პარტია „გირჩმა“ მერიის ახალი რეგულაციის გვერდის ავლის საშუალება მოძებნა" />

საქართველოში ტრანსპორტის ახალი სახეობა – „შმაქსი“ გაჩნდა

პარტია „გირჩმა“ მერიის ახალი რეგულაციის გვერდის ავლის საშუალება მოძებნა

"შმაქსი"-ის ნიშნები "გირჩის ოფისში

საქართველოში ტრანსპორტის ახალი სახეობა – „შმაქსი“ გაჩნდა. ეს იგივე ტაქსია, ოღონდაც სხვა სახელი ჰქვია.

 „შმაქსი“ პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ გამოიგონა. ამის მიზეზად იქცა თბილისის მერიის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, 1 ოქტომბრიდან ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი მხოლოდ და მხოლოდ თეთრი ფერის უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ქუჩაში მგზავრების გადაყვანა ეკრძალებათ.  

ახალი წესების შემოღების ინიციატივა პირადად ქალაქის მერის კახი კალაძისგან მოდის. კალაძეს მაგალითად მოჰყავს ევროპის ქალაქები, სადაც მხოლოდ ერთი ფერის ტაქსები დადიან.

თუმცა ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის პრობლემა, ოფიციალური მონაცემებით, 20 პროცენტია, არაოფიციალურად კი – ბევრად მაღალი, ბევრი ადამიანი ოჯახებს ტაქსისტობით არჩენდა. ახალმა წესებმა ათასობით ტაქსის მძღოლს პრობლემა შეუქმნა. 

• თეთრი ტაქსები ფერადების წინააღმდეგ. რა არის თბილისში ტაქსების რეფორმის არსი

ამიტომ, პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დაარეგისტრირა კომპანია, სახელად „შმაქსი“, რომლის დამაარსებელი პირადად პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა.

 „გირჩი“ მსურველებს ყვითელ „ნიშნებს“ ურიგებს, სადაც „ტაქსის“ ნაცვლად, „შმაქსი“ აწერია. ამრიგად, ის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც თეთრი ფერის მანქანები აქვთ, კანონის დაურღვევლად შეძლებენ „ტაქსაობას“.

 

ასეთ ნიშნებს მსურველებს დაურიგებენ

პირველი „შმაქსის“ ნიშნიანი მანქანები თბილისის ქუჩებში უკვე ორ ოქტომბერს გამოჩნდა. ჯერჯერობით მათ პარტია „გირჩის“ წევრები მართავენ. პოლიცია მათ აჩერებდა, თუმცა დაჯარიმება არ შეეძლო, რადგან, საქართველოს კანონმდებლობით, „შმაქსის“ ნიშნიანი მანქანით მგზავრობა არავის ეკრძალება.  

წესდების თანახმად, კომპანია „შმაქსის“ ფუნქცია – არამხოლოდ მგზავრების გადაყვანაა, არამედ „საღი აზრისა და საგანმანათლებლო იდეების გავრცელება.“ სწორედ ასე წერია საჯარო რეესტრში.

ჯაფარიძემ „შმაქსის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეს საგანმანათლებლო პროექტია, ერთგვარი „უნივერსიტეტი ბორბლებზე“, რომელიც მოსახლეობაში „საღ აზრს“ გაავრცელებს, და თან მგზავრს საჭირო ადგილამდე მიიყვანს.

„კომპანია მასწავლებელ-მძღოლებს დაიქირავებს, რომლებიც მგზავრებამდე თავისუფლების იდეებს მიიტანენ, მათ იმის შესახებ გაესაუბრებიან, თუ რა არის სწორი და რა – არა. თუკი მათ საკმარისი ცოდნა არ ექნებათ, პარტია ტრენინგებს ჩაატარებს და ვიდეომასალას მიაწვდის, რაც მგზავრმა შეიძლება მოისმინოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მგზავრობის ფასი არა მანძილზე, არამედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი საგანმანათლებლო მასალის მოსმენას მოასწრებს მგზავრი.

პარტიაში აცხადებენ, რომ მათთან მასწავლებელ მძღოლებად ჩაწერისა და „შმაქსის ნიშნის“ მიღების  მსურველთა რიგები დგას.

ეს ულტრალიბერალური პარტია „გირჩისგან“ პირველი ამგვარი სიახლე არ არის.

პარტია 2015 წელს შეიქმნა იმ პოლიტიკოსების მიერ, რომლებმაც ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [სააკაშვილის პარტია] რიგები დატოვეს. „გირჩის“ ლიდერები სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და დროდადრო არაორდინალურ აქციებს ატარებენ.  

მაგალითად, 2016 წლის ახლი წლის ღამეს „გირჩის“ აქტივისტებმა საკუთარ ოფისში დემონსტრაციულად დათესეს კანაფი. რამდენიმე თვის წინათ კი თბილისში მარიხუანას კოსტუმირებული ფესტივალი ჩაატარეს.

გირჩის ამომრჩეველი ძირითადად ის ახალგაზრდობაა, რომელიც ულტრალიბერალურ შეხედულებებს ემხრობა.

 „გირჩის“ მთავარ მიზანს – ნარკოტიკების ლეგალიზაცია, ჯარში კონტრაქტით სამსახურზე გადასვლა და სავალდებულო სამხედრო დანაშაულის გაუქმება წარმოადგენს. გაერთიანება ასევე  სახელმწიფო შემწეობებისა და სუბსიდიების გაუქმების, ასევე ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევისა და სხვა მოთხოვნებით გამოდის.

 „გირჩის“ წარმომადგენელთა სარჩელის წყალობით, 2018 წლის ივლისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებით, ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება პრაქტიკულად დააკანონა. საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რიგ შეზღუდვას ითვალისწინებს.

2017 წლის აპრილში „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ევანგელისტური პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ დაარეგისტრირა.  როგორც მაშინ პარტიის ლიდერებმა განმარტეს, მათ ამ გზით ახალგაზრდების ჯარიდან გათავისუფლების ლეგალური გზა გამონახეს. სქემა ასეთია – ორგანიზაციაში ახალწვეული მიდის, მას ცნობას აძლევენ, რომ ის ეკლესიის მსახურია, და სახელმწიფო მას ჯარში სამსახურისგან ათავისუფლებს, რადგან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევა შესაძლებელია გადაიდოს, თუკი ადამიანი ეკლესიის მსახურია, ან სასულიერო სემინარიაში სწავლობს.

ორგანიზატორების ჩანაფიქრმა იმუშავა, მათ მართლაც აკითხავს ბევრი მათგანი, ვისაც ჯარში სამსახური არ სურს. როგორც „გირჩში“  ამბობენ, მათთან უკვე სამი ათასამდე ასეთი „მღვდელია“.

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, და პირველ ტურში ამომრჩევლების ხმათა  2,26პროცენტი მიიღო – ეს 36 ათას 034 ხმაა.


ასევე წაიკითხეთ