საფრანგეთის შს მინისტრის თქმით, თავშესაფრის მოთხოვნებმა შესაძლოა უვიზო მიმოსვლას პრობლემა შეუქმნას " />

ფრანგი ოფიცრები საქართველოს აეროპორტებში? საქართველო უკანონო მიგრაციის შესამცირებლად ზომებს მიიღებს

საფრანგეთის შს მინისტრის თქმით, თავშესაფრის მოთხოვნებმა შესაძლოა უვიზო მიმოსვლას პრობლემა შეუქმნას

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ქვეყნებს შორის მთავარ გამოწვევად საქართველოდან გაზრდილ უკანონო მიგრაციას ასახელებს. მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა მომავალში საქართველოს “ევროპასთან თავისუფალი წვდომის” შეზღუდვის საკითხი დადგეს. ამის თავიდან ასაცილებლად საქართველო მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახურების ოფიცრები დაუშვას.

თავშესაფრის მაძიებლები – მთავარი პრობლემა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც ომი არ არის, ამიტომ ამ რაოდენობით თავშესაფრის მაძიებლების ჩამოსვლა საქართველოდან მიუღებელი და “საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია”.

“თუ ამაზე არ ვიმუშავეთ, ხვალ შეიძლება საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან“, – განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

• სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის

• თავშესაფრისთვის ევროპაში – რა ემუქრება უვიზო რეჟიმს

მისი თქმით, მას უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე არ უსაუბრია, რადგან თანამშრომლობა საქართველოსთან გრძელდება, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არსებობს.

საფრანგეთში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად “კონკრეტული გეგმა” გააჩნია.  

მან ასევე აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი იყო.

დაახლოებით 2 წელია, საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 400 000-ზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში, მათ უმრავლესობას კი არანაირი კანონი არ დაურღვევია. მათი სრული უმრავლესობა დაბრუნდა და საქართველოში უფრო მეტი ევროპა მოიტანეს, ისევე, როგორც მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ”, – აღნიშნა შს მინისტრმა.

მისი თქმით, “უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ამ მიღწევის შენარჩუნება”.

ფრანგი ოფიცრები საქართველოში

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, საფრანგეთთან მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მიგრაციის კონტროლის მიზნით საქართველოს საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები საფრანგეთში იმუშავებენ, ხოლო საფრანგეთის შესაბამისი სამსახურის – საქართველოში.   

“საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან საფრანგეთში, იმ ქალაქებში, სადაც იქნება პირდაპირი ფრენები”,  – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამგვარი ღონისძიებები საჭიროა იმ რისკების პრევენციისთვის, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნებს უკავშირდება.

2019 წლის აპრილიდან მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს ავსტრიასთან – ქუთაისის აეროპორტიდან ვენამდე ახალი რეისის დანიშვნის შემდეგ აეროპორტში საქართველოდან ამ მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) წარმომადგენლები ამოწმებენ.

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა

2019 წლის იანვარში საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 920 შეადგინა. 2018 წლის იანვრის პერიოდთან შედარებით ეს მაჩვნებელი გაორმაგებულია, ხოლო 2017 წლის პირველ თვესთან შედარებით, როდესაც უვიზო რეჟიმი ჯერ არ მოქმედებდაგაოთხმაგებული.

ამჟამად საფრანგეთი ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის ნომერ პირველი დანიშნულების ადგილია. მეორე ადგილზე გერმანიაა, სადაც 2019 წლის იანვრის მონაცემებით თავშესაფარს 550 ქართველი ითხოვს. გერმანიასთან მიმართებაში შეინიშნება კლება: 2018 წლის იანვარში თავშესაფარს 755 ქართველი ითხოვდა.

ევსროსტატის მონაცემებით,2018 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 17 980 მოქალაქე იყო, რაც თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 3 პროცენტია. ეს ციფრი 11 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2017 წელს იყო.

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა შორის საქართველოს მოქალაქეებმა მე-10 ადგილი დაიკავეს. საფრანგეთში, ირლანდიაში, ჩეხეთში, დანიაში და ლიხტენშტეინში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მაძიებელთა პირველ სამეულში იყვნენ.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს  – ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი წინა წელთან შედარებით 35 %-ით იყო გაზარდილი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ