საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან მათდამი უყურადღებობის გამო განაწყენებული არიან" />

სამხრეთი ოსეთი: ვეტერანები პოლიტიკაში მიდიან

საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან მათდამი უყურადღებობის გამო განაწყენებული არიან

სამხრეთ ოსეთში საქართველო-ოსეთის კონფლიქტის ვეტერანები  სოციალურ დაუცველობაზე ჩივიან. ისინი სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარებას ან შეღავათს არ იღებენ და მხოლოდ ვეტერანთა ორგანიზაციების იმედად არიან.

“წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ავტორიტეტული ვეტერანების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ამაღლებს ამა თუ იმ კანდიდატის რეიტინგს. თუმცა, აქამდე ჩვენი სტატუსი სამხრეთი ოსეთის არც ერთ პრეზიდენტს კანონმდებლობით არ გაუმყარებია“, – უთხრა JAMnews-ს ერთ-ერთმა ვეტერანმა.

კოკოითიდან ბიბილოვამდე – ვის დროს იყო უკეთესი ცხოვრება?

ზოგიერთები ამ სიტუაციას პოლიტიკურ სარჩულს უძებნიან. ქართულ-ოსური კონფლიქტის ერთ-ერთი ვეტერანი ასლანი ჩივის, რომ ლეონიდ თიბილოვის პრეზიდენტობის დროს (2012-2017) შეგნებულად ახდენდნენ ვეტრანების იგნორირებას.

“რატომღაც ჩვენს მიმართ  უარყოფითი განწყობა არსებობს. შესაძლოა, იმის გამო, რომ ბევრი ჩვენგანი ყოფილი პრეზიდენტის კოკოითის [რესპუბლიკას 2001-2011 წლებში ხელმძღვანელობდა – JAMnews] ერთგულია, – ამბობს ერთ-ერთი ვეტერანი, რომელმაც თავი ასლანად გაგვაცნო, – ხელისუფლებაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც რთულ დროს რესპუბლიკა დატოვა და ჩრდილოეთ ოსეთსა და მოსკოვს შეაფარა თავი; მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ, როდესაც რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და საქართველოსთან მყიფე მშვიდობამ დაისადგურა – თან კარგი „შემოსავლიანი ადგილები“ დაიკავეს. ჩვენ კი უმუშევრად ვსხედვართ, არც სამკურნალო ფული გვაქვს და არც ოჯახების სარჩენი“.

ის იხსენებს, რომ ედუარდ კოკოითიმ  2008 წლის ომის ბევრ ვეტერანს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადასცა – „უაცამონგის“ ორდენი, რომლის კავლრებს მომატებული პენსია ერგებათ. „ძალოვანი უწყებების თანამშრომლები კოკოითის დროს გაცილებით უკეთ ცხოვრობდნენ“, – ამბობს ის.  

“ ვერ ვიტყვი, რომ ან მაშინ ვიყავით საყოველთაო ყურადღების ცენტრში, თუმცა პერიოდულად  ზოგს დასასვენებლად უშვებდნენ, ზოგს – სამკურნალოდ. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კი –  აღარაფერი“.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კოკოითიმ, რომელიც მაშინ პრეზიდენტი იყო,  ასობით მილიონი რუბლი გამოყო რესპუბლიკის დაცვაში მონაწილეთა დასახმარებლად. ზოგიერთებმა მიღებული ფულით საკუთარი ბიზნესის წამოწყება შეძლეს, ზოგმა „უბრალოდ დახარჯა“, ვიღაც დაქორწინდა.

ხოლო 200-ზე მეტი ოჯახური წყვილი სამკურნალოდ გაუშვეს:

„ბევრი მებრძოლი სანგრებში გაცივდა და უშვილოდ დარჩა“, – განმარტავს ასლანი.

 თ უმცა, ამ აზრს ყველა ვეტერანი სულაც არ იზიარებს. ვეტრანთა ორგანიზაცია „აეგდაუს“ დამფუძნებელმა კობა გაგლოევმა მედია-პორტალ „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ კოკოითის დროს რიგით ჯარისკაცებს უცნაურად გვერდს უვლიდნენ. ჩვენ ქუჩაში დავრჩით“.

კობა გაგლოევი იმედებს მომდევნო პრეზიდენტზე ამყარებდა – გენერალ ლეონიდ თიბილოვზე. მაგრამ მისი პრეზიდენტობით ყველა ვეტერანი უკმაყოფილო დარჩა – არც სტატუსი მიუღიათ, არც პენსიები, და არც სოციალური შეღავათები.

პოლიტიკური მეტოქეობა ვეტერანთა ორგანიზაციებს შორის

სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად რამდენიმე ვეტერანთა ორგანიზაციაა. „ოსეთის დამცველთა კავშირი“, „სამხრეთი ოსეთის დაჭრილთა ფონდი“ – რომელსაც სათავეში „უაცამონგის“ ერთადერთი ქალი კავალერი მადინა პლიევა უდგას – და ვეტერანებს როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან.  

რამდენიმე წლის წინ დაარსდა ასევე  „სამხრეთი ოსეთის ხალხის  1989-1992 წლების სამამულო ომის ვეტრანთა კავშირი „აგდაუ“(„ღირსება“). მისი დამფუძნებლები არიან – 1989 – 92 წლის საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მონაწილეები, დღეს ცნობილი მწერლები ტამერლან ტადტაევი და კობა გაგლოევი. თუმცა, ამ ორგანიზაციის პრაქტიკულ სქმიანობაზე არაფერია ცნობილი. თავად ტამერლან ტადტაევი 2008 წლის აგვისტოში კონტუზირებული იყო, მას მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა, ოპერაცია ესაჭიროებოდა, მაგრამ სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას ვერ ეღირსა.

ამ და რამდენიმე სხვა ორგანიზაციის პრობლემა ისაა, რომ ისინი ერთმანეთისადმი გარკვეულ მეტოქეობას ავლენენ, რადგან მათი ლიდერები სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკს მიეკუთვნებიან.

მაგალითად, 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შუაგულში გაჩნდა ამბოხებულთა ჯგუფი, რომლებმაც ორგანიზაცია „ოსეთის აღორძინება“ დააარსეს. ერთდერთი, რითაც მათ სახელი გაითქვეს – იმ დროისთვის უკვე ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის კრიტიკა იყო.   

პოლიტიკური ანგაჟირებულობის  შედეგად ხელისუფლების „ფავორიტები“ წამიერად შეიძლება იქცნენ „გარიყულებად“. „აეგდაუს“ დამფუძნებლებმა კობა გაგლოევმა და ტამერლან ტადეევმა ახლნდელი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი – და მისი გუნდის წევრები გახდნენ.    

სულ ახლახან კი პოლიტიკური სკანდალის შედეგად სამხრეთ ოსეთში კიდევ ერთი ვეტერანთა ორგანიზაცია გაჩნდა. ის „უაცამონგის“ ორდენის მფლობელმა დმიტრი ტასოევმა შექმნა.

ტასოევი პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა, ასევე ხელმძღვანელობდა მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ პოლიტსაბჭოს. 2017 წლის ზაფხულში ის თავისი თანაპარტიელის პიოტრ გასიევის პარლამენტის სპიკერად არჩევის წინააღმდეგ გამოვიდა და პარტიული კოლეგების მისამართით რამდენიმე საჯარო კრიტიკული განცხადება გააკეთა, – და შედეგად, ყველა თანამდებობიდან მოიხსნა.

“ხალხისთვის მიფურთხება,…  დანაშაულებრივი შეთქმულება,…. ხალხის უმოწყალოდ მოტყუება“, – JAMnews სამხრეთ ოსეთში ახალი სპიკერის არჩევის ირგვლივ განვითარებული სკანდალის შესახებ ჰყვებოდა.

ამჯერად დმიტრი ტასოევმა  ვეტერანთა ახალი ორგანიზაციის, სახელად „საბრძოლო თანამეგობრობის“, შექმნის შესახებ განაცხადა,  და მართალია, საჯარო პოლიტიკაში ის ჯერ შეუმჩნეველია, ბევრს მიაჩნია, რომ მისი „დუმილი“ – 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ