მეორე და მესამე ადგილზე ოპოზიციური პარტიები გავიდნენ. ერთ-ერთმა კანდიდატმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა" />

ცხინვალში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და უმრავლესობა შეინარჩუნა

მეორე და მესამე ადგილზე ოპოზიციური პარტიები გავიდნენ. ერთ-ერთმა კანდიდატმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა

9 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა ოსეთმა“ გაიმარჯვა. მან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობაც შეინარჩუნა – 34 მანდატიდან, სულ ცოტა, 19 მაინც მისია.

დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, არც ფალსიფიკაციის შემთხვევები დაფიქსირებულა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები.

სამხრეთ ოსეთში გავლენიანი პოლიტიკოსების უმრავლესობა –ისევ უფროსი თაობაა

და მაინც, არჩევნების შემდეგი დღე დაძაბული გამოდგა – ცხინვალის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს დეპუტატობის კანდიდატი, ალან ტადტაევი.

ტადტაევი მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. ის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს (საკუთარ ოლქში კი დამარცხდა). მასზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – ალან ზასეევი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტადტაევი შემთხვევით გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

სინამდვილეში, ზასეევი გაბრაზდა არა მასზე, არამედ, საკუთარ მოწინააღმდეგეზე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, ვალერი კოკოევზე, რომელიც მეშვიდე ოლქში, მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ სახელით იყრიდა კენჭს.

მიზეზი საარჩევნო კომისიის შეცდომა გახდა.

კანონის თანახმად, თუკი რამდენიმე კანდიდატი ხმათა თანაბარ რაოდენობას იღებს – გამარჯვებულად ითვლება ის, რომელიც პირველი დარეგისტრირდა. როდესაც არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადეს, გამარჯვებულად ზასეევი დაასახელეს. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა ოსეთმა“ სარეგისტრაციო საბუთები სხვებზე ადრე ჩააბარა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. სწორედ ამიტომ, საბოლოო შედეგებში, გამარჯვებულად უკვე ამ პარტიის წარმომადგენელი, ვალერი კოკოევი დასახელდა.

გაბრაზებული ზასეევი კოკოევს ეძებდა და მასთან ჩხუბს ცდილობდა. მაგრამ რეალურად, კონფლიქტი მოუვიდა არა კონკურენტთან, არამედ მის მეგობართან, ალან ტადტაევთან, რომელსაც 10 ივნისს, შუადღისას, პოპულარულ პიონერთა პარკში შეხვდა, სადაც ბევრი ოჯახი ისვენებს ხოლმე. სწორედ ამ პარკში ესროლა დეპუტატობის ერთმა კანდიდატმა მეორეს.

გასროლის შედეგად ტადტაევს მარცხენა ხელის არტერია დაუზიანდა. ის იქვე ახლოს მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გაიქცა, სადაც მას პარლამენტის სპიკერი, პიოტრ გასიევი შეხვდა და სწორედ მან აღმოუჩინა დაჭრილს პირველადი დახმარება.

ამ დროისთვის, ტადტაევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები

ფოტო: სააგენტო РЕС (სამხრეთ ოსეთი)

წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია, „ერთიანი ოსეთი“ 34 მანდატიდან, როგორც მინიმუმ 19 მანდატს მაინც მიიღებს.

მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ ოპოზიციური პარტიები – „სახალხო პარტია“ (მას მხარს უჭერს წამყვანი ოპოზიციონერი, ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი) და „ნიხასი“. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ზუსტად რამდენ მანდატს მიიღებს თითოეული მათგანი.

შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახეს „ხალხის ერთობამ“ (ის ექს-პრეზიდენტ, ლეონიდ თიბილოვთან ასოცირდება) და „კომუნისტურმა პარტიამ“, რომელსაც შესაძლოა, ასევე შეხვდეს ერთი მანდატი.

„ყველას წინააღმდეგ“ ხმა ამომრჩეველთა 1,24-მა პროცენტმა მისცა.

როგორი ალიანსები შეიძლება ვიხილოთ ახალ პარლამენტში

ექსპერტების უმრავლესობის აზრით, მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი ახალ პარლამენტში მხარს მმართველ პარტიას დაუჭერს.

ერთ-ერთმა მათგანმა, მომავალმა დეპუტატმა, კონსტანტინ კასიევმა, რომელმაც მეხუთე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა, უკვე განაცხადა, რომ ის პარლამენტში „ერთიან ოსეთთან“ ითანამშრომლებს.

არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარი ექსცესები

არჩევნების დღემ, 9 ივნისმა, მთლიანობაში მშვიდად ჩაიარა. ოფიციალურად არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა და არც ერთ პარტიას არაფერი განუცხადებია – ერთი გამონაკლისის გარდა.

პარტია „ნიხასმა“ პროკურატურას მიმართა საჩივრით და განაცხადა, თითქოს, მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ მხარდამჭერმა ვლადიკავკაზში ასაკოვან მამაკაცს ფული შესთავაზა, რათა მას ამ პარტიისთვის მიეცა ხმა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფარული კამერით გადაღებული მოკლე ვიდეო. ის, ვინც იღებს, მმართველი პარტიის მომხრეს ეკითხება: „რატომ აძლევ ამ ადამიანს ფულს?“. ის კი პასუხობს, რომ ეს ადამიანი ნათესავია და მას ყოველთვის ეხმარება. ამასთან, თვითონ ფულის გადაცემის ფაქტი ვიდეოში არ ფიქსირდება.

„ერთიანი ოსეთის“ წევრებმა ამ ფაქტს „პროვოკაცია“ და ოპონენტების წინააღმდეგ „ბინძური მეთოდებით“ ბრძოლა უწოდეს. ინციდენტის გამოძიება ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურის თანამშრომლებს დაევალათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტმა სერიოზული გამოხმაურება არ ჰპოვა და ხმის მიცემის პროცესზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ