„ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ ივანიშვილმა საბოლოოდ დაიპყრო ტელევიზია“ - თქვა დიანა ჯოჯუამ, სანამ 13 წლიანი მუშაობის შემდეგ "კურიერს" დატოვებდა" />

„რუსთავი 2“-ზე საკადრო წმენდა დაიწყო. “კურიერი” ეთერში აღარ გადის

„ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ ივანიშვილმა საბოლოოდ დაიპყრო ტელევიზია“ - თქვა დიანა ჯოჯუამ, სანამ 13 წლიანი მუშაობის შემდეგ "კურიერს" დატოვებდა

21 აგვისტოს რუსთავი 2-ის ეთერში  12 საათზე  საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” არ გავიდა.

მის ნაცვლად ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სერენადა” გადიოდა. ეთერში არ გასულა “კურიერი”  არც დილის ცხრა და ათ საათზე.

ჟურნალისტები ბოიკოტის რეჟიმში მუშაობენ და რეპორტაჟების მოსამზადებლად არ დადიან.

უცნობია, გავა თუ არა ეთერში არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება, ცხრასაათიანი “კურიერი”. გავრცელებული ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობამ ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ დაითანხმა, რომ ეს გადაცემა წაიყვანოს მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს “კურიერის” წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი არხიდან წავიდნენ.

მანამდე, 20 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხზე საკადრო წმენდა დაიწყო.

სალიამ გაათავისუფლა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე, რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტი და პროდიუსერი.

გათავისუფლებულია პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი ეკა კვესიტაძე, გასართობი პროგრამა „ნანუკას შოუს“ ავტორი ნანუკა ჟორჟოლიანი, პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ სკანდალურად ცნობილი წამყვანი გიორგი გაბუნია, რომელმაც პირდაპირ ეთერში აგინა დედა რუსეთის პრეზიდენტს.

პრესკონფერენციაზე სალიამ თქვა, რომ ჟურნალისტების გაშვების მიზეზი „ინტერესთა კონფლიქტი“ იყო. მისი თქმით, აღნიშნული ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება „რუსთავი 2“-ის წესდებას, კერძოდ, ისინი თანაუგრძნობენ და მონაწილეობას იღებენ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ახალი ტელეარხის შექმნის საქმეში.

„ამ ადამიანებს არ აინტერესებთ „რუსთავი 2“, მათ სურთ, რომ არხს ხელმძღვანელობდეს კონკრეტული ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა სალიამ.

მოგვიანებით, იმავე დღეს, 21:00 საათზე, როდესაც ტელეარხზე მთავარი საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ დაიწყო, მისი წამყვანები, დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი მაყურებლებს დაემშვიდობნენ და განაცხადეს, რომ ტელეკომპანიას ტოვებენ.

თავის ემოციურ გამოსვლაში, დიანა ჯოჯუამ, რომელმაც „კურიერის“ წამყვანად 13 წელი იმუშავა, განაცხადა, რომ არ შეუძლია დარჩეს ტელეარხზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის:

„ყველას ვუსურვებ წარმატებას, მათი ჩათვლით, ვინც კვლავინდებურად ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელეარხზე მოახერხებს საკუთარი თავისუფლების შენარჩუნებას. მე, დიანა ჯოჯუა, რომელიც კრემლმა აფხაზეთიდან გამომაგდო, არ შემიძლია ვიჯდე ბიძინა ივანიშვილის, ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოკავშირის ეთერში. დღეს, იძულებული ვარ დაგემშვიდობოთ. ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ ივანიშვილმა საბოლოოდ დაიპყრო ტელევიზია“, – განაცხადა მან.

წინაისტორია

სიტუაცია საქართველოს მთავარ ოპოზიციურ არხზე, „რუსთავი 2“-ზე მას შემდეგ შეიცვალა, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 18 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადავიდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ხელში. ის აცხადებს, რომ 2006 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალით წაართვა ტელეკომპანია.

პირველივე დღეს, ხალვაშმა გაათავისუფლა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც არხს შვიდი წლის განმავლობაში მართავდა და ამ პოსტზე თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

„რუსთავი 2“ იყო ყველაზე გამოკვეთილი კრიტიკოსი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის. ამ უკანასკნელმა სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ უწოდა „რუსთავი 2“-ს „სიცრუის მანქანა“ და „ნაციონალების პარტიული ტელევიზია“ (ნაციონალური მოძრაობა – მიხეილ სააკაშვილის პარტია – JAMnews). ივანიშვილი ამბობდა, რომ „რუსთავი 2“-მა მძევლად აიყვანა საზოგადოება და ატყუებს მას, მაგრამ ეს მალე დამთავრდება.

მიუხედავად იმისა, რომ სალიამ და ხალვაშმა პირობა დადეს, რომ არ შეეხებოდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას და არ გაათავისუფლებდნენ ჟურნალისტებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ერთი თვის შემდეგ, მათ არხზე საკადრო წმენდა დაიწყეს. მედიაექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ახალი კადრები ხელისუფლებისადმი ლოიალურობის პრინციპით შეირჩევა და „რუსთავი 2“ კრიტიკული ტელევიზიის როლში ყოფნას შეწყვეტს.

ამ პროცესის პარალელურად, რომელიც ტელეკომპანიის შიგნით მიმდინარეობს, მისმა ახალმა მფლობელმა ტელეკომპანიის გაყიდვის  შესახებ გააკეთა განცხადება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან თვეზე ნაკლები იყო გასული, როდესაც ხალვაშმა განაცხადა, რომ კომპანიას ყიდის, იმდენად, რამდენადაც ყოფილი დირექტორის ხელში მას დავალიანება დაუგროვდა. ხალვაშმა ტელეკომპანიის ყიდვით დაინტერესებულ ადამიანებს ერთკვირიანი ვადა მისცა. კვირა ამოიწურა, მაგრამ ყიდვის მსურველი ჯერჯერობით არ ჩანს.

ახალი „მთავარი არხი“

იმავდროულად, ახალი მფლობელის მიერ გათავისუფლებული „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი ოპოზიციური ტელეარხის გაშვებას გეგმავს.

„მთავარი არხი“ – ასე ერქმევა გვარამიას ტელეკომპანიას, რომელმაც უკვე მიიღო მაუწყებლობის უფლება. ახალი არხის მთავარი ამბიციაა, გახდეს „რუსთავი 2“-ზე უფრო მაგარი და გადაიქცეს ქვეყნის მთავარ კრიტიკულ ტელევიზიად, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის საქართველოს ხელისუფლებას.

გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ აქციათა საკონტროლო პაკეტს – 51%-ს – თავად ნიკა გვარამია ფლობს, 49% კი კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნის. ამას გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გვარამია არხის გენერალური დირექტორიცაა.

„მაშ ასე, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დაარსებულია… მალე თქვენ შეიტყობთ ინვესტორთა შესახებ, შენობის შესახებ, სიხშირეზე და – თქვენი დიდი იმედი მაქვს – ანგარიშის ნომერი, სადაც თქვენს მიერ ჩარიცხული ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება და ინვესტიცია იქნება საქართველოს პროდასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე თქვენ ფიქრობთ!“, – დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე.

გვარამია უკვე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ და ისინი საკუთარ ტელეკომპანიაში მიიწვია სამუშაოდ. ასევე, მან „რუსთავი 2“-ის სხვა თანამშრომლებსაც მოუწოდა არხის დატოვებისკენ.

პოლიტიკური მიმომხილველები ჯერ სიფრთხილით ეკიდებიან ნიკა გვარამიას ახალი ტელეკომპანიის პერსპექტივებს. ჯერჯერობით უცნობია, საიდან მოიტანს ნიკა გვარამია იმ უზარმაზარ ფინანსებს, რომელიც ტელეკომპანიის შექმნისთვისაა საჭირო, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე წარმატებულ ქართულ სატელევიზიო ბრენდს, „რუსთავი 2“-ს.

ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ტელეკომპანიის გარდა, ცნობილია, რომ ოქტომბერში მედიაბაზარზე გამოჩნდება კიდევ ერთი ახალი ტელეკომპანია. „ფორმულა“ – ასე ერქმევა ახალ არხს, რომელსაც კომპანია „ფორმულა კრეატივი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის.

„ფორმულა კრეატივი“ წლების განმავლობაში საკუთარ ვიდეოპროდუქციას „რუსთავი 2“-ის ეთერში უშვებდა, მათ შორის, პოპულარულ სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“. მაგრამ „რუსთავი 2“-ის მფლობელის ცვლილების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობამ ამ არხთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ახალი ტელეკომპანიის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

ახალი ტელეკომპანია თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად მზარდ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას ასახელებს.

უკვე ცნობილია, რომ „ფორმულას“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.


ასევე წაიკითხეთ