ექვსი თვე გავიდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან, დავით სარალიძის მკვლელი კი, ამ დრომდე უცნობია" />

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია მოჰყვა

ექვსი თვე გავიდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან, დავით სარალიძის მკვლელი კი, ამ დრომდე უცნობია

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე  განაჩენი გამოიტანა.

ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშავედ სცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, თუმცა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლეს. ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და იგი სარალიძის არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მოზარდების მკვლელობიდან ექვსი თვის თავზე, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არის დამნაშავე დავით სარალიძის მკვლელობაში.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მთავარი პრეტენზია პროკურატურასთან აქვს – სარალიძე უკვე რამდენიმე თვეა აცხადებს, რომ პოლიციამ ყველა დამნაშავე არ დააკავა. ის პროკურატურას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს, რადგან საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი – მირზა სუბელიანია.

“სასამართლომ ფაქტობრივად დაადასტურა რასაც ვამბობდი – ჩემი შვილი მკვდარია, მაგრამ მკვლელი არ არის. პროკურატურამ ხელი დააფარა დამნაშავეს”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

იგივეს ამბობენ სარალიძის ადვოკატები. მათი თქმით, სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, დაადასტურა პროკურატურის მუშაობის კრახი.

“სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე გარეთაა”, – აცხადებს ადვოკატი.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ჯერ საქალაქო სასამართლოს, შემდეგ კი პროკურატურის შენობასთან ასობით ადამიანი მივიდა. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც.

სარალიძე მთავარი პროკურორის – ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს.

ფოტოები: საზოგადოებრივი მაუწყებელი

საკითხის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტშიც. “ევროპულმა საქართველომ” სპეციალური კომისიის შექმნა და პარლამენტში შოთაძის დაბარება მოითხოვა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.


ასევე წაიკითხეთ