წმინდა სინოდის წევრი: "უკრაინის ეკლესიას არ უნდა ექვემდებარებოდეს დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს"" />

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე იმსჯელა

წმინდა სინოდის წევრი: "უკრაინის ეკლესიას არ უნდა ექვემდებარებოდეს დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს"

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი ორგანო – წმინდა სინოდი გუშინ, 21 ივნისს შეიკრიბა და სხვა საკითხებთან ერთად, “უკრაინაში შექმნილ რთულ საეკლესიო ვითარებაზეც” იმსჯელა.

როგორც წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქოში უკრაინასთან დაკავშირებით სამი წერილია შემოსული. პირველი წერილი გამოგზავნილია კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან; მეორე -მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოდან; ხოლო მესამე – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოდან.

დღესდღეობით უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაშია და მის ავტოკეფალიას, ანუ დამოუკიდებლობას არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს.

 

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მოთხოვნით უკრაინის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ მსოფლიო საპატრიარქოს ცოტა ხნის წინ მიმართა. ეს საკითხი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ  უკვე დაძრა.

სინოდის სხდომის ოქმში წერია, რომ სხდომაზე სამივე წერილი წაიკითხეს, თუმცა არ არის აღნიშნული რა შეფასებები გაკეთდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით.

„უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე სინოდმა მოისმინა ინფორმაცია, ეკლესია სწავლობს ამ საკითხს და მომავალში იქნება გამოტანილი დადგენილება“, – განუცხადა მეუფე ზოსიმემ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ.

უფრო ვრცლად ისაუბრა ჟურნალისტებთან სინოდის წევრმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ. მისი თქმით,  უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით წმინდა სინოდში მსჯელობა მას შემდეგ გაიმართება, რაც მსოფლიო საპატრიარქო თავის პოზიციას გამოკვეთს.

“ვფიქრობ, ეს გონივრული პოზიციაა საქართველოს ეკლესიის მხრიდან”,  – აღნიშნა მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ჟურნალისტებს ამ თემაზე პირადი აზრიც გაუზიარა:

„ჩემი პირადი აზრით კი, უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესუალურად ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

•  რატომ ვერ მიიღო უკრაინულმა ეკლესიამ აქამდე დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი? პროექტის დეტალები, და მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრისადმი უკრაინელ მორწმუნეებს

უკრაინულ მხარეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერის იმედი აქვს, ამის შესახებ განცხადება უმაღლესი რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ გააკეთა.

აქტიურობას იჩენს მეორე მხარეც – აპრილში საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი მიტროპოლიტი ილარიონი. როგორც საქართველოს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რუსეთის მიტროპოლიტმა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორემ უკრაინის ავტოკეფალიაზეც ისაუბრეს.

•  22 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იწყებს ქვეყანაში ერთიანი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნისთვის აუცილებელ პროცედურებს.

• კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ ითანამშრომლებს მართლმადიდებლურ ეკლესიებთან მათი ინფორმირებულობისა და კოორდინაციის მიზნით.

• ამჟამად უკრაინაში მოქმედებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული – კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.


ასევე წაიკითხეთ