სომხეთში იმპორტირებული ირანული ბუნებრივი აირი ამჟამად რუსულზე 30 დოლარით უფრო ძვირია " />

სომხეთი ირანულ ბუნებრივ აირს გაცილებით დაბალ ფასად შეისყიდის – ვარაუდობენ სომეხი ექსპერტები

სომხეთში იმპორტირებული ირანული ბუნებრივი აირი ამჟამად რუსულზე 30 დოლარით უფრო ძვირია

ფოტო: ვლადიმირ ივანოვი, REUTERS

სომხეთში ირანული ბუნებრივი აირის ბევრად დაბალ ფასად იმპორტირების საშუალება გაჩნდა. სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანსა და სომხეთს შორის ირანული ბუნებრივი აირის შესყიდვის თაობაზე გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია. ფასებთან დაკავშირებით ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი ცხადდება.

ამჟამად სომხეთში შემოსული ირანული ბუნებრივი აირის 1000 კუბომეტრი საზღვარზე 180 დოლარი ჯდება; ანუ, ირანული ბუნებრივი აირი რუსულზე 30 დოლარით უფრო ძვირია. ამავე დროს ირანული ბუნებრივი აირი ხარისხით რუსულს ჩამოუვარდება. ამიტომ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში  ყურადღება სწორედ ამ საკითხზე გამახვილდა.

„აშკარაა, რომ მოლაპარაკებების მთელი პროცესი ბუნებრივი აირის ფასების დაწევის გარშემო უნდა წარმართულიყო. ეკონომიკური თვალსაზრისით, ირანული ბუნებრივი აირის ახლანდელი ფასი სომხეთისთვის და ჩვენი საგაზო-სატრანსპორტო სისტემისთვის არცთუ მიზნშეწონილია. ასე რომ, იმედია, მოლაპარაკებების დროს ირანული ბუნებრივი აირის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს“, – ამბობს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვაგე დავტიანი.

სომხეთს ალტერნატივა არ გააჩნია

ახლახან გაისმა განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთში რუსეთიდან შემოსული ბუნებრივი აირის ფასი 2018 წლის ბოლომდე არ შეიცვლება. სომხეთის საზღვარზე რუსული ბუნებრივი აირის 1000 კუბომეტრი 150 დოლარი ღირს. ამავდროულად სომხეთის მოქალაქეები ბუნებრივ აირში თითქმის ორჯერ მეტს იხდიან. ეს კომპანია „გაზპრომ არმენიას“ გადაწყვეტილებაა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო „გაზპრომის“ კუთვნილება და სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის მიმწოდებელია.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი 150 დოლარად ყიდის ბუნებრივ აირს თავისივე კუთვნილ კომპანიაზე, რომელიც მას შემდეგ უფრო ძვირად ყიდის სომხეთის მოქალაქეებზე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანულ ბუნებრივ აირთან დაკავშირებითაც შეიძლება იგივე მოხდეს, რადგან ირანული ბუნებრივი აირი სომხეთში „გაზპრომის“ კუთვნილი რუსული მილსადენების საშუალებით შედის. შესაბამისად, ფასები ირანულ ბუნებრივ აირზეც რუსეთის „გაზპრომის“, ანუ რუსეთის მიერ დაწესდება, ყოველ შემთხვევაში – მისი თანხმობით.

„ირანული ბუნებრივი აირის იმპორტი არ შეიძლება, რომ  ალტერნატივად, რეალურ დივერსიფიკაციად განვიხილოთ.  მნიშვნელოვანია არა ბუნებრივი აირის წარმოშობა, თუ საიდაანაა ის, არამედ – მთავარია, თუ რომელი ქვეყნიდან ხდება მისი ექსპორტი. მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურა, რომლითაც მისი მოწოდება ხდება. ირანული ალტერნატივა შეუძლებელია, რადგან ირანული ბუნებრივი აირი სომხეთს „გაზპრომის ინფრასტრუქტურის საშუალებით“ მოეწოდება, და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ირანული ბუნებრივი აირის სომხეთში იმპორტთან დაკავშირებით ვიღებთ, მათ შორის რუსეთის თანხმობით მიიღება“, – ამბობს ვაგე დავტიანი.


ასევე წაიკითხეთ