საცხენოსნო თამაშები აფხაზეთში სპორტის ყველაზე პატივსაცემი სახეობებია" />

სიყვარული და ფლოქვების ცემა

საცხენოსნო თამაშები აფხაზეთში სპორტის ყველაზე პატივსაცემი სახეობებია

ზოგს ფეხბურთი და ჰოკეი უყვარს, სხვებისთვის კი სპორტის ეს სახეობები რკინის ფუჭი ჟღარუნია და მთელი ეს სქემები, ტაქტიკები, ბურთისა და შაიბის დარტყმები სევდას ჰგვრით. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, ფიგურული სრიალი და მხატვრული ტანვარჯიში მოსწონთ, ანუ ესთეტიკასა და გრაციას ანიჭებენ მნიშვნელობას. არიან  კრივზე, ჭიდაობასა და ძიუდოზე გადარეულებიც.

ძლიერი და მოქნილი ადამიანები ხომ ყველას მოსწონს. გემოვნების ამგვარ სხვაობას ნებისმიერ ქვეყანაში ვხვდებით, და არც აფხაზეთია უნივერსალური. ერთადერთი, რის მიმართაც ვერც ერთი აფხაზი ვერ რჩება გულგრილი, საცხენოსნო თამაშებია.

ვერანაირი ‘ლექსუსი’ ვერ ჩაანაცვლებს ცხენისადმი გენეტიკურ სიყვარულს. მართალია, ბოლო დროს ‘რკინის ცხენმაც’  დიდი მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ აფხაზებს იმდენად უკვდავყოფილი აქვთ ბედაურის როლი, რომ ამ ცხოველის მიმართ სიყვარული ყოველთვის დროისა და ცივილიზაციის მიღმა დარჩება. აფხაზურ ენაში ჰიგიენაც კი ცხენთან ასოცირდება.

სიტყვა ‘ბანაობის’ აფხაზური შესატყვისი სიტყვასიტყვით ‘საკუთარი ცხენის დაბანას’ აღნიშნავს; ხოლო, უდიდესი ცოდვა – თვითმკვლელობა აფხაზურად სიტყვასიტყვით ‘საკუთარი ცხენის მოკვლად’ ითარგმნება.

მოკლედ, ცხენისადმი ეს საკრალური სიყვარული პირდაპირ აისახა აფხაზურ საცხენოსნო თამაშებში, რაც სპორტის ათეულობით ერთმანეთისგან განსხვავებულ სახეობას მოიცავს.

როგორც წესი, ტურნირების სეზონი მაისში იხსნება ხოლმე. თავიდან რაიონული შეჯიბრებები იმართება, შემდეგ კი – რესპუბლიკის მასშტაბის ტურნირი. თითქმის ყველა აფხაზურ სოფელს საკუთარი გუნდი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რაზმები პროფესიონალებად არ მიიჩნევიან, წვრთნის პროცესს (რომელშიც არ არის ხანმოკლე პაუზები და რეჟიმის დარღვევები), პრაქტიკულად, პროფესიონალურად უდგებიან.

ზოგიერთი საკუთარ სოფელს სხვადასხვა დისტანციის დოღზე წარმოადგენს, სხვები კი ‘იეილა ამფილ ასრაში’ (ცხენბურთი), ‘აცაეიგადცარაში’ (ხელშუბის ტყორცნა), ‘აეირხამარაში’ (ჯირითი) ეჯიბრებიან.

ცხენთან დაკავშირებული ერთ-ერთი პოპულარული თამაშია ‘ჩარაზი’. ამ შეჯიბრში სწორ მინდორზე მოჯირითე მხედარი აღვირით აჩერებს ცხენს, რომელიც მიწაზე ოთხივე ფეხის კვალს ტოვებს. იმარჯვებს ის მხედარი, რომლის ცხენიც ყველაზე გრძელ კვალს დატოვებს. ამასთან, გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ ცხენის მოცურებას, მხედრის დაშვებას, მინდვრიდან გამოსვლას და თამაშთან დაკავშირებულ სხვა მომენტებს.

საცხენოსნო სპორტის კიდევ ერთი სახეობაა ‘აცაეიდგაიცარა’. ამ თამაშში მონაწილე მხედრები ერთმანეთის წინ ჯგუფებად დგებიან. მანძილი მათ შორის 100 დან 300 მეტრამდეა. თითოეულ მონაწილეს 2-2,5 მეტრის სიგრძის თხილის ჯოხი უჭირავს.

თამაში პირველი გუნდის ერთ-ერთი მონაწილის გამოსვლით იწყება. იგი ნელი სვლით უახლოვდება მოწინააღმდეგე გუნდს და როდესაც საკონტროლო ხაზს (მოწინააღმდეგის ბანაკიდან 20-30 მეტრში მდებარე პირობით ზოლს) აღწევს, ცხენს უკან აბრუნებს და საკუთარი გუნდისკენ მიაგელვებს. ამ დროს მოწინააღმდეგე გუნდიდან ერთი მხედარი გამოიჭრება და ცდილობს, პირველი გუნდის მხედარს დაეწიოს. მდევარმა მოწინააღმდეგეს ან მის ცხენს შუბი უნდა მოარტყას.

ეს იმდენჯერ მეორდება, რამდენი მხედარიც მონაწილეობს თამაშში. ოსტატობის მწვერვალად მიიჩნევა, თუკი მხედარი მისკენ გასროლილ შუბს ჰაერში დაიჭერს და თავად გადავა შეტევაზე. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგეს უფრო მეტ შუბს მოარტყამს.

ყველაზე სანახაობრივი თამაშია ცხენბურთი. ამ თამაშში მხედრების ორი გუნდი მონაწილეობს. თითოეულ მოთამაშეს ხელში 1,5-2 მეტრის სიგრძის ჩოგანი უკავია. ჩოგნის ერთ ბოლოს, როგრც ჩოგბურთში, განიერი, მსხლისებური ფორმა და სათანადო ბადე აქვს. თამაშისათვის გამოიყენებოდა ორი მუშტის ზომის ტყავის ბურთი, რომელშიც ხავსს ტენიან. სათამაშო მოედანს თავად მოთამაშეები ხაზავენ – ორ გვერდითა და ორ საპირისპირო ხაზს ავლებენ.

თამაში მოედნის ცენტრში იწყება. ბურთს ზემოთ აგდებენ და თამაშის მონაწილეები ცდილობენ ჩოგნით დაიჭირონ ბურთი და ‘ნადავლით’ საპირისპირო ხაზს იქით აღმოჩნდნენ. გამარჯვებული ის გუნდი რჩება, რომელიც უფრო მეტი რაოდენობის ბურთს გაიტანს ხაზს იქით.

საცხენბურთო შეხვედრებზე განსაკუთრებული ვნებათაღელვა სუფევს ხოლმე. და ალბათ, ვინც ერთხელ მაინც ნახავს სოფელ ლიხნისა და სოფელ ქუთოლას გუნდებს შორის გამართული თამაშს – ძლიერი შეჯახებებით, დაცემებით, დატეხილი ინვენტარითა და კიდურებით – საღამოს მთქნარება მოერევა, როდესაც მთელი მსოფლიო  ‘რეალისა’ და ‘ბარსელონას’ შეხვედრის მოლოდინში ტელევიზორებს ჩაუჯდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოქვეყნდა 15.05.2016

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ