ილია მეორე მიიჩნევს, რომ არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს" />

საქართველოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა

ილია მეორე მიიჩნევს, რომ არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს

სამების საკათედრო ტაძარი. შობის ღამე. 07.01.2018. დავით მძინარიშვილი/REUTERS

ნარკომოხმარება და ამ პრობლემის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რაზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება თავის საშობაო ეპისტოლეში გაამახვილა.

პატრიარქი ხელისუფლებას დასჯაზე ორიენტირებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის გადახედვისა და სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნისკენ მოუწოდებს.

„აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები”, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პატრიარქის მხრიდან ეს მნიშვნელოვანი მესიჯია.

“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პატრიარქის ეს მოწოდება მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მმართველი გუნდისთვის, რომელიც ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ცვლილებებს გეგმავს. მდინარაძის თქმით, “ლიბერალიზმი კარგია მომხმარებლებთან დაკავშირებით, რომლებსაც არ სჭირდებათ დაჭერა და სახელმწიფოსგან თანადგომას საჭიროებენ”, რაც შეეხება ნარკოგამსაღებლებს – “მათ მიმართ კანონი მკაცრი უნდა იყოს” – მიიჩნევს მდინარაძე.

იმაზე, რომ დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არაეფექტიანია და ძირითადად რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოიყენება, უკვე წლებია, საუბრობენ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

პატრიარქის მხრიდან ამ თემაზე ყურადღების გამახვილებას მიესალმება ოპოზიციაც.

„ძალიან კარგია, რომ ეკლესიამაც ფაქტობრივად თქვა, რომ ცვლილება ამ მიმართულებით საჭიროა. ამ ნარკოპოლიტიკის ცვლილების პროცესში ძალიან ბევრ ჯგუფთან, მათ შორის ეკლესიასთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ვმსჯელობდით. აბსოლუტურად ყველა არგუმენტი იყო მოსმენილი და მე მგონი, დღეს ორი აზრი არ არის იმაში, რომ დღევანდელი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არათუ არ უწყობს ხელს ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუ ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ პირიქით, უბიძგებს ადამიანებს და იზრდება ნარკომოხმარება“, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრები, რომლებიც უკვე წლებია აწყობენ აქციებს და სხვადასხვა კამპანიას ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად, ამბობენ, რომ პატრიარქის მხრიდან ცოტა დაგვიანებულიც კი არის გამოხმაურება ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რადგან ამ მიმართულებით ბრძოლა უკვე ორი წელია, მიმდინარეობს.


ასევე წაიკითხეთ