მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, წერილებს სწერს მათ, ვინც საპყრობილის კედლების მეორე მხარეს ცხოვრობს" />

წერილები საპატიმროდან: თავისუფლება, პატიმრობა და ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს საკითხი ეხება

მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, წერილებს სწერს მათ, ვინც საპყრობილის კედლების მეორე მხარეს ცხოვრობს

ანასტასია ლოგვინენკოს ნახატი
“წერილები საპატიმროდან”  JAMnews-ის ახალი პროექტია. ყველაფერი დაიწყო რედაქციაში შემოსული  წერილით, რომლის ავტორსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. უკვე 23 წელია, რაც იური სარქისიანი ციხეშია. მას სურდა, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. იურის  მიაჩნია, რომ საზოგადოებას  უნდა ესმოდეს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც საპატიმროებში ცხოვრობენ.  ჩვენ მას დავეთანხმეთ და ასე შეიქმნა ეს პროექტი.
ეს მისი პირველი წერილია. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართვას სხვა ტექსტებიც მოჰყვება

იური სარქისიანის პირველი წერილი

 სომხეთის ციხეებსა და ბანაკებში ხუთი ათასამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს. კანონის ზღვარზე მდგომი ადამიანების რაოდენობა კი ამ რიცხვს რამდენიმე ათეულით აღემატება. ყურადსაღებია ის, რომ ჩვეულებრივი ადამიანის დამნაშავედ გადაქცევის პროცესს მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რა შედეგები მოაქვს მის მიერ შექმნილ სიტუაციას და კარგად იცნობს იმ პირებს, რომლებსაც  ჩიხში იმწყდევს.

მაგრამ სახელმწიფო მოღვაწეების ინტერესები საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დგას. ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც! შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარემოებები ადამიანს ამ შეცდომის დაშვებისკენ უბიძგებს. ოდესღაც პენიტენციალური სისტემის ობიექტებს „შრომითი-გამასწორებელი დაწესებულებები“ ერქვა.

დღეს შრომითი და გამოსწორებითი ფუნქცია მხოლოდ უშუალოდ მსჯავრდებულს ეკისრება. ზედამხედველები  ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ასეთი ვითარების შენარჩუნებას და ამიტომ, პატიმრებს დაბრკოლებებს უქმნიან, ხელს უშლიან პრობლემების დაძლევაში, რაც პატიმრების ნებისყოფას ამტკიცებს და, ამავდროულად, არაპროგნოზირებადი რეაქციის პროვოცირებას ახდენს. ზოგი კედელს ურტყამს თავს, სხვები კი სტრესს ვერ უძლებენ და სუიციდს მიმართავენ, თავებს ისახიჩრებენ, ან გიჟდებიან. ციხეში ადამიანს გადარჩენისთვის ისეთივე უნარები სჭირდება, როგორიც თავისუფლებაზე ყოფნის დროს.

ციხეში ადამიანს გადარჩენისთვის ისეთივე უნარები სჭირდება, როგორიც თავისუფლებაზე ყოფნის დროს

ოცდასამი წლის წინ სიკვდილი  მომისაჯეს. ჩემი ცხოვრება თვალის დახამხამებაში შეიცვალა. ძალიან ბევრი ასეთი ისტორია შეიძლება გავიხსენოთ – ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ, გარკვეულ სიმაღლეებს აღწევენ და… ქვევითკენ მიექანებიან. ციხის მეხუთე სართული იმ პატიმრებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

ე.წ. მკვლელების ასეულში სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლები გვხვდებიან. – გლეხები, ჯარისკაცები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და უნივერსიტეტის მასწავლებელი. ამ ადამიანებს შორის რამდენიმე მანიაკი, სამი ტერორისტი და ათიოდე „ჭიპმოჭრილი კრიმინალიც“ მოიძებნება.

ყველას ერთნაირი სასჯელი მიუსაჯეს და ყველას ერთნაირი პერსპექტივა აქვს. კანონის წინაშე თანასწორობამ, მოსამართლეების ჭკვიანურმა სახეებმა და აღმსრულებელთა დაუფიქრებელმა სიბეჯითემ შანსი არავის დაუტოვა. ადამიანები ეფემერულ იმედებს ებღაუჭებიან, შემდეგ კი სხვა ილუზიებს ეპოტინებიან… ბოლომდე იცავენ საკუთარ თვალსაზრისს – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

სიკვდილმისჯილთა ნახევარი უკვე დაიღუპა. თუმცა, ტყვიით არ დახოცილან. როდესაც რეალობა ბნელ გვირაბს ემიჯნება, ადამიანები თვალებს ხუჭავენ ხოლმე. მათ მოვლენების ბუნებრივი განვითარება აღარ აწყობთ და ზებუნებრივს მიმართავენ.

ხშირად პერსონალი პატიმრების რელიგიურობას დასცინის და აგდებით საუბრობს იმაზე, რომ მსჯავრდებულები კლასიკური მუსიკითა და ფილოსოფიით ინტერესდებიან ხოლმე. ცინიკოსები ვერ ხვდებიან, რომ ამაღლებულისა და მშვენიერისკენ სწრაფვა თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. როდესაც ადამიანს ფეხქვეშ მიწას აცლიან, იგი ზეცისკენ მიისწრაფის.

ცხოვრება ცხოვრების წილ. ორმოცდაათი წლის ვარ. მაშინ ოცდაექვსი წლის ვიყავი. ასეთი ფასი ბევრმა პატიმარმა გადაიხადა. ეს მხოლოდ პატიმრობის წლები არაა. მე ის სამყარო დავკარგე, რომელშიც ვცხოვრობდი. ციხის საკნის სარკმლიდან ცა მოჩანს და ვხედავ ვარსკვლავებს, რომლებიც ყოველთვის უცვლელად კიაფობენ. თითქოს სამყაროც არ შეცვლილა, მაგრამ ეს ასე არ არის. თანდათანობით ყველაფერი მარადისობაში ინთქმება – ნივთები ნადგურდება, ადამიანები იხოცებიან…

როდესაც ადამიანი სხვისი უბედურების მიზეზი ხდება, იგი იწყევლება. ამ ადამიანმა კარგად იცის, რატომაც იწყევლება. და ნანობს. გამორიცხულია, არ ნანობდეს. ეს სიტუაცია სულაც არ არის ერთმნიშვნელოვანი. ყველამ იცის ციხეებისა და მათი ბინადრების არსებობის შესახებ. ეს სისტემა არამხოლოდ დამნაშავეთა იზოლაციის, არამედ  დანარჩენების დაშინების საშუალებაცაა. ამიტომ იქ მომხდარი კანონდარღვევები დროდადრო მასმედიის საშუალებით შუქდება ხოლმე.  

ხელისუფლებას მხილების არ ეშინია. მათთვის ასეთი მასალების გასაჯაროვება  ძალიან მნიშვნელოვანი და ცალსახად აუცილებელია. თუმცა, ეს ყველაფერი სხვანაირად წარმოჩინდება ხოლმე. ესაა აშკარა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ორი კურდღლის ერთი გასროლით მოკვლა – შიში ადამიანის ნების პარალიზებას ახდენს, დუმილი კი თანხმობის ნიშნად აღიქმება. საკუთარი საქციელის გამართლებასაც მმართველი კლასისგან იღებენ – ხელისუფლების წარმომადგენლები პატიმრებს გამოუსწორებელ არამზადებად წარმოაჩენენ. დამშვიდებული სინდისით, საკუთარ პასუხისმგებლობაზე ფიქრის გარეშე ცხოვრება კი იმდენად რთული აღარ არის.

ასეთი ბერკეტებით იმართება ბრბო, რის გამოც ეს უკანასკნელი სახელმწიფოს მიერ პიროვნების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის თანამონაწილე ხდება.  სისტემის ცინიზმი ამით არ შემოიფარგლება. ხელისუფლება ხვდება, რომ როდესაც პატიმარს სატუსაღოს მეორე მხარეს მომხრეები ჰყავს,  ციხის კედლები და ბადრაგი საკმარისად სანდო ინსტრუმენტებად აღარ გამოიყურება ხოლმე და ამიტომ  ხელისუფლება ამ პრობლემასაც აგვარებს.

პატიმარს მის ნათესავებზე უფრო გულმოდგინე ზედამხედველი არ ჰყავს და არც ჰყოლია ოდესმე. ისინი სიმართლითა და ტყუილით იცავენ მას –  საკუთარი შიშებით ხელ-ფეხს უკრავენ და ამ გზით გადამწყვეტი მოქმედებებისგან აზღვევენ –  ეს „კედლები“ კი საფლავის ქვასავითაა…

იმ შორეულ, 90-იან წლებში მომხდარის გაანალიზების პირველი მცდელობების შედეგად დავასკვენი, რომ უბრალოდ მოვლენები დაემთხვა ერთმანეთს ცუდად. ვფიქრობდი, რომ უბრალოდ არასწორ დროსა და ადგილზე აღმოვჩნდი, და მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და არც წინასწარაა განსაზღვრული ცხოვრება. ყველაფერი ადამიანის ხელშია.

მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო… ჩემი ბავშვობა, მოზარდობა და სიჭაბუკე არაფრით გამოირჩეოდა სხვა ადამიანების ბიოგრაფიებისგან, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ და კომუნისტურმა პარტიამ რუდუნებით გამოზარდა. მადლიერების გრძნობით ვიყავით განმსჭვალულნი ჩვენი ბედნიერი ბავშვობის გამო, ბრძოლაში ჩართვას ვლამობდით და სიკვდილისშემდგომი დიდების მოსახვეჭადაც მზად ვიყავით ნებისმიერ პრობლემას შევწირვოდით. უბრალოდ, არჩევანის გაკეთების საშუალება არ გვქონდა.

ჯარში სამსახურმა  ეს რამდენადმე გაანელა. შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დაშლამაც თავისი როლი ითამაშა.  სავარაუდოდ, მე და ჩემს ჯარის მეგობარს დანაშაულის ჩადენა აზრადაც არ მოგვივიდოდა, ასე ცხადად და შემაწუხებლად რომ არ წარმომდგარიყო ჩვენ წინაშე.

მაშინ ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი და პარალელურად, მცირე ბიზნესის სფეროში ვმუშაობდი შუამავლად. სხვების „გათხრილ“ „ორმოებს“ ვავსებდი, ადამიანებს ერთმანეთთან ვაკავშირებდი და ასე ვშოულობდი ფულს. ეს ბევრს არ მოსწონდა: მაგარი ბიჭები გამოჩნდნენ და ამის თანმდევი პრობლემებიც წარმოიშვა. ორგანიზაცია დაიშალა და ჯარის მეგობრობაც დასრულდა. შემდეგ კი სხვა ყველაფერიც დამთავრდა.

მკვლელობას ვერც ახსნი, და ვერც გაამართლებ – და ვერც გექცევი ამ ყველაფერს. ექვსთვიანი ხეტიალისა და მალვის შემდეგ დამაპატიმრეს. 96-ში სომხეთის  უზენაესმა სასამართლომ სიკვდილი მომისაჯა, 2003 წელს კი პრეზიდენტმა სასჯელი სამუდამო პატიმრობით შემიცვალა…

ჩვენ, ცოცხლად დამარხული ადამიანები, ვცდილობთ, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ არ დავხოცილვართ. ვაცხადებთ, რომ ოჯახები, ცოლები და შვილები გვყავს და ოცნებები გვაქვს. ვცდილობთ, რამე მაინც გამოვასწოროთ – გარესამყაროში თუ არა, საკუთარ თავში მაინც. რკინაბეტონის კედლებსა და გაუცხოებული ადამიანების გარემოში ათეულობით წელიწადს ვატარებთ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ