ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში ეს და სხვა თემები განიხილეს " />

სამხრეთ ოსეთი ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ გადასცემს

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში ეს და სხვა თემები განიხილეს

“ტატუნაშვილის ოჯახმა მისი ცხედარი უნდა მიიღოს, რომ მისი დაკრძალვა შეძლოს. ეს ინციდენტი ჟენევის დისკუსიებზე უარყოფითად აისახება”, – განაცხადა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ტოივო კლაარმა 7 მარტს, სამხრეთ ოსეთში ვიზიტის დროს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო РЕС იუწყება.

არჩილ ტატუნაშვილი და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ოჯახის წევრებს ამ ვერსიის არ სჯერათ. ცხინვალი ამ დრომდე აჭიანურებს ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემას, რაც ქართული მხარის აზრით, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ეჭვებს, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. 

როგორც შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი “ძალიან პოლიტიზებულია” ქართული მხარის მიერ და ამის გაკეთება მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

“მაგალითად, საქართველოში ექსპერტიზას მინიმუმ ერთი თვე სჭირდება. არავინ ამბობს, რომ ტატუნაშვილის ცხედარს არ გადავცემთ, თუმცა ჩვენს საზოგადოებას ასეთი პოზიციაც აქვს. უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ჩვენთან 150 ადამიანი ითვლება, მათი ბედის შესახებ ოჯახებმა არაფერი იციან, მაგრამ ჩვენ ამისგან პოლიტიკას არ ვქმნით”, – განაცხადა შეხვედრაზე ბიბილოვმა.

“იმის შიში გვაქვს, რომ ცხედარს თუ ექსპერტიზის გარეშე გადავცემთ, უფრო მეტ ნეგატივს მივიღებთ, ვიდრე ახლა,  – თქვა ბიბილოვმა,  – მოგვეცით საშუალება ყველაფერი კანონის მიხედვით გავაკეთოთ”.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები, რომლებიც 7 მარტს ცხინვალში ჩავიდნენ, ოსურ მხარესთან ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მომზადების საკითხებს განიხილავენ.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები , აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ  JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს.  JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული


ასევე წაიკითხეთ