წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა

ტურისტები ბათუმის ცენტრში განდაგანას ცეკვავდნენ და თოფიდან ისროდნენ

როცა შენ ვერ მიდიხარ სოფელში, სოფელი მოდის შენთან.  ასე მოხდა ბათუმში. ერთი დღით ეს ზღვისპირა ქალაქი აჭარულ, კოხტა სოფლად გადაიქცა – დაიხუნძლა საშემოდგომო ნობათით, გაცოცხლდა მივიწყებული ტრადიციები და ახმიანდა უნიკალური აჭარული ფოლკლორი.

ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” ნამდვილი დღესასწაული აღმოჩნდა.

ქალაქის ცენტრში დაიდგა 150 წლის ნალია, რომელიც მაჭახელას ხეობიდან ჩამოიტანეს და მას თან პატრონი – ნოე ბაბუც ჩამოჰყვა; სოფელ ხიხაძირში დამზადებული “მდნარი ყველი”, ტკბილეული “სუფთჰალვა”, მაჭახელას “ლუდის ყველი”, ქობულეთის ნატურალური თაფლი; ქედაში, შერვაშიძეების მარანში დამზადებული ვარდისფერი ჩხავერი; იქვეა მერიკო ბებოც, რომელიც ზამთრისთვის წინდებსა და თბილ ტანსაცმელს ქსოვს და ჰასან ბაბუ, რომელიც სტუმრებს თამბაქოს მომზადების ტრადიციულ მეთოდს ასწავლის.

გამოქვეყნებულია: 8.11.2016

 


ასევე წაიკითხეთ