მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი თბილისში ასურელთა მონასტერში 7 მაისს წირვას დაესწრო. ლუჟკოვი რამდენჯერმე არის ნამყოფი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესაზღვრეს მისი არშემოშვების საფუძველი არ ჰქონია.
“შემოვიდა ლეგალური საბუთებით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, ეს მონაცემი არ იყო და, შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო,”- აღნიშნა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
ასურელთა მონასტრის წინამძღვარიმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემ კი ფეისბუკის პირად გვერდზე განმარტა, თუ რატომ უმასპინძლა მონასტერში მოსკოვის ყოფილ მერს. ის ამბობს, რომ მონასტერში მისულ არცერთ სტუმარს არ გააგდებს.
“ხალხნო, მაინტერესებს, ამ ლუჟკოვის ჩვენთან წირვის დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა. და თურმე, ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ, ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა, წადი-მეთქი აქედან? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის, პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი, მაგრამ რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკაზე არავის არ მივცემ უფლებას რომ ილაპარაკოს, მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ – მეგობარი.” – წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.
როგორც არქიმანდრიტმა სერაფიმე ბით ხარიდიმ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, მოსკოვის ყოფილი მერი ტაძარში მეუღლესთან ელენა ბატურინასთან ერთად მივიდა. მას სურდა არამეულ ენაზე დასწრებოდა წირვას, თუმცა მისი სტუმრობის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ.