საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ასეთ დასკვნამდე მივიდა" />

“უკრაინის აღმოსავლეთით სამგზავრო ბოინგი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო” – საგამოძიებო ჯგუფის საბოლოო დასკვნა

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ასეთ დასკვნამდე მივიდა

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც უკრაინის თავზე 2014 წელს მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მუშაობს, პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის გამოძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვილბერტ პაულისენმა განაცხადა, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი“, რომლიდანაც ბოინგის ჩამომგდები რაკეტა გაუშვეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

საგამოძიებო ჯგუფმა „ბუკის“ წარმოშობის დადგენა მის ხელთ არსებული ფოტოებითა და ვიდეოჩანაწერებით შეძლო. ჯგუფის შემადგენლობაში მყოფმა ჰოლანდიელმა, ავსტრალიელმა, მალაიზიელმა, ბელგიელმა და უკრაინელმა გამომძიებლებმა გამოავლინეს, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს რიგი სახასიათო ნიშან-თვისება აქვს. ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ „ბუკი“ რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე საზენიტო ბრიგადის კუთვნილებაა.

პაულისენმა თქვა, რომ საგამოძიებო ჯგუფს იმ დასკვნის დამადასტურებელი ბევრი მტკიცებულება აქვს, რომლამდეც მივიდა, თუმცა ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ის მათ არ გაასაჯაროებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებული ბოინგის საქმეზე ეჭვმიტანილთა სია რამდენიმე ათეულ ადამიანამდე შემცირდა. მათი ვინაობა არ სახელდება, რადგან ამან შესაძლოა ძიების მსვლელობას ზიანი მიაყენოს.

2014 წლის 17 ივნისს დონბასის თავზე მალაიზიური სამგზავრო ლაინერი ბოინგ 777 ჩამოვარდა. მის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. რაკეტის გაშვება სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი რაიონიდან მოხდა. რუსეთი ამ ინციდენტთან საკუთარ კავშირს კვლავ უარყოფს.


ასევე წაიკითხეთ