სასამართლოში დაბარებამდე რამდენიმე დღით ადრე, გვარამიამ ახალი არხის შექმნა დააანონსა " />

„რუსთავი 2“-ის საქმე გრძელდება: ნიკა გვარამიას ტელეკომპანიის თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ

სასამართლოში დაბარებამდე რამდენიმე დღით ადრე, გვარამიამ ახალი არხის შექმნა დააანონსა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს მოწმის სტატუსით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.

გვარამია „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა“ და „სამაუწყებლო კომპანიის სახსრების მითვისებაშია“ ეჭვმიტანილი.

გვარამიას წინააღმდეგ საქმე იმ სკანდალური მოვლენების გაგრძელებაა, რომლებიც უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ამ ყველაზე პოპულარული ქართული ოპოზიციური ტელეარხის გარშემო ვითარდება.

ნიკა გვარამია, რომელიც არხს შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ქიბარ ხალვაშმა გაათავისუფლა.

ოპოზიციური არხის მფლობელებს შორის დაპირისპირება 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე დაიწყო. მმართველი გუნდი ამ პროცესს „კერძო პირებს შორის დავად“ აფასებდა, მაგრამ დამკვირვებლებისთვის ნათელი იყო, რომ „კერძო პირების“ უკან ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება იდგა, რომელიც ძლიერი ოპოზიციური მედიის თავიდან მოშორებას ცდილობდა.

სასამართლოში დაბარების უწყება „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ახალი კრიტიკული ტელეკომპანიის შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში მიიღო.

გვარამიას აზრით, პროკურატურის მხრიდან ბრალდების წარდგენის მიზეზი, სწორედ მომავალი ტელევიზიაა.

მეორე მიზეზი, მისი სიტყვებით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სიტუაციაა. გვარამიას მიაჩნია, რომ ახალი მფლობელები ტელეკომპანიის ბანკროტად გამოცხადებას გეგმავენ, „იმდენად, რამდენადაც სხვანაირად ვერ მოახერხებენ თანამშრომლების გათავისუფლებას, მათ ადგილას ახლების მიღებას და ასეთი გზით არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას“.

„მათ რეალურად უნდათ „რუსთავი 2“-ის გაბანკროტება და ამისთვის მათ სჭირდებათ, დაამტკიცონ, რომ მე სადღაც მიმქონდა ფული. „რუსთავი 2“-დან საჭირო იყო არა ფულის წაღება, არამედ ფულის მოტანა, რათა კომპანიას ეარსება. ეს „ყალბი“ საქმეა“, – განაცხადა გვარამიამ.


ასევე წაიკითხეთ