ზღვიდან მომავალი კანალიზაციის სუნის მიუხედავად, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჯერჯერობით სანიტარული ნორმები წესრიგშია " />

ტურისტული სეზონის ცუდი დასაწყისი აფხაზეთში – საკანალიზაციო ნარჩენები ზღვაში ჩაედინება

ზღვიდან მომავალი კანალიზაციის სუნის მიუხედავად, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჯერჯერობით სანიტარული ნორმები წესრიგშია

აფხაზეთში, ზაფხულის მოახლოებასა და ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, ზღვის საკანალიზაციო ნარჩენებით დაბინძურების მხრივ სიტუაცია მძიმდება.

ჯერ კიდევ აპრილში გადაიწვა სადგურის ტუმბო, რომელიც საკანალიზაციო ნარჩენებს გამწმენდ ნაგებობაში უშვებდა. როგორც ქალაქის ადმინისტრაცია ამბობს, მისი გარემონტება სექტემბრამდე ვერ მოხერხდება.

პრობლემის დროებითი გადაწყვეტის გზა, ნარჩენების პირდაპირ ზღვაში ჩაშვება გახდა. თუმცა, მილის გავლით, რომელიც საკანალიზაციო ნარჩენებს ზღვაში, ნაპირიდან 150 მეტრის დაშორებით უშვებს.

სოხუმის მერი, ადგურ ხარაზია ამბობდა, რომ წყალი „წყლის ცვლილებით თვითონ იწმინდებოდა“.

თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები ამბობენ, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში სოხუმის სანაპიროზე კანალიზაციის სუნია.

სოხუმი, ივნისი 2019, JAMnews

ონლაინგამოცემა „ეხო კავკაზამ“ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა:

„გავიგეთ, რომ ტუმბო გაფუჭდა, წყალი ძალიან ჭუჭყიანია და მთელი ნარჩენები ზღვაში ჩაედინება. ამიტომ სიფრთხილით ვეკიდებით ამ სიტუაციას. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ინფექცია არ შეინიშნება“.

„ზღვის წყლის ხარისხის შეფასება ძალიან რთულია… ვიზუალურად ხანდახან ჩანს, რომ რაღაც დაცურავს. პლაჟები უნდა გაიწმინდოს. ვიღაც პლაჟის ნაწილს არენდით იღებს და იმ ადგილს ასუფთავებს, მაგრამ გარშემო ყველაფერი მიგდებულია“.

„სიფრთხილით მოვეკიდებით, მაგრამ არ მგონია, რომ ეკოლოგიური კატასტროფაა, მინდა ასე მჯეროდეს“.

„ხანდახან მოდიხარ ზღვასთან და რაღაც სუნს გრძნობ. ამიტომ მგონია, რომ ეკოლოგიასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვაქვს“.

სააგენტო „აბხაზია ინფორმი“  წერს, რომ სოხუმის გამწმენდი ნაგებობა ქალაქიდან 13 კილომეტრშია. ის ძალიან დაზიანდა ომის დროს, 1990-იანი წლების დასაწყისში, რის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა.

2016 წლამდე, ქალაქიდან საკანალიზაციო ნარჩენები პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა სპეციალური მილის გავლით, ნაპირიდან 100 მეტრის დაშორებით.

2016 წლის ზაფხულში, რუსეთის დაფინანსებით ახალი გამწმენდი ნაგებობა აშენდა, რომელიც ყოველდღიურად 30 ათასამდე კუბომეტრ ნარჩენ წყალს ატარებდა.

ქალაქის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სიტუაცია სახიფათო არ არის.

„მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, როდესაც გამწმენდ ნაგებობაზე ავარიისას, დაშვებულია ნარჩენების ზღვაში, ღრმად გაშვება. ზღვა – ეს ისეთი ადგილია, სადაც ყველაფერი გადამუშავდება“, – ამბობს სოხუმის მერი ადგურ ხარაზია.

სოხუმის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ალა ბელიაევამ ასევე განაცხადა, რომ „სიტუაციას ჯერჯერობით კრიტიკული დონისთვის არ მიუღწევია“. თუმცა, ზაფხულის სეზონისას რისკი მაინც არსებობს და სწორედ ამიტომ, მისი მტკიცებით, რეგულარულად იღებენ ზღვის წყლის სინჯებს.

„ზღვის წყალი ჯერჯერობით ცივია, მიკროორგანიზმები ისე ინტენსიურად არ მრავლდებიან… მაგრამ იმის გათვალისწინებით, ზღვა როგორ გათბება, ინფექციის გამოვლენის რისკი გაიზრდება. ბიოლოგიური მაჩვენებლების გაუარესების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია, პლაჟი დაიხუროს“, – განუცხადა ბელიაევამ სააგენტო „აბხაზია ინფორმს“.

 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ