ბოტანიკური ბაღი თბილისი. ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე, JAMnews
რასაკვირველია, თბილისის ბოტანიკური ბაღი საკმაოდ გამოჩენილია საიმისოდ, რომ ის ნაკლებად ცნობილ ადგილად არ მივიჩნიოთ. და ის საკმაო რაოდენობის ტურისტს იზიდავს. თუმცა, საქმე ისაა, რომ დამთვალიერებელთა უმეტესობა მის მცირე ნაწილს ათვალიერებს. არადა, მისი მიყრუებული შესახვევები, რომლებამდეც ჯერ უნდა მიაღწიო, ენით აუწერელ სილამაზესა და სიმყუდროვეს მალავენ, რასაც იქაური ეგზოტიკური მცენარეები ქმნიან. ხოლო გამეფებული სიჩუმისა და სიმშვიდის წყალობით, გავიწყდება, რომ დიდ ქალაქში იმყოფები.
ეს ადგილი ცენტრიდან საკმაოდ შორსაა, მაგრამ გზაში დახარჯული დრო ამად ღირს. ტბის მიმდებარე ადგილები არცთუ დიდი ხნის წინათ აშენდა. აქ არის მშვენიერი ფართო პარკი, სადაც პიკნიკების მოწყობა ან უბრალოდ სეირნობა შეიძლება; ასევე ველოსიპედის გზა ტბის ირგვლივ – თავის გასაქირავებელი ველოსიპედებით. ტბაში ბანაობაც შეიძლება, და ნავით ცურვაც. აქ არის, რა თქმა უნდა, რესტორნებიც – ტბის ხედით. ცხენოსნობის მოყვარულებს გაახარებს, რომ იქვე ახლოს ახალი იპოდრომი გაიხსნა.
სასტუმრო „ბილტმორ-თბილისი“. ფოტო ნიკოლოზ ურუშაძე, JAMnews
რასაკვირველია, ყველამ იცის, რომ თბილისის საუკეთესო ხედი მთაწმინდის მთიდან მოჩანს, სადაც ფუნიკულიორით შეიძლება ასვლა. თუმცა, არცთუ დიდი ხანია, მას კონკურენციას უწევს ხედი ახალი ცათამბჯენიდან – სასტუმრო „ბილტმორ თბილისიდან“. სხვათა შორის, ამ შენობის გარეგნული იერისადმი თბილისელების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თუმცა, უდავოა – „ბილტმორ-თბილისის“ 31 სართულზე მდებარე ბარ-რესტორნიდან გადაშლილი ქალაქის პანორამა – ეს ახალი, საინტერესო რაკურსია, რომლითაც ნამდვილად ღირს, რომ დატკბე.
კლუბი Bassiani, თბილისი. ფოტო: კლუბ Bassiani-ს არქივი
კლუბი „დინამოს“ სტადიონის ქვეშ მდებარეობს – ეს სრულიად საკულტო ადგილია კლუბური ცხოვრების მოყვარულთათვის, თანაც არამხოლოდ ქართველებისთვის. ამ კლუბის შესახებ საერთაშორისო გავლენიანმა გამოცემებმაც იციან. მიწისქვეშა სივრცე აღჭურვილია მუსიკისთვის, ვიზუალისთვის, ინსტალაციებისთვის, სემინარებისთვის, ლექციებისთვის და მასტერ-კლასებისთვის. ზოგიერთები ამ ადგილს ბერლინურ კლუბებს ადარებენ. აქ კარგი ელექტრონული მუსიკის მოსასმენად და თავისუფალი ატმოსფეროსთვის მოდიან.
ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის უზარმაზარი, ბრუტალური შენობა, რომელიც ერთ-ერთ ისტორიულ უბანში მდებარეობს, ქალაქის ახალ კულტურულ ცენტრად იქცა. ცენტრში მრავალფუნქციური არტ-სივრცეა, რომელიც მთელი დღე-ღამის, 24 საათის განმავლობაში ღიაა, და აქ საინტერესო კულტურული ღონისძიებები ტარდება. აქვე ცხოვრებაც შეიძლება – ამავე შენობაში მდებარეობს 400-ადგილიანი სუპერ-ჰოსტელი! აქ არის მრავალი კაფე, ბარი და მაღაზია – ანუ ყველაფერი, რაც შემოქმედებით ადამიანებს იზიდავთ.