პუნქტები:
- მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება პლებისციტით, რომელიც ყარაბაღის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, თავისუფლად და ზუსტად გამოხატოს საკუთარი ნება;
- გარდამავალ პერიოდში, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსის დადგენამდე, მის მოსახლეობას განსაზღვრული უფლებები და პრივილეგიები ექნება;
- აზერბაიჯანის მთელი ტერიტორია მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანს დაუბრუნდება;
- შეთანხმებული სიგანის კორიდორი მთიან ყარაბაღს სომხეთთან დააკავშირებს;
- კონფლიქტით დაზარალებული რაიონებიდან გამოქცეულ ყველა დევნილსა და ლტოლვილს ნებაყოფლობით დაბრუნების უფლება ექნება;
- საერთაშორისო სამშვიდობო ძალები რეგიონს დატოვებენ მაშინვე, როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში შევა.
2016
1994 წლიდან დღემდე მხარეებმა ნაწილობრივაც კი ვერ მოახერხეს პოზიციების შეჯერება; მეტიც,საომარი რიტორიკისა და მტრული პროპაგანდის გავლენით,მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა.ბოლო ორი წლის განმავლობში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმდენად ხშირად ირღვევა,იმდენად გახშირდა დივერსიული ქმედებები და ერთმანეთის ტერიტორიების დაცხრილვა,რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი,ფაქტობრივად,აღარ მოქმედებს.
სერჟ სარგსიანი და ილხამ ალიევი
უამრავი მიზეზი შეიძლება გავიხსენოთ;შეგვიძლია ისინიც დავასახელოთ,ვისაც ამაში ბრალი მიუძღვის,მაგრამ მთავარი მიზეზი ის არის,რომ კონფლიქტის მხარეებს,რომლებიც მშვიდობისკენ მიისწრაფვიან,ამ მშვიდობისთვის საფასურის გადახდა არ სურთ. ამიტომ,ვიდრე საზოგადოებები ამ საფასურის გადასახდელად მზად არ იქნებიან,მშვიდობა ვერ დამყარდება.
თათულ აკოფიანი – ჟურნალისტი, ‘ანისის სომხური კვლევების ცენტრის’ კოორდინატორი, ფონდ ‘სივილიტასის’ ექსპერტი, ავტორი წიგნებისა: ‘მწვანე და შავი: ყარაბაღული დღიური’ და ‘მზერა არარატიდან: სომხები და თურქები’.