აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი საქართველოზე: „მათთვის, ვინც გეოგრაფია არ იცის - ჩვენ მეზობლები ვართ“
27 იანვრის საღამოს, Apsua TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში, აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა საკუთარ პოზიციაზე ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ.
ბჟანიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვებს იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციონერმა ქართულ ტელეარხებს რამდენიმე დღის წინ მისცა.
• აფხაზი ოპოზიციონერი ქართულ მხარესთან დიალოგის მომხრეა. რას პასუხობენ მას თბილისში?
• რა მოხდა აფხაზეთში და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
• ყველაფერი კონფლიქტის შესახებ
განმარტებისას, კონკრეტულად რა სახის დიალოგი აქვს მხედველობაში, პოლიტიკოსმა ციტირება მოახდინა აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას მიერ 1997 წელს ქართული ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუდან:
„მე მჯერა, რომ საქართველო და აფხაზეთი ნორმალურად განვითარდებიან და დადგება მომენტი, როდესაც ერთმანეთს ხელს გავუწვდით. ქართველ ხალხში მტერს არასოდეს ვხედავდი. ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და დავასრულოთ, რაც ჯერჯერობით არ დასრულებულა. ყოველთვის მზად ვარ საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისათვის“.
ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ეს სიტყვები – „მანდატია მათთვის, ვინც პოლიტიკით არის აფხაზეთში დაკავებული, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოს რესპუბლიკასთან“.
„დამირეკეს ტელეფონზე ქართული გამოცემების წარმომადგენლებმა, მკითხეს, მზად ვარ თუ არა მათთვის ინტერვიუს მისაცემად. რა თქმა უნდა, მზად ვარ. არავისთან არ ვაპირებ აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვას. ეს საკითხი სამუდამოდ გადაწყვეტილია.
მაგრამ ჩვენ – მათთვის, ვინც გეოგრაფია არ იცის – მეზობლები ვართ. მათთან ძალიან ბევრი სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს, ეკონომიკური კონტაქტები გვაქვს, მათ შორის, ენგურჰესი“.
თბილისთან დიალოგის შესახებ ასლან ბჟანია 14:21 წუთიდან ლაპარაკობს
ეს იყო ასლან ბჟანიას პირველი ვრცელი ინტერვიუ აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიაში.
ახლა, აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი სოჭის სანატორიუმშია, სადაც მკურნალობის კურსს გადის.