თეირანში ტერაქტებს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა
პოლიციელი თეირანში, პარლამენტის შენობასთან 07.06.17 ფოტო: EPA/OMID WAHABZADEH
ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, თეირანში, პარლამენტის შენობაშია გადაღებული – ირანში მომხდარი ორი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი თავდასხმა პარლამენტში მოხდა, მეორე კი აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმში.
ირანული მედია წერს, რომ პარლამენტის შენობაში 4 თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს.
„კალაშნიკოვებით“ შეიარაღებული პირები ირანის საკანონმდებლო ორგანოში დღეს დილით, ცენტრალური შესასვლელიდან ქალების სამოსით შევიდნენ.
პარალელურად, ადგილობრივი დროით 10.40 საათზე თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმშიც. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, მეორე კი სამართალდამცველებმა მოკლეს.
“ისლამური სახელმწიფო” თავდასხმებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ეს ISIS-ის მიერ მოწყობილი პირველი ტერაქტია ირანში, და ზოგადად, პირველი ტერაქტია ირანში, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ბი-ბი-სის კორესპონდენტი თეირანიდან იტყობინება, რომ ირანელები შოკირებულნი არიან მომხდარით, რადგან ისინი ყოველთვის ამაყობდნენ იმით, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანს თავის მეზობლებთან შედარებით საკმაოდ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი ჰქონდა.