ბოლო სტატისტიკა საქართველოდან ევროპაში მიგრანტების რაოდენობის შესახებ " />

საქართველო კანონს ამკაცრებს: ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა ხელშეწყობა დასჯადი გახდება

ბოლო სტატისტიკა საქართველოდან ევროპაში მიგრანტების რაოდენობის შესახებ

გერმანია, თავშესაფრის მაძიებელთა სახლი REUTERS/Ina Fassbender 

საქართველოს ხელისუფლება აპირებს კანონმდებლობა გაამკაცროს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ.

ახალი ინიციატივის თანახმად, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ არა მხოლოდ უკანონო მიგრანტებს, არამედ მათ ხელშემწყობებსაც. 

რას ამბობს 2018 წლის სტატისტიკა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებზე? და რას ურჩევს მათ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 

__________________

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ხელს შეუწყობენ უკანონოდ დარჩნენ სხვა ქვეყანაში ან დაეხმარებიან, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მისაღებად, პასუხისგებაში მიეცემიან.

• თავშესაფრისთვის ევროპაში – რა ემუქრება უვიზო რეჟიმს

• ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები მეტ ფულს აგზავნიან საქართველოში, ვიდრე რუსეთში დასაქმებულები 

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამბობს, კანონპროექტის მიღების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოდან უკანონო მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა.

 

ვის შეეხება ახალი ინიციატივა

რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს დასაჯოს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავადაც უკანონოდ იმყოფებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე და საქართველოდან ჩასულ მეგობრებს ან ნათესავებს დაეხმარებიან.

ხულორდავა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა.

მისი თქმით, კანონპროექტის სამიზნე არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყანაში და გახდნენ მიგრანტები – აყალბებენ დოკუმენტებს, შეაქვთ უსაფუძვლო განაცხადი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად და ა.შ.

2018 წლის სტატისტიკა

2018 წელს საქართველოს მოქალაქეებმა  ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ 17 ათას 980 განცხადება შეიტანეს – ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის” განცხადებაში.

ეს ციფრი 11 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2017 წელს იყო, თუმცა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, მაინც საყურადღებოა.

ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროკავშირში თავშესაფარი 580 ათას 845 ადამიანმა მოითხოვა.

2018 წელს თავშესაფარი ყველაზე ხშირად გერმანიაში (161 885), შემდეგ საფრანგეთში (110 500) და საბერძნეთში (65 000) მოითხოვეს.

აქედან სამი პროცენტი საქართველოს მოქალაქეები არიან. ამ სტატისტიკით, საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულს ხურავს. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც საქართველო ამ მხრივ პირველ სამეულშია. ეს ქვეყნებია საფრანგეთი, ირლანდია, ჩეხეთი, დანია და ლიხტენშტეინი. 

საგარეო საქმეთა მინისტრი: ტყუილად ნუ შეიძენთ ბილეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამ ციფრების კომენტირებისას მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ტყუილად ნუ დახარჯავენ დროს ევროპაში თავშესაფრის საძიებლად:

„საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოთხოვნა ფუჭი მცდელობაა, რადგან საქართველო ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მიერ უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაშია შეყვანილი. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, რომლებთანაც ვმუშაობთ. საზოგადოებას უნდა მივმართო, რომ ფუჭია ნებისმიერი მათი მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის ძიების – მათი მოთხოვნები ნულამდეა დაყვანილი. ნუ დახარჯავენ სახსრებს, ტყუილად ნუ შეიძენენ ბილეთებს, რადგან ეს მათ დააზიანებს”, – განაცხადა ზალკალიანმა. 

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ იმით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადების განხილვის პროცესი გაჭიანურებულია. ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველოში მუშაობენ ამ ქვეყნებთან, რათა ეს ვადა შემცირდეს, რათა არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ის თავშესაფარს მიიღებს.

უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია?

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, მიგრანტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება ევროპული ქვეყნების რეკომენდაციაა:

„უვიზო მიმოსვლის შეთანხმება… არ არის შეთანხმება, რომელიც უპირობოდ მოქმედებს. ამ შეთანხმების მიღებას წინ უძღოდა გარკვეული მოლაპარაკებები. არსებობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა, რაც მთლიანად ევროკავშირის ხელშია,”  – განაცხადა დეპუტატმა.

ის ამბობს, რომ მიგრანტების რაოდენობის ზრდამ, შესაძალოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა.

ამ ეტაპზე კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენებს გადის, შემდეგ კი, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გავა. ცვლილებები კანონის მიღების შემდეგ მე-15 დღეში ამოქმედდება.

ეს პირველი საკანონმდებლო ცვლილება არ არის, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მიიღო. მაგალითად, გასულ წელს საქართველოში გვარის შეცვლა გართულდა.

•  საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტიდან დეკემბერის ჩათვლით ევროპაში უვიზოდ საქართველოს 170 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა. 

•  ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას. 

• ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად ქვეყნიდან წასვლის მოტივად საქართველოში არსებულ უმუშევრობას ასახელებენ. ასევე ევროპაში საქართველოს ბევრი მოქალაქე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდის, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

• მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ევროპაში ქართული კრიმინალი – როგორც ორგანიზებული, ისე წვრილმანი ქურდობები. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით ხშირად მიუთითებს გერმანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები გასულ წელს თბილისშიც კი იყვნენ და  საქართველოს შს მინისტრს ქმედითი ზომების გატარება მოსთხოვეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ