კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში - ინფიცირებული იტალიიდან შემოვიდა
კიდევ ერთი, რიგით მეორე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა კორონავირუსის საქართველოში.
პაციენტი ჩამოვიდა იტალიიდან, სადაც ხუთდღიან მოგზაურობაში იმყოფებოდა. ის ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა. შემოსვლის დღეს მას არ ჰქონდა სიმპტომები, თუმცა მეორე დღეს თავი შეუძლოდ იგრძნო და თავად მიმართა ექიმებს.
მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია.
ამჟამად მიმდინარეობს ეპიდკვლევა, ანუ ეძებენ ადამიანებს, რომლებთანაც დაავადებულს ჰქონდა კონტაქტი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
• როგორ შეხვდა საქართველო კორონავირუსის პირველ შემთხვევას? ხელისუფლების და მოქალაქეების რეაქცია
• 2-წუთიანი ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან
ლუგარის ლაბორატორია კიდევ ორი პაციენტის სინჯებს ამოწმებს.
“არ არის გამორიცხული, კორონავირუსი მათაც დაუდასტურდეთ”, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
კარანტინში 87 პირი იმყოფება. ბავშვთა განყოფილებაში 35 ადამიანი.
ადამიანებს, რომლებიც შემოდიან იტალიიდან, ეძლევა ყველას რჩევა – იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში ვინმეს აღმოაჩნდება სიმპტომები – ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება – მიმართონ ექიმს.