დეპუტატთა ჯგუფი ცდილობს დაისაჯონ იუსტიციისა და შს მინისტრები პატიმრების სასტიკად ცემის გამო. პრეზიდენტი მინისტრების მხარესაა. ყველა დეტალი" />

შეიძლება თუ არა პატიმრების ცემა? ცხინვალის გამოცდილება

დეპუტატთა ჯგუფი ცდილობს დაისაჯონ იუსტიციისა და შს მინისტრები პატიმრების სასტიკად ცემის გამო. პრეზიდენტი მინისტრების მხარესაა. ყველა დეტალი

ცხინვალში ხმაურიანი სკანდალი აგორდა. პარლამენტის 34-დან 20-მა დეპუტატმა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადება და მათი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. ეს მას მას შემდეგ მოხდა, რაც ციხეში პატიმრების სასტიკად ცემის კადრები გამოქვეყნდა.

Избиение заключенных в ИВС МВД РЮО

Posted by Сослан Бибилоа on სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019

პარლამენტის სპიკერის, ალან ტადტაევის სახელზე გაგზავნილ მიმართვას ხელი მოაწერეს – დეპუტატებმა „ხალხთა ერთობიდან“, „სახალხო პარტიიდან“ და „ნიხასიდან“, ასევე, მაჟორიტარმა დეპუტატებმა.

თუმცა, პარლამენტის პრეზიდიუმმა მხარი არ დაუჭირა მიმართვაზე ხელმომწერ დეპუტატებს. 24 ოქტომბერს, სპიკერმა უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე და დეპუტატებს შესთავაზა, „გაიარონ საკუთარი მოთხოვნის გაფორმების ყველა სამართლებრივი ეტაპი“.

„ამის შემდეგ, საკითხი შესაძლოა შევიდეს პარლამენტის დღის წესრიგში“, – განაცხადა ალან ტადტაევმა.

•ცხინვალი: რატომ გამოიწვია რუსული საბაჟოს ახალმა წესებმა მოსახლეობის პროტესტი

როგორ აფინანსებს რუსეთი სამხრეთ ოსეთის საშუალებით აღმოსავლეთ უკრაინას, სადაც ომი მიმდინარეობს

რა მოხდა ციხეში 

ყველაფერი 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. გამოსასწორებელ კოლონიაში მყოფმა პატიმრებმა ხელი მოაწერეს პარლამენტისადმი მიმართვას, რომელშიც საუბარი იყო სერიოზულ დარღვევებზე. ისინი ჩიოდნენ საშინელ საჭმელზე, ანტისანიტარიაზე, ასევე კამერებში ნესტსა და იმაზე, რომ ზოგიერთ ადგილას პატარა სარკმელიც კი არ იყო.

ეს საჩივრები კოლონიიდან და პატიმრების ნათესავების მხრიდან წლების განმავლობაში ისმოდა.

სამხრეთი ოსეთი: „ციხეში სამედიცინო შემოწმებას არ გავდივართ, რადგან ჩვენი ექიმები სამსახურიდან გაუშვეს“

პარლამენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში, პატიმრები დეპუტატებს სთხოვდნენ მოენახულებინათ ისინი კოლონიაში და დახმარებოდნენ პრობლემების გადაჭრაში. თუმცა, მათთან არავინ არ მისულა.

ამის შემდეგ, 28 სექტემბერს, კოლონიისა და საგამოძიებო იზოლატორის პატიმრებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.

ამას მოჰყვა იუსტიციის მინისტრის პასუხი – მაგრამ არა ისეთი, როგორსაც პატიმრები და მათი ოჯახები ელოდნენ. მინისტრმა მკვეთრად გაამკაცრა ნათესავებისგან პროდუქტების გადაცემის რეჟიმი. ახალი წესებით, იზოლატორში პროდუქტების გადაცემა შესაძლებელი გახდა მხოლოდ თვეში ერთხელ, კოლონიაში კი – საერთოდ, მხოლოდ ორ თვეში ერთხელ. ამავდროულად, გადაწყვიტეს პატიმრები დაესაჯათ. რამდენიმე მათგანს, ვინც შიმშილობა გამოაცხადა, სასტიკად სცემეს. შემდეგ ისინი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.  კოლონია და საგამოძიებო იზოლატორი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. დროებითი დაკავების იზოლატორზე კი პასუხისმგებელი შსს-ა.

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა შიმშილობასა და ცემაზე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაწერეს – როდესაც სოციალურ ქსელებში ხმაური ატყდა და პარლამენტის სპიკერმაც დაადასტურა, რომ პატიმრებმა დაკავების პირობებთან დაკავშირებით საჩივრებით მიმართეს.

მაშინ სპიკერმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დაკავდებოდა ამ საკითხით და კომიტეტის თავმჯდომარე მოინახულებდა პატიმრებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, აცამაზ ბიბილოვმა მართლაც მოინახულა პატიმრები და პირობების გაუმჯობესება აღუთქვა.

დაპირდა, რომ ამანათებს შეზღუდვების გარეშე მიიღებდნენ. გასეირნების დრო გაიზრდებოდა, ისევე, როგორც პაემნების რაოდენობა: საერთო რეჟიმის კოლონიის პატიმრებისთვის წელიწადში 12-მდე, მკაცრი რეჟიმის პატიმრებისთვის კი წელიწადში 9-მდე.

გარკვეული დაპირებები შესრულდა კიდეც – მაგრამ სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა. 

კოლონიაში გარდაიცვალა პატიმარი, 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი, რომელიც გასამართლებული იყო ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, მარეკ დუდაევის მკვლელობისათვის.

• მარეკ დუდაევი, კონფლიქტის ცნობილი სახე, მსხვერპლი, ყაჩაღი და რობინ ჰუდი ერთად

ექიმების დადგენილებით, კაზიევის სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა. ციხის ადმინისტრაცია ასევე ამტკიცებდა, რომ შიმშილობა არ იყო სიკვდილის მიზეზი და წარმოადგინა კადრები, სადაც ჩანდა, როგორ ჭამდა წინა დღეს კაზიევი სასადილოში.

თუმცა, კოლონიაში პროტესტი მატულობდა და პატიმრები უარს აცხადებდნენ შიმშილობის შეწყვეტაზე. მაშინ გადაწყდა, რომ ძალით შეეჩერებინათ აქცია.

2 ოქტომბერს, კოლონიასა და საგამოძიებო იზოლატორში სპეცრაზმი შევიდა – რომელსაც იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რამდენადაც ეს დაწესებულებები იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება, სპეცრაზმი კი – შსს-ს.

იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევას პირადი განკარგულებით, ცდილობდნენ პროტესტის მონაწილეები ძალით გამოეკვებათ ფაფით. მათ, ვინც უარს ამბობდა, ისე მაგრად სცემდნენ, რომ ზოგიერთის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სოციალურ ქსელში დაასახელეს იგორ ჩეხოევისა და სოსლან პლიევის სახელები.

რამდენიმე პატიმარმა პროტესტის ნიშნად ვენა გადაიჭრა.

დაშინების აქციას პირადად დაესწრო იუსტიციის მინისტრი, ზალინა ლალიევა.

კონფლიქტი მინისტრებსა და დეპუტატებს შორის 

მომხდარმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. შედეგად, დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ არ შეეძლოთ გვერდზე დარჩენა და იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევასა და შს მინისტრის, იგორ ნანიევის გადაყენება მოითხოვეს.

და ამის შემდეგ, სკანდალმა კოლონიის კედლები დატოვა და კონფლიქტის მონაწილე მხარეები გახდნენ, ერთი მხრივ დეპუტატების ჯგუფი და მეორე მხრივ – სპიკერი, დანარჩენი დეპუტატები, მინისტრები და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი.

20 დეპუტატის მოთხოვნა მინისტრებისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებაზე უარყოფილია არასწორი იურიდიული ფორმით რეგისტრაციის გამო“, – განუცხადა ჟურნალისტებს კანონმდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ალან გაბათმა.

მისი განმარტებით, თავდაპირველად მინისტრებმა ანგარიში უნდა ჩააბარონ პარლამენტს ერთი წლის მუშაობის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაწყდეს, მათი სამუშაო არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს თუ არა.

მაგრამ მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ არაფერი მსგავსი საჭიროება არ არსებობს და კანონმდებლობის თანახმად, ინიციატივა შეიძლება პირდაპირ სესიაზე გავიდეს, პრეზიდიუმის დამტკიცების გარეშე.

მიმართვაზე ხელმომწერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ შს და იუსტიციის მინისტრებმა გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას და დაარღვიეს კანონი, რის გამოც, თანამდებობები უნდა დატოვონ და მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

მინისტრებს მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა. ის კატეგორიულად უარყოფს მათ ბრალს. მათ შორის, ამტკიცებს, რომ იუსტიციის მინისტრი ლალიევა არ ესწრებოდა პატიმრების ცემას.

თავად ლალიევა აგრძელებს მტკიცებას, რომ პატიმრების მოთხოვნები დაუსაბუთებელი იყო. საკუთარ გადაწყვეტილებასა და სპეცრაზმის მოქმედებას ის კანონიერად მიიჩნევს. დეპუტატების უმრავლესობა კი კვლავ იუსტიციის მინისტრ ზალინა ლალიევასა და შს მინისტრ იგორ ნანიევის უკანონო ქმედებებზე საუბრობს.

გარჩევა გრძელდება სოციალურ ქსელებში. 

ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ოსურ ჯგუფში ALANTAE, ძირითადად, მხარს უჭერენ მინისტრების გადაყენების მოთხოვნას. 

სახასიათო კომენტარები: 

„ეს რა არის, ფაშიზმი? როგორ შეიძლება ასე დაცინო საკუთარ თანამემამულეს? ყველა უნდა გაასამართლო!“

„სამოქალაქო ომი დაიწყო?! ესენი ოსები არიან? ესენი არ შემდგარი ადამიანები არიან, ერის სიმახინჯეები! და ასეთები, არც ისე ცოტანი არიან!“

„პატიმრები საკუთარი ქმედების გამო სასამართლომ უკვე გაასამართლა, აი, სასჯელსაც იხდიან. მათი ცემისა და ასე მოქცევის უფლება კი არავის არ აქვს!“

თუმცა, არის სპეცრაზმის ქმედების მხარდამჭერი განცხადებებიც.

სახასიათო კომენტარები

„თქვენ ყველაფერი შიგნიდან იცით? ყველა სამუშაოს აქვს თავისი საფასური, ძალადობა ცუდია – მაგრამ ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს, ვიდრე დამნაშავეებზე წუხილია“.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ