სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში ქალები ღიად საუბრობენ სექსუალურ შევიწროებაზე" />

საქართველოში სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვას ითხოვენ

სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში ქალები ღიად საუბრობენ სექსუალურ შევიწროებაზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ქალთა მოძრაობის” პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნაა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრა.

პეტიციას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდა, ათასი ხელმომწერი ჰყავს.

“მოვითხოვთ სექსუალური შევიწროების აკრძალვას კანონით”, – აღნიშნულია პეტიციაში. მისი ხელმომწერები „შრომის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ითხოვენ, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

“საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე. სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა.

სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში; უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა”, – აღნიშნულია პეტიციაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტში წარდგენილი პეტიციის განხილვა მიზანშეწონილად ჩათვალა და შემდგომი მსჯელობისთვის გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა.

• MeToo (მეც) – ამ სიტყვებით ფეისბუკის და ტვიტერის მომხმარებლები ქალების სექსუალურ შევიწროებას აპროტესტებენ. კამპანიას, რომელიც მსახიობმა ალისა მილანომ ტვიტერზე დაიწყო, რამდენიმე საათში ათიათასობით ადამიანი შეუერთდა, მათ შორის, საქართველოში.

• განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებათა იურისტის და ქალთა უფლებების დამცველის მარი კურტანიძის ბლოგმა მიიქცია. მარი კურტანიძემ  საჯაროდ დაწერა ამბავი, რომელიც პირადად მას 15 წლის ასაკში გადახდა –  როგორ ავიწროებდა მას სექსუალურად მათემატიკის მასწავლებელი თამაზ აქუბარდია.

• მანამდე ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ  სექსუალურ შევიწროებაში ტელეწამყვან შალვა რამიშვილს დასდო ბრალი.

• საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა“ აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილზე უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და დაფარულ პრობლემას წარმოადგენს.


ასევე წაიკითხეთ