მოკლე ექსკურსი ისტორიაში" />

სომხეთის სამი რესპუბლიკა ერთ საუკუნეში

მოკლე ექსკურსი ისტორიაში

28 მაისს სომხეთში რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ხალხში ხშირად პირველი რესპუბლიკის დღეს ეძახიან.

1918 წლის 28 მაისს გამოცხადებული სომხეთის რესპუბლიკა “პირველ რესპუბლიკად” ითვლება. შესაბამისად, საბჭოთა სომხეთს მეორე რესპუბლიკა დაერქვა, ამჟამინდელი სომხეთის რესპუბლიკა კი, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წლის რეფერენდუმის საფუძველზე გამოაცხადა, რიგით მესამე გახდა.

საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ფოტორეპორტაჟი

რა გააკეთეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ, როდესაც 100 წლის წინათ დამოუკიდებლები გახდნენ?

პირველი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის და მთავრობის შენობა

სომხეთის პირველი რესპუბლიკა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შედეგად შეიქმნა. იგი ომების დროს იშვა, “გაიზარდა” და მისი არსებობა ამავე პირობებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით შეწყდა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი

დამოუკიდებლობის შესახებ სასიხარულო ამბავი შეკრებილებს მთავრობის შენობის აივნიდან აცნობა სახელმწიფო და საზოგადოებრივმა მოღვაწემ, არამ მანუკიანმა.

“ახალ ვითარებაში, რომელიც ამიერკავკასიის პოლიტიკური კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა, სომხეთის ეროვნული საბჭო თავს უმაღლეს და ერთადერთ ხელისუფლებად აღიარებს სომხეთის ოლქებში”. ამ განცხადებით, რომელიც 1918 წლის 28 მაისს ტფილისში წაიკითხეს, ხოლო რამდენიმე დღეში ერევანშიც გაისმა, რეალურად, სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა.

არამ მანუკიანის სამხედრო ფორმა და პარტიული გერბი

თურქეთთან მებრძოლი სომხეთი იმდენად პატარა იყო (მისი ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრს არ აჭარბებდა), რომ ბევრი მას არარატის რესპუბლიკას, ან ერევნის რესპუბლიკას უწოდებდა. თუმცა, 2,5-წლიანი არსებობის განმავლობაში ამ სახელმწიფომ შეძლო იმ ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება, რომლებიც მეფის რუსეთის შემადგენლობაში სომხურად იყო მიჩნეული. მისი ტერიტორია ქალაქ ოლთისიდან (რომელიც თანამედროვე თურქეთში, არზრუმის პროვინციაში მდებარეობს) მეღრიმდე გადაიჭიმა.

პირველი რესპუბლიკის დროის რუკა. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიები 1919 წელს

ხელისუფლება ყველა საშუალებით ეწინააღმდეგებოდა საზღვარგარეთიდან სომხეთზე განხორციელებულ ზეწოლას და, ამავდროულად, ცდილობდა, ეზრუნა “მემკვიდრეობით მიღებულ” ასობით ათას ობოლზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ ოსმალურ თურქეთში განხორციელებულ გენოციდს.

დროშა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მთავრობის სასახლეზე იყო აღმართული. უკანა ფონზე სამხედრო მოღვაწის, ანდრანიკ ოზანიანის სამხედრო ფორმა

ათასობით ლტოლვილის დაცვაში დიდი წვლილი მიუძღვის სამხედრო მოღვაწე ანდრანიკ ოზანიანს, რომელიც პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ერთდროულად იბრძოდა კიდეც, მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა და თან, იმასაც ცდილობდა, რომ ათობით ათასი დევნილს გასძღოლოდა და მათი უსაფრთხოება უზრუნველეყო.

დამოუკიდებლობის დღესასწაული ერევანში, 1919 წლის 28 მაისი

იმ პერიოდში უსაზღვრო სიღატაკე სუფევდა. პირველი რესპუბლიკის მეორე პრემიერ-მინისტრი, რომელიც მანამდე 7 წლის განმავლობაში ტფილისის მერი იყო, ხშირად ოფიციალურ მიღებებზე მისასვლელად საჭირო ტანსაცმელს ხელისუფლების სხვა წევრებს სთხოვდა.

უკანასკნელი პრემიერმინისტრი კი ერთხელ სამსახურში ვერ წავიდა იმის გამო, რომ ერთადერთი შარვალი მოჰპარეს. მისი ცოლი იძულებული გახდა, რომ ეს ამბავი მთავრობისთვის ეცნობებინა.

ლექსანდრ ხატისიანის ტანსაცმელი

სომხეთის გასაბჭოების შემდეგ სომხური დიასპორები მაინც აგრძელებდნენ 28 მაისის აღნიშვნას. სომხურ სათვისტომოებს, ძირითადად, ოსმალეთის იმპერიიდან დევნილი ადამიანები და მათი შთამომავლები წარმოდგენდნენ. თუმცა, გასაბჭოების შემდეგ მათ რიგებს სომხეთიდან გადახვეწილი ემიგრანტებიც შეუერთდნენ.

სომხეთის დამოუკიდებლობას სტამბოლშიც კი აღნიშნავდნენ. დამოუკიდებლობის მეორე წლისთავის აღნიშვნა, კონსტანტინოპოლი, სოფელი მაქრი, 1920 წლის 28 მაისი

ყველა ფოტო გადაღებულია პარტია “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია – დაშნაკცუთიუნის” ისტორიის მუზეუმში

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს


ასევე წაიკითხეთ