აფგან მუხტარლი: მე ალიევის და ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესების მსხვერპლი ვარ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი აცხადებს, რომ მისი თბილისიდან გატაცება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობითა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანხმობით მოხდა.
გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელსაც ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, უახლოესი ნათესავების ორმოცზე დასასწრებად ციხიდან ორი დღით გამოუშვეს. დეკემბრის ბოლოს ჟურნალისტის და, და მისი ორი დისშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიებამ მათი გარდაცვალების მიზეზად მხუთავი აირით მოწამვლა დაასახელა.
ციხიდან გათავისუფლებულმა აფგან მუხტარლიმ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, მისი თქმით, საქართველოდან გატაცებამდე ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ერთობლივ ბიზნეს-ინტერესებს იკვლევდა.
“საქართველოში ყოფნის დროს მე ალიევის ბიზნესს ვიკვლევდი. საქართველოში მას დიდი ბიზნესი აქვს ტურიზმის სფეროში. საქართველოში ის ფლობს სასტუმროებს და მიწის ნაკვეთებს. მას ეკუთვნის ავიაკომპანია «Silk Way» და ორგანიზაცია «Silk Way Georgia». საქართველოში მისი მთავარი ბიზნეს-პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია. ზუსტად ამ ბიზნეს-პარტნიორობის მსხვერპლი გავხდი მე. ამ საქმის გამოძიების გამო შემექმნა პრობლემა”, – განაცხადა მუხტარლიმ.
ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ საქართველოდან მისი გატაცება გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებული იყო.
“საქართველოში სასამართლო პროცესები გამჭვირვალეა. აქედან გამომდინარე, ქართული მხარე კანონიერად აზერბაიჯანს ვერ გადამცემდა, ამიტომ ჩემი გატაცება დაგეგმეს. პრემიერის ნებართვის გარეშე საზღვარზე ვერ გამატარებდნენ”, – განაცხადა მუხტარლიმ.
მისი თქმით, ის აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს.
“კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს”, – აცხადებს ის.
მუხტარლის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი გამოხმაურებები.
“ასეთი დამოკიდებულების და განცხადებების შემდეგ, აფგან მუხთარლის ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს – ის ჩვენ ქვეყანას და ხელისუფლებას უღირსად მოექცა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
“მე კრიტიკულად ვუყურებ იმასაც, რომ ვერაფრით ვერ დადგინდა და ვერ აღდგა სურათი, თუ რა პირობებში გაუჩინარდა, თუ საერთოდ გაუჩინარდა ეს ადამიანი. არსებობს რაიმე დამასაბუთებელი იმისა, რასაც მოტაცების თაობაზე აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე ამბობებ?! ასეთი რამ არ არსებობს! აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო”, – ამბობს კვაჭანტირაძე.
“აფგან მუხთარლის განცხადებები, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოხდა მისი დაკავება და აზერბაიჯანისთვის გადაცემა, არის გაუმართლებელი უტიფრობა და აბსურდი”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. მისი თქმით, მას უჩნდება ეჭვი, რომ ეს განცხადებები “საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის მოწინააღმდეგეების” და საქართველოს იმიჯის შელახვით დაინტერესებული პირების მიერაა მართული.
• 2017 წლის 29 მაისს გამომძიებელი-ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისში დაიკარგა, სადაც ის 2014 წლიდან ცხოვრობდა. მოგვიანებით მან თავის ადვოკატს აცნობა, რომ საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს და ბაქოში იმყოფებოდა.
• 12 იანვარს აზერბაიჯანის სასამართლომ მუხტარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ძალადობის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.
• 15 ივნისს ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, “დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს და მოუხსნას ყველა ბრალდება გამომძიებელ -ჟურნალისტ მუხტარლის”.