ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელეკომპანიის ოპერატორის, სანდრო ბერაძის გარდაცვალება გახდა" />

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე აზარტული თამაშების რეკლამა აღარ გავა

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელეკომპანიის ოპერატორის, სანდრო ბერაძის გარდაცვალება გახდა

2020 წლიდან საქართველოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში აზარტული თამაშების რეკლამა აღარ გავა.

წლის ბოლომდე არხი შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე შეკვეთას აღარ მიიღებს.

“საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას“, – ნათქვამია პირველი არხის მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

არხმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტელეკომპანიის ოპერატორი 29 წლის სანდრო ბერაძე გარდაიცვალა.

სანდრო ბერაძე რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. მას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ სამართალდამცავები და მაშველები. სანდრო ბერაძის ცხედარი 29 ოქტომბერს, თბილისის შემოგარენში, ცხვარიჭამიას ტყეში იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრაგედია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ გამოიწვია.

პირველი არხის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარის თქმით არხი სოლიდურ შემოსავალს დაკარგავს. არხის განცხადებით, ეს შემოსავალი სრულად ხმარდებოდა სპორტული ტრანსლაციების ლიცენზიების შეძენას, მათ მომსახურებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აზარტული თამაშების უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს პირველი არხი მთლიანად იზიარებს და ამ გადაწყვეტილებით სრულად ეთანხმება საზოგადოების მოთხოვნას“.

•  საქართველოში აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის. 

•  ორგანიზაცია “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” თავმჯდომარის თამარ ჯაფარიძის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისიდან დღემდე 15 ადამიანმა მოიკლა თავი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისა და ვალების გამო. ჯაფარიძის თქმით, გარდაცვლილთა ასაკი 14-31 წელია. 

•  სათამაშო ბიზნესი საქართველოში განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს გაძლიერდა. სააკაშვილის ხელისუფლება ამ ბიზნესს ქვეყნის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად განიხილავდა. გათვლა იყო ასეთი: საქართველო გარშემორტყმულია ქვეყნებით, სადაც სამორინეები აკრძალულია ან მათი ფუნქციონირება სერიოზულად შეზღუდულია. ხელისუფლება თვლიდა, რომ სათამაშო ბიზნესში ეს გეოგრაფიული უპირატესობა საქართველოს აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. იყო გათვლა, რომ ეს ფაქტი მოიზიდავდა ბევრ ტურისტს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. 


ასევე წაიკითხეთ