კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსებისთვის ვიზებს გაამარტივებენ" />

ჩრდილოეთ კორეა რუს ტურისტებს ეპატიჟება

კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსებისთვის ვიზებს გაამარტივებენ

ადამიანები გათავისუფლების დღეს ზეიმობენ. ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა, 2015 წლის აგვისტო.  REUTERS/ იური მალცევი

როგორ გამარტივდება ტურიზმის საკითხი? 

კომპანია NKOREAN რუსეთიდან ჩასულ ტურისტებს დაეხმარება, რომ ჩრდ. კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩასასვლელი ვიზები სამ-ხუთ დღეში მიიღონ. ადრე ეს პროცესი დაახლოებით ორ-სამ კვირას იკავებდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საელჩოს მრჩეველმა კიმ სენ ხუნმა  განაცხადა.   

რუსეთის ტურისტული სააგენტოების კავშირის პრეზიდენტმა სერგეი გოლოვმა ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლად გახსნილ ტურისტულ სააგენტოზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან რუს მომხმარებლებს შორის კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობის მიმართ დიდი დაინტერესება არსებობს.

მან პირობა დადო, რომ კავშირი NKOREAN-ს საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს.

რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის მონაცემებით, 2016 წელს  ჩრდილოეთ კორეაში 423-მა რუსმა ტურისტმა იმოგზაურა.

ტურიზმის შედეგები

სულ ახლახან აშშ-ის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამგზავრება აუკრძალა. ეს მოხდა ამერიკელი სტუდენტის დაღუპვის შემდეგ, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში 15-წლიანი შრომა-გასწორებითი სამუშაოები ჰქონდა მისჯილი.  

ოტო უორმბირი ჩრდილოკორეულ ციხეში 2016 წლის მარტიდან 2017 წლის ივნისამდე იხდიდა სასჯელს, მას პროპაგანდისტული პლაკატის მოპარვისთვის 15 წელიწადი მიუსაჯეს. სავარაუდოდ, ამის შემდეგ უორმბირი მალევე კომაში ჩავარდა, და აი, ივნისში ის სამშობლოში დააბრუნეს – ამერიკელი სტუდენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამერიკელმა ექიმებმა უორმბირს ასეთი დიაგნოზი დაუსვეს: „მძიმე ნევროლოგიური ტრავმა“.

ახლა პრაქტიკულად ყოველდღე, ორივე მხრიდან – ჩრდილოკორეული და ამერიკული მხრიდან – უაღრესად აგრესიული გამონათქვამები გაისმის. ბოლო კვირებში ორივე ქვეყნის მეთაურის მიერ გამოყენებული რიტორიკა სულ უფრო მეტად ხდება მუქარის შემცველი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ თუ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ამერიკის ან მისი მოკავშირეების მიმართ იარაღს გამოიყენებს – აშშ ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ტრამპის ეს სიტყვები ომის ღიად გამოცხადებად აღიქვა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა „საპასუხოდ უსასტიკეს ზომებს“ მიიღებს.

ტურიზმის  შესაძლებლობები

რუსეთში ჩრდილოეთ კორეის საელჩოს წარმომადგენლები პერიოდულად ატარებენ  პრესკონფერენციებს, სადაც აცხადებენ, რომ  კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში კანონმორჩილ ტურისტებს არაფერი ემუქრებათ – უბრალოდ, იქ ყოფნისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა.

კერძოდ:

  • ჩრდილოეთ კორეაში ტურისტებს ადგილობრივი გიდის თანხლების გარეშე თავისუფლად გადაადგილების უფლება არ აქვთ;
  • აკრძალულია ლაპარაკი სიღარიბეზე, სიკვდილსა და გაყრაზე;
  • აკრძალულია ადგილობრივ მოქალქეებთან ხანგრძლივი დიალოგის გაბმა;
  • ჩრდილოკორეელებისთვის ფოტოს გადაღება შესაძლებელია მხოლოდ მათი თანხმობით.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ