რას ამბობენ ექსპერტები, მედიასაშუალებები და სოციალური ქსელები" />

“სომეხი ხალხი ყარაბაღული კლანისაგან გათავისუფლდა” – აზერბაიჯანელების რეაქცია სომხეთში მიმდინარე პროცესებზე

რას ამბობენ ექსპერტები, მედიასაშუალებები და სოციალური ქსელები

მეზობელ სომხეთში არსებული სიტუაცია ბოლო დღეების ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა აზერბაიჯანში. ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ხელმძღვანელობით გამართული ათდღიანი საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ, ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი დაკავებულ პოსტს საკუთარი ნებით ტოვებს. აზერბაიჯანში ცდილობენ, გამოიცნონ, თუ რა შედეგებით დასრულდება მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და აისახება თუ არა ეს ცვლილებები მთიანი ყარაბაღის სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.

დეტალური ინფორმაცია სომხეთში მომხდარი მოვლენების შესახებ  JAMnews-ის რეპორტაჟშია წარმოდგენილი.

«სომეხი ხალხი „ყარაბაღული კლანისგან“ გათავისუფლდა – დაჯგუფებისგან, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა ყარაბაღის პრობლემას და ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავდა, რის გამოც სომხეთმა  რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის საშუალება დაკარგა», – დაახლოებით ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანული მედია სერჟ სარგსიანის გადადგომას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ტოფიკ ზულფუგაროვმა სომხეთში მიმდინარე პროცესების განვითარების პერსპექტივების შესახებ გამართულ ონლაინდისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა კომენტარი, რომელშიც აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის ესკალაციას არ გამორიცხავს.

«სომხეთი, რომელსაც რუსეთში „უსახელურო ჩემოდანს“ უწოდებდნენ, ამჟამად მოსკოვსაც კი აღარ სჭირდება. თუკი ხელისუფლებაში ტერ-პეტროსიანის მომხრე რეალისტები მოვლენ, არ არის გამორიცხული, რომ სამშვიდობო პროცესები გაღრმავდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ახალი ხელისუფლება პოზიციების გამტკიცებას შეეცდება და პოპულისტურ პოზიცას დაიკავებს, ომი გარდაუვალი იქნება. ახალი სახელისუფლებო გუნდის დისკრედიტაციის მიზნით „მრჩეველთა კორპუსი“ მათ მეორე ვარიანტს შესთავაზებს», – მიიჩნევს დიპლომატი.

ამ აზრს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, რასიმ მუსაბეკოვიც იზიარებს.

«სამწუხაროდ, სომხეთში არსებული სიტუაციის სტაბილიზაციის პროცესი დიდხანს გაგრძელდება. რა თქმა უნდა, დასავლელი და რუსი მფარველები სომხურ „დემოკრატიზმს“ ქება-დიდებას არ მოაკლებენ და მოგვიწოდებენ, ერევანში კომპრომისულ მშვიდობაზე პასუხისმგებელი მთავრობის ფორმირებას დაველოდოთ. მაგრამ მე ვეთანხმები ტოფიკს (ტოფიკ ზულფუგაროვს – რედ.), რომელიც აღნიშნავს, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს შინაარსიანი მოლაპარაკებების დაწყების ვადები. თუკი შემოდგომაზე არ დაიწყება დიალოგი, იძულებულნი გავხდებით, „ყარაბაღული ჩირქგროვა“ იარაღის ძალით გავკვეთოთ», – ასეთი გზავნილი გამოაქვეყნა მუსაბეკოვმა თავის „ფეისბუკგვერდზე“.

პოლიტოლოგმა ელხან შაჰინოღლუმ ტელეარხ СВС-ის ეთერში განაცხადა, რომ სერჟ სარგსიანი ულტიმატუმის შედეგად გადადგა.

«ქვეყნის არმია თანდათან ოპოზიციის მხარეს გადადიოდა. სარგსიანს ულტიმატუმი წაუყენეს და სწორედ ამის გამო გადადგა», – თქვა შაჰინოღლუმ და ხაზი გაუსვა იმას, რომ თავის დროზე თავად  სარგსიანმა და მისმა თანამზრახველმა, იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, რობერტ ქოჩარიანმა ზუსტად ანალოგიური გზით (ანუ სამხედრო ძალების დახმარებით) აიძულეს სომხეთის პრეზიდენტს, ლევონ ტერ-პეტროსიანს, გადამდგარიყო.

მეზობელ ქვეყანაში მომდინარე მოვლენების განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური კურსი უნდა შეიცვალოს. აზერბაიჯანთან და თურქეთთან მტრობა ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.

«რუსეთი დუმს, ამ პროცესებში არ ერევა, და არც ყარაბაღში იწყებს სამხედრო მოქმედებებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ კრემლი თამაშში მონაწილეობს. მეტიც, მოსკოვი ამ წარმოდგენის ერთ-ერთი ორგანიზატორია. სომხეთში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ნებისმიერი გამარჯვებული მხარე წინასწარაა განწირული რუსეთის ინტერესების გატარებისთვის», – მიიჩნევს პოლიტოლოგი ნატიკ ჯაფარლი.

მეზობელ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ის აზერბაიჯანელი მომხმარებლებიც ეხმაურებიან.

«ერევნის ქუჩებში მასობრივი ზეიმი დაიწყო – სერჟ სარგსიანი, რომელმაც ძალაუფლების უზურპაცია გადაწყვიტა, ხალხის ნებას ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა და გადადგა. პატივისცემას  იმსახურებს ყველა, ვინც იბრძვის და აღწევს იმას, რისი უფლებაც აქვს. იმ უფლებებს ვგულისხმობ, რომლებსაც ღმერთი, კონსტიტუცია და სინდისი იძლევა. (…) რა კარგია, როდესაც სახალხო მრისხანება პოლიტიკურ ძალას, ფულს, ძალაუფლებას, იარაღსა და ძლიერ მფარველებს ამარცხებს», –  წერს მომხმარებელი როვშან ქერიმოვი.

მომხმარებელი ტოტო მეხტიევი ასეთ გზავნილს აქვეყნებს:

«ნიკოლი – ოპოზიციონერი, რომელსაც სომხეთმა დაუჭირა მხარი, სომხეთის ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრეა. მისი აზრით, რუსეთის „ეგიდით“ მოქმედმა სარგსიანმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში სისუსტე გამოიჩინა.  ერთი რამ ცხადია – თუკი ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი არ მოვა, რუსეთის გავლენა სომხეთშიც აღმოიფხვრება – ისევე, როგორც ეს საქართველოში და უკრაინაში მოხდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთი არა სომხეთს, არამედ ჩვენ დაგვიჭერს მხარს (რუსეთისათვის კავკასიის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს). ამიტომ ამ მოვლენებს ჩვენთვის დადებითი ეფექტი უფრო ექნება, ვიდრე უარყოფითი. სომხური მხარე ნაადრევად ზეიმობს».

«მომწონს ხალხის ერთობა. ჩვენი მტრები არიან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დასახულ მიზანს მიაღწიეს. 10 დღეში ხალხის მრავალათასიანმა ნაკადმა ხელისუფლების დამხობა მოახერხა», – წერს არზუ აჰმედოვა.

«ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ყარაბაღი იმ მხარეს დარჩება, რომელიც მოწინააღმდეგეზე უფრო დემოკრატიულია», – წერს „იუზერი“ სახელად დადაშ სარიტორპაგი. მომხმარებელი ჰასიმ აბდულაევი კი მიიჩნევს, რომ «თუკი სომხეთში გამართული დემონსტრაციების მონაწილეები ღირსებასა და კანონიერებას ემხრობიან, დაე, გაიმარჯვონ. ასეთი ადამიანები ღირსეულად დატოვებენ იმ მიწებს, რომლებიც კანონით ჩვენ გვეკუთვნის».

მთლიანობაში კი დაახლოებით ასეთი ტიპური კომენტარები იწერება:

 «ნეტა ჩვენი ხელისუფლებაც ასე დაემხოს».

«აი, ამას ჰქვია დემოკრატია. ჩვენთან მსგავსი არაფერი ფიქსირდება».

 «რა გიხარიათ? ყარაბაღი კი არ ავიღეთ!»

«რა მნიშვნელობა აქვს – მის ნაცვლად სხვა სომეხი მოვა. ყველა სომეხი ერთნაირია».

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ