ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 1991 წლიდან, წელიწადში ორჯერ (ზამთარსა და ზაფხულში) ტარდება და 14-18 წლის ასაკის იმ ქვეყნების სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციაში შედის.
აზერბაიჯანი ამ ფესტივალში 1993 წლიდან მონაწილეობს, მისი მასპინძელი კი პირველადაა.
შეჯიბრებები სპორტის ათ სახეობაში ტარდება. მაყურებლის დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი 21 ივლისს გაიხსნა და 27 ივლისამდე გაგრძელდება.
ფესტივალის თილისმები არიან აზერბაიჯანული ხალხური ზღაპრის პერსონაჟი ჯირტდანი და საბჭოთა ზღაპრის პერსონაჟი კატა ლეოპოლდი (ფოტო: Trend).
რა ღირს ეს?
თუ რამდენი თანხა დახარჯა აზერბაიჯანმა ამ ფესტივალის ორგანიზებაში, უცნობია.
ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი აზად რაგიმოვი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ აზერბაიჯანს ნაკლები თანხა დაუჯდა, ვიდრე უნგრეთსა და საქართველოს, სადაც წინა წლებში ფესტივალი ტარდებოდა.
მინისტრის თქმით, სპორტსმენების ცხოვრებისა და კვების ფულს მათივე ქვეყნები იხდიან, და ჩამოსვლაც მათივე ხარჯით მოხდა.
ქალაქელების აზრი
ბაქოელები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში თავიანთ ქალაქში სპორტული ღონისძიებებისგან დაიღალნენ, უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ფესტივალის საჭიროებებს რამდენიმე ქალაქში ქუჩების თითო ზოლი დაეთმო.
კომენტარები სოციალური ქსელებიდან:
„მორიგი უსარგებლო ღონისძიება. გზებზე ისედაც მუდმივად საცობია, და კიდევ თითო ზოლს გვაჭრიან“;
„საერთოდ, რა ფესტივალია ეს, და რისთვის გვჭირდება თავის გამოჩენის გარდა?“