სამხრეთ კავკასია: საშიშროებები და საფრთხეები

რას ფიქრობენ რეგიონულ უსაფრზტხოებაზე სომხეთში

აპრილში ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ზოლში დაწყებული ოთხდღიანი ომის შემდეგ სომხეთში აქტიურად დაიწყეს უსაფრთხოების საკითხების განხილვა – ამასთან, ეს საუბრები ეხება არამხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.

მოხალისეები ისევ ფრონტის ხაზზე მიდიან. ბევრი მათგანი მესაზღვრე ჯარისკაცების მამა, ან ძმაა. საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაჩნდა ერთობის განცდა. სომხეთის მცხოვრებები, ასე თუ ისე, დამშვიდდნენ – საზღვარი დაცულია.

 

 

თუმცა, უსაფრთხოების საკითხი პოლიტიკურ კომპონენტსაც მოიცავს. ბოლო დროს ანალიტიკოსები აქტიურად საუბრობენ ყარაბაღის კონფლიატის ესკალაციის ახალი ეტაპის მიზეზების შესახებ, საუბრობენ რეგიონში მოსალოდნელ ცვლილებებზე და პოლიტიკურ მდგომარეობაზე გავლენის მქონე სახელმწიფოების ქმედებებსა და სტრატეგიებს აფასებენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონი სამხედრო კონფლიქტების არენა გახდა. ადგილი ჰქონდა ომებს მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

 

 

პოლიტიკის ანალიტიკოსი ოვსეფ ხურშუდიანი კავკასიას ადარებს გასაოცარ მოზაიკას, რომლის საფუძვლადაც განსხვავებული ხალხები და კულტურები გვევლინება. ექსპერტის თქმით არც ერთი ხალხი არ უნდა იყოს იძულებული, დატოვოს ის რეგიონი, რომელშიც სურს, იცხოვროს. კავკასიამ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი, მაგრამ ერთ რეგიონში საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად საჭიროა ახალი მიდგომა შემუშავდეს.

«ღირებულებები, რომლებიც ამჟამად არსებობს ჩვენს საზოგადოებებში, ვერ ქმნის იმ საძირკველს, რომელზეც თანაცხოვრების შენება იქნებოდა შესაძლებელი. თუკი ტერიტორია ადამიანებზე ძვირფასია, მაშინ მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველი არ არსებობს».

 

 

სომეხი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კავკასიის სახელმწიფოებს შორის არსებული გამყოფი ზოლები ძლიერი საგარეო მოთამაშეების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია. თითოეულ მათგანს აქ თავისი ინტერესი აქვს, ყარაბაღის კონფლიქტი კი რეგიონის სტაბილურობაზე უშუალო ზეგავლენას ახდენს.

«იმისათვის, რათა გავიგოთ, თუ რამდენად მჭიდრო და არსებითია ეს კავშირი, საჭიროა გადავხედოთ რუსეთ-თურქეთ-ირანის ურთიერთობების ისტორიას კავკასიის კონტექსტში, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ მდგომარეობაზე ზემოქმედებისათვის საჭირო ბერკეტების სახით ეთნიკური და რელიგიური ასპექტები გამოიყენებოდა.

სამხრეთ კავკასიაში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის დარღვევა რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის არსებულ ბალანსს მოშლის, რამაც, შესაძლოა, რეგიონალური კონფლიქტი გამოიწვიოს»,- ამბობს სტეფან დანიელიანი, დირექტორი ცენტრისა „თანამშრომლობა დემოკრატიისთვის“.

ოვსეფ ხურშუდიანის თქმით, მთიანი ყარაბაღის პრობლემას თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს – ის ჯერ კიდევ იოსებ სტალინმა ჩადო საბჭოთა კავშირის საძირკველში ნაღმის სახით. სტალინმა სომხებით დასახლებული არწახი სომხეთს მოსწყვიტა და აზერბაიჯანს მიუერთა.

«არწახი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნაწილი. ეს ფაქტია. აზერბაიჯანი, რომელიც საბჭოთა კავშირს გამოეყო და უკვე მთიანი ყრაბაღის გარეშე მიიღო დამოუკიდებლობა, თავისი არსებობის პირველივე დღეებში არწახის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა და გვაჩვენა, რომ არამხოლოდ არწახის ძალადობრივი გზით შენარჩუნება, არამედ მისი სომხური მოსახლეობის განადგურება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რეგიონიდან გასახლება სურს. ამ ფაქტების აღიარების გარეშე რეგიონული უსაფრთხოების ახალი გარემოს ფორმირება შეუძლებელია».

 

 

სომეხი ექსპერტების შეფასებებითზესახელმწიფოების პოზიციები, უფრო ზუსტად კი მაი ინტერესთა კონფლიქი და მოსაზრებების განსხვავებულობა კონფლიქტის დარეგულირების საქმეში დადებითი ძვრების დაფიქსირების საშუალებას არ იძლევა.

სტეფან დანიელიანის აზრით, აწახის პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმები არწახის საზღვრებს გარეთაა:

«ერთ უხეშ შედარებას მოვიყვან – დიდი ხნის მანძილზე ელზასისა და ლოტარინგიის გამო საფრანგეთსა და გერმანიას შორის სისხლიანი კონფლიქტი იყო გაჩაღებული, რომლის დაწყებაც ჯერ კიდევ ბისმარკმა იწინასწარმეტყველა, როდესაც ეს ტერიტორია დაიპყრო. მოგვიანებით საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები ევროკავშირის შექმნის საფუძველი გახდა. ახალმა ურთიერთობებმა ახალი აზროვნება წარმოშვა.

დაახლოემით იგივეს თქმა შეიძლება არწახზეც. ვთვლი, რომ ვიდრე მთელ რეგიონში არ გამოინახება თანაცხოვრებისათვის საჭირო გადაწყვეტილება, ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდება. ის, რბილად რომ ვთქვათ, უნდობლობა, რაც მხარეებს შორის არსებობს, კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებს არ ტოვებს. თუმცა, რეგიონში საჭირო ატმოსფერო არ იქმნება. მეტიც – კონფლიქტების რაოდენობა იზრდება ახლო აღმოსავლეთში. და არამხოლოდ მანდ. მოვლენების ასეთი განვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა».

 

 

დიდი მოთამაშეების“ ინტერესების შეჯახების შედეგების გადატანა რეგიონის მოსახლეობას უწევს. და არსებობენ ქვეყნები, რომელთაც, შესაძლოა, არწახის კონფლიქტის ესკალაცია აწყობდეთ – იმისათვის, რათა საკუთარი პოზიციები გაიმყარონ და გავლენის სფერო გააფართოვონ.

ოვსეფ ხურშუდიანი აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნებია რუსეთი და თურქეთი.ორივეს სჭირდება ახალი კონფლიქტი იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება გადაატანინოს იმ დესტრუქციული ქმედებებიდან, რომლებსაც თურქეთი ახორციელებს სირიაში, რუსეთი კი – დონბასის რეგიონში.

«გარდა ამისა, ორივე ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად დაასუსტოს სომხეთი. ერთი მასში მეტოქესა და სომეხთა გენოციდის სამართალმემკვიდრეს ხედავს, მეორეს კი სურს, რომ კიდევ უფრო მეტი გავლენა მოიპოვოს სომხეთზე, იმიტომ რომ 2009-2013 წლებმა გვაჩვენა, რომ სომხეთის საზოგადოება უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციისთვის და ნატოსთან ურთიერთობის განვითარებისთვის მზად არის. ეს გარემოება რუსეთმა რეგიონში ერთადერთი სამხედრო ბაზის დაკარგვის საფრთხედ აღიქვა».

ექსპერტი ამტკიცებს, რომ იმავე რუსეთისათვის უმჯობესია რომ კონფლიქტის ესკალაცია ზომიერი და მართვადი იყოს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა,არაპროგნოზირებადი შედეგები მიიღოს – დაწყებული ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების ჩართვით არწახის, და შემდეგ კი ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგ ბრძოლაში, და დასრულებული რეგიონში ძალთა ბალანსის ისეთი დარღვევით, რომლის შედეგადაც შესაძლოა, რუსეთი საბოლოოდ გამოაძევონ სომხეთიდან.

 

 

თუმცა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ვაგარშაკ არუთიუნიანის აზრით, ამ რეგიონში რუსეთის ფაქტორი მშვიდობის გარანტიას ქმნის და რუსეთს კონფლიქტები, რბილად რომ ვთქვათ, არ სჭირდება.

«1994 წელი. კონფლიქტები აფხაზეთში, ოსეთში და ყარაბაღში. ვინ დაამყარა მშვიდობა ამ ტერიტორიებზე? რუსეთმა. 1994 წლის მოლაპარაკებებზე ვიმყოფებოდი და შემიძლია დაწვრილებით მოგიყვეთ, თუ რა ხდებოდა. აქ კონფლიქტები მისი ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. რუსეთს აქ თავისი ინტერესები აქვს და იგი ამ რეგიონში დარჩება და საკუთარ ინტერესებს დაიცავს, მაგრამ მას სამშვიდობო პირობები აწყობს – მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ეს ქვეყანა საკუთარი გავლენის გაძლიერებას».

არუთუინიანის აზრით, კონფლიქტების გაღვივება იმ ქვეყნებს აწყობთ, ვისაც რუსეთის ამ რეგიონიდან გაძევება სურს.
«ვის სჭირდებოდა კონფლიქტები აფხაზეთსა და ოსეთში? მთელი იმ პერიოდის მანძილზე სომხეთი და მთელი ამიერკავკასია რუსეთისგან მოწყვეტილი იყო; არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური კავშირები, რაც რუსეთთან კავშირს შეუძლებელს ხდიდა. სწორედ ამ მდგომარეობაში მიბრუნდა სომხეთი და სომხური ეკონომიკა თუქეთის მხარეს. და რაც უფრო მეტად ჭიანურდება კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში, მით უფრო წყდებიან სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო რუსეთს და მზერა სამხრეთისკენ გადააქვთ».

თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აპრილის ომიდან მოყოლებული დღემდე ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს და, ამავდროულად, სამხრეთ გავკასიაში თავისი გავლენის გასაძლიერებლად ყარაბაღის კონფლიქტს იყენებს. ამ გზით თურქეთი რუსეთის წინაშე კუნთებს ათამაშებს – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში (სირიაში) კრახი განიცადა.

 

 

«ისტორია ცხადყოფს, რომ ნებისმიერ ანტირუსულ კერაში თურქთს თავისი ინტერესები აქვს და ასეთ რეგიონებში ეს ქვეყანა ცდილობს, მიმდინარე პროცესებში არაპირდაპირი მონაწილეობა მიიღოს. გავიხსენოთ ჩეჩნეთის კონფლიქტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. აღნიშნულ დაპირისპირებაში თურქეთი ბოევიკებს უჭერდა მხარს.

თურქეთი ცდილობს, საკუთარი გავლენა გაზარდოს რეგიონში, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი არის რუსული გავლენა. ამ პროვოკაციით თურქეთი ცდილობს, აზერბაიჯანულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე მოიპოვოს გავლენა“, – მიაჩნია თურქოლოგ ანდრანიკ ისპირიანს.

სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ექსპერტები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სამკუთხედის ცენტრში იმყოფება.

 

 

ფოტო: PanARMENIAN

«რაც არ უნდა მოხდეს – ოთხდღიანი ომი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, თუ ხუთდღიანი ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, სომხეთმა და საქართველომ კონსოლიდირება უნდა შეძლონ და უნდა უზრუნველყონ ის, რომ ამ ქვეყნებს შორის კიდევ ერთი გამყოფი ზოლი არ შეიქმნას. თუკი სომხეთს ევროატლანტიკური კონცეფცია აქვს, აღნიშნული გეგმა მხოლოდ საქართველოსთან ერთად შეიძლება განხორციელდეს»,- მიაჩნია ექსპერტს კავკასიის კონფლიქტების საკითხებში, ჟურნალისტ თათულ აკოფიანს.

დიდი კავკასიური სახლის პრობლემები არ მცირდება და ყველა სირთულე უნდა გადაილახოს. გვერდიდან ეს უკეთ ჩანს.

ბრიტანელი ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი ჟურნალში Politico ყარაბაღის კონფლიქტის მორიგ ესკალაციას ასეთ კომენტარს უკეთებს:

«მთიანი ყარაბაღის გარშემო უსაფრთხოების ვაკუუმის ზონა შეიქმნა და ეს ვაკუუმი ან მოლაპარაკებებით შეიძლება შეივსოს, ან – ომით.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის ბოსნიური სცენარის გამეორებამდე 2-3 ნაბიჯი აშორებთ, რამაც შესაძლოა დამანგრეველი გავლენა იქონიოს მთელ რეგიონზე».

მასალა მომზადებულია Go Group Media-ს მიერ ორგანიზებული ჟურნალისტური ექსპედიციის ფარგლებში.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

გამოქვეყნდა: 22.05.2016


ასევე წაიკითხეთ