ვინ არიან კონგრესმენები, რომლებიც ხელს აწერენ ამ წერილს და რატომ არის მათი აზრი მნიშვნელოვანი? " />

რვა პრობლემა, რომელიც კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ახსენეს

ვინ არიან კონგრესმენები, რომლებიც ხელს აწერენ ამ წერილს და რატომ არის მათი აზრი მნიშვნელოვანი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენებისგან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, პოლიტიკური ნიშნით დევნის ოპონენტებს და ქვეყანაში გაუარესებულია საინვესტიციო გარემო. 

წერილს ხელს აწერს ოთხი კონგრესმენი: საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი, ასევე წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და საგარეო კომიტეტის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი, მაიკლ მაკქოლი.

წერილი 21 იანვრითაა დათარიღებული, თუმცა  პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ იგი გუშინ, 22 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა. 

ოპოზიცია და ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წერილია, რაც “ქართულ ოცნებას” მიუღია და მისი რეალური ადრესატი არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.

ხელისუფლების მესიჯ-ბოქსი ასეთია: წერილში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ ოთხი კონგრესმენის პოზიციაა და მისი სერიოზულად განხილვა არ ღირს. 

• მაკო გომურის ისტორია, რომელსაც თვალი თბილისში, საპროტესტო აქციაზე ამოუგდეს

• აქებს თუ აკრიტიკებს? რას ეუბნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას?

• საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა ფიცი დადო. რუსეთს მან საქართველოს “მტრული მეზობელი” უწოდა

კონკრეტული ფაქტების ჩამონათვალი, რაზეც წერილშია საუბარი:

1)  კონგრესმენები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. [აქ იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მისივე თანაგუნდელებმა ჩააგდეს_JAMnews]

 2) საქართველოს ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ:

ციტატა წერილიდან: “ჩვენ შეშფოთებული ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქმულიყო დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამასთან დაკავშირებული ძალადობით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ”

3) საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პოლიტიკური დევნის სამიზნედ აქცია:

ციტატა წერილიდან: „ჩვენში განგაშს იწვევს ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზება… ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სამიზნედ აქცევს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ახლა უკვე შეაჩერა არსებული ან გააჩერა შესაძლო ინვესტიციები ამერიკული კომპანიების მხრიდან ამ მნიშვნელოვან პროექტში. ეს ტენდენციები, როგორც სჩანს, ირეკლავს მზარდად არაკეთილმოსურნე ბიზნეს გარემოს და მათ გამო, შესაძლოა აშშ-სგან სამომავლო ინვესტიციებიც გაჩერდეს საქართველოში”. 

4) საქართველოს ხელისუფლების ქმედებები აძლიერებს რუსეთის და პუტინის გავლენას რეგიონში:

ციტატა წერილიდან: “შემცირებული უცხოური ინვესტიციები ზიანს აყენებს არა მხოლოდ ქართველ ხალხს და მათ იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის თაობაზე, არამედ ასევე აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს უმნიშვნელოვანესი ჰაბი აშშ-დან ევროპასა და შუა აზიაში, და პირიქით, მოძრავი საქონლისთვის, რაც წაადგებოდა საქართველოს ეკონომიკას”.

5) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნება” აფინანსებს ფეისბუკ-ანგარიშების ფართო ქსელს,  რომელიც ავრცელებს ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ შეხედულებებს, რითიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების შესაძლებლობას: 

ციტატა წერილიდან: „მაშინ, როცა საქართველო, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ კვლავ მოგიწოდებთ, დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ მისი დაცულობა როგორც შიდა, ისე გარე ჩარევისგან. 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებულ საპასუხო წერილში თქვენ დაგვპირდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება. თუმცა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, ფეისბუკს მოუწია „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელის დახურვა. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები, როგორც სჩანს, ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ შეხედულებებს, უბრალოდ მიუღებელია”.

6) “ქართული ოცნება” პოლიტიკური ნიშნით დევნის ოპონენტებს და ამისთვის მართულ პროკურორებს იყენებს. მას ასევე მიზანში ჰყავს ამოღებული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები:

ციტატა წერილიდან: “ჩვენ გვაშფოთებს ცნობები, „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორების მიერ ძველი საქმეების კვლავ აღძვრის შესახებ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. ამ საქმეების ნაწილს, შესაძლოა, ჰქონდეს ღირებულება, სხვები კი აღქმულია, როგორც, წამყვანი ოპოზიციური ლიდერების, ახალი ამბების მწარმოებლების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება”. 

7) საქართველოში მიკერძოებულია სასამართლო სისტემა:

ციტატა წერილიდან: “კანონის უზენაესობის დაცვა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის – რისი გარანტიაც თქვენმა პარტიამ გასცა”. 

8) საქართველოში გაუარესდა ბიზნეს-გარემო, ხდება ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროება: 

ციტატა წერილიდან: “1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართველი ხალხის მძლავრ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ,სამი ათწლეულის განმავლობაში მოცემული იმედის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე აშშ-ში. სამწუხაროდ, ეკონომიკის ინდიკატორები აჩვენებს მკვეთრ კლებას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოში, იმ ფონზე, როცა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა შევიწროება განიცადეს. ამის გამო ბევრმა გადასინჯა საკუთარი ბიზნესწამოწყებები”.

რა რჩევებს აძლევენ კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას

წერილში ნათქვამია, რომ უკანასკნელი პერიოდის მოვლენები ნეგატიურად აისახება საქართველოს იმიჯზე შეერთებულ შტატებში.

კონგრესმენები ქართველ კოლეგებს მოუწოდებენ, არ დაუშვან, რომ საქართველომ დაკარგოს ის დიდი მხარდაჭერა, რაც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ორივე პარტიის მხრიდან აქვს.

„ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა ითანამშრომლებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩთან კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის გაფართოების მიზნით, რათა საქართველომ კვლავაც, ბევრი წლის განმავლობაში შესძლოს იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი,” – წერია წერილში. 

ვინ არიან კონგრესმენები, რომლებიც ხელს აწერენ ამ წერილს და რატომ  არის მათი აზრი მნიშვნელოვანი?

წერილს ხელს აწერს ოთხი კონგრესმენი – საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერალდ კონოლი, ასევე წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ელიოტ ენგელი და საგარეო კომიტეტის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი მაიკლ მაკქოლი.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ხელმომწერთა შორის ორივე პარტიის წარმომადგენლები არიან, როგორც რესპუბლიკელები, ოისე დემოკრატები, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესში სრული კონსენსუსია.

“საქართველოს მთავრობამ ეს წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება ნეგატიური ტრენდების შესახებ: სამთავრობო ტენდერების პოლიტიზირება, გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალაუფლების კონცენტრაციია. ეს საქართველოს მეგობრებისგან მომდინარეობს”,-ასე გამოეხმაურა ტვიტერში კონგრესმენთა წერილს ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი.

მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წერილის ხელმომწერები სწორედ აშშ-ის კონგრესში არსებული საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან. საქართველოს მეგობართა ჯგუფის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საკითხების, მისი პრობლემატიკის სათანადო წარმოჩენას აშშ-ში. ისინი ხელს უწყობენ და აძლიერებენ საქართველოს პოზიციებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მიმართულებით, ანუ საქართველოს საკითხი აბარიათ კონგრესში. შესაბამისად, მათი აზრი საქართველოსთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მესამე – საკმაოდ მაღალია ხელმომწერი კონგრესმენების პოლიტიკური წონა. მაგალითად, ხელმომწერებს შორისაა ადამიანი, რომელსაც წარმომადგენლობით პალატაში საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია (ელიოტ ენგელი). ხოლო ჯერალდ კონოლი, რომელიც ასევე ხელს აწერს წერილს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის პრეზიდენტია.

ეს კონგრესმენები ხშირად აკეთებენ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს. მაგალითად, სწორედ ამ კონგრესმენების მუშაობის შედეგი იყო ის ფაქტი, რომ 2019 წლის ოქტომბერში  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი (რესპუბლიკელებმაც და დემოკრატებმაც დაუჭირეს მხარი) ერთხმად დაამტკიცა. ეს აქტი სწორედ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა წარადგინეს.

მაშინ საქართველოს ხელისუფლება ამ კონგრესმენებს “საქართველოს მეგობრებად” მოიხსენიებდა და ამ აქტს ხშირად იშველიებდა ოპონენტებთან დებატების დროს, როგორც ამერიკის მხარდაჭერის მაგალითს.

ხელისუფლების და ოპოზიციის რეაქცია

ხელისუფლების წარმომადგენლები წერილის შეფასებისას აცხადებენ, რომ კონგრესმენები შეცდომაში არიან შეყვანილი და არ აქვთ რეალური ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. “ცრუ ინფორმაციას” მმართველი გუნდის აზრით, ამერიკელ კონგრესმენებს ქართული ოპოზიცია აწვდის.

თავიანთ კომენტარებში ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ამ კონგრესმენების პოლიტიკური წონისა და გავლენის დაკნინებას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წერილს მხოლოდ ოთხი კონგრესმენი აწერს:

“ოთხი კონგრესმენის ავტორობით საკმაოდ კრიტიკულ წერილში შეინიშნება დეფიციტი ობიექტური ინფორმაციის და ჩანს, რომ მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ, ასევე შეინიშნება ტენდენციურობა”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე.

ოპოზიცია და ექსპერტები აღნიშნულ წერილს სერიოზულ გაფრთხილებად და წითელ ბარათად აღიქვამენ, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ აშშ-ისგან მიიღო.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ ეს წერილი, შესაძლოა, იყოს იმის ნიშანი, რომ აშშ-მა საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკა შეცვალოს:

“ეს წერილი რეალურად შეიძლება გახდეს ის საფუძველი, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლამდე. და როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამ წერილის უგულებელყოფას და ცდილობს ამ ყველაფრის უბრალოდ არითმეტიკამდე დაყვანას, რომ რას ნიშნავს, ან რას ცვლის ოთხი კონგრესმენის აზრი, ეს  ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” მზად არის საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, საკუთარი სკამებისთვის მთელი საქართველო გადაიყოლოს იმ უფსკრულში, რომელშიც ის, როგორც პარტია, უკვე დიდი ხანია მიექანება,” – ამბობს ბაქრაძე.

პოლიტიკური მიმომხილველის, გია ხუხაშვილის აზრით, კონგრესმენებმა წერილი სინამდვილეში  ბიძინა ივანიშვილს მისწერეს.

მისი თქმით, დასავლეთიდან ბოლო დროს მომავალი კრიტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობით საერთაშორისო პარტნიორები საკმაოდ შეშფოთებულები არიან – ისინი თვლიან, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი დადგა:

„ჩვენ რომ ჩამონათვალი გავაკეთოთ საიდან რა გამოხმაურება იყო, რა პოლემიკა იყო და ა.შ. დავინახავთ, რომ მთლიანად დასავლეთში, სამწუხაროდ, უკვე ყალიბდება (მარტო კონგრესმენებზე არ არის საუბარი) წარმოდგენა, თუ რა ტიპის მმართველობითი სისტემაა საქართველოში და ეს არის მთავარი პრობლემა. ფაქტობრივად, თუ ჩვენ ყველაფერს შევაჯამებთ, დავინახავთ – დასავლეთი უკვე რწმუნდება იმაში, რომ საქართველოში არის გარკვეული ტიპის ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი.. წერილით რეალურად ხომ გახარიასთვის არ მიუმართავთ?! ეს არის შემთხვევა, „მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო“. ანუ, ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს”,-აცხადებს ხუხაშვილი.


ასევე წაიკითხეთ