პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური თხოვნა მისმა ადვოკატმა შეიტანა" />

სააკაშვილმა უკრაინის ახალ პრეზიდენტს მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური თხოვნა მისმა ადვოკატმა შეიტანა

მიხეილ სააკაშვილი კიევში საპროტესტო აქციაზე გამოდის. ნოემბერი 2017 წელი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით მიმართა.  „ჰრომადსკოეს“  ინფორმაციით, ამის შესახებ მათ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ აცნობა.

„ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების ახალ სტადიასა და აქტიურ დაცვას. ახალი ეპოქა დადგა – ახალი პრეზიდენტი!“, — წერს ის.

• კომენტარი: სააკაშვილი უკრაინაში – დასაწყისი და დასასრული

დამცველი მოჰყვა, რომ 22 მაისს ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა და მიმართვა გადასცა.

მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო სამსახურსა და უშიშროების სამსახურს თხოვნით მიმართა, რათა მისთვის უკრაინაში შესვლაზე აკრძალვა გაეუქმებინათ.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 31 მარტს ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემისას განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მიესალმება:

„დაე, ჩამოვიდეს. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჯერად ყველაზე დიდ როლს თამაშობს, როდესაც უკრაინის დემოკრატიას ევროპაში იცავს და ამას თავისი ქმედებებით ავლენს. ის სერიოზული დიპლომატი და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, ვინც დღეს პოლიტიკაში მიდის.<…> ჩემი აზრით, ისეთი ადამიანის დახმარება, როგორიც სააკაშვილია, ყველას სჭირდება“.

როგორ მიიღო და დაკარგა სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წელს მიანიჭა, როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ბოლოს სააკაშვილი გადადგა და პრეზიდენტი პოროშენკო კორუფციასა და რეფორმების გატარების სურვილის არქონაში დაადანაშაულა. სააკაშვილმა ოპოზიციაში გადასვლისა და საკუთარი პარტიის შექმნის სურვილის შესახებ განაცხადა. 2017 წლის ივლისში პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად ის იქცა, რომ მოქალაქეობის მიღების დროს თითქოს მან მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ  ინფორმაცია დამალა.

2017 წლის დეკემბერში უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი „სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა – და თითქოს ის საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის ფულს რუსეთიდან, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ იანუკოვიჩთან დაახლოებული პირებისგან იღებდა. სააკაშვილი დააპატიმრეს, თუმცა მეორე დღეს უკრაინის სასამართლომ ის გაათავისუფლა. 2018 წლის თებერვალში მოხდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დეპორტირება. ამჟამად ის ნიდერლანდებში ცხოვრობს.


ასევე წაიკითხეთ