სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პირველად ჩავარდა საქართველოს შესახებ დეკლარაცია. რატომ? " />

რა მოხდა სტრასბურგში, ვინ ჩააგდო დეკლარაცია საქართველოს შესახებ? მოკლედ

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პირველად ჩავარდა საქართველოს შესახებ დეკლარაცია. რატომ?

12-13 თებერვალს, სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც საქართველოს შესახებ დეკლარაცია ჩავარდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დეკლარაციის ჩავარდნაში ოპოზიციას ადანაშაულებენ და ამ ნაბიჯს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ.

ოპოზიცია კი, პირიქით, ამბობს, რომ დეკლარაცია “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო.

JAMnews-ი შეეცადა გაერკვია, ვინ ამბობს სიმართლეს.

___________________________

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მთავარი ფუნქციაა იმსჯელოს, რამდენად ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და როგორია ქვეყანაში არსებული კონტექსტი.

კომიტეტი წელიწადში ორჯერ იღებს სპეციალურ დეკლარაციას, რითიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქარველოს მხარდაჭერას და აღნიშნავს ამ მიმართულებით ქვეყნის წინსვლას.

• რვა პრობლემა, რომელიც კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ახსენეს

• საქართველოს პრეზიდენტი PACE-ს სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მთავარი, რაც მან თქვა 

საქასტარასბურგი

მას შემდეგ, რაც 2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, არ ყოფილა შემთხვევა, რომ კომიტეტს საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაცია არ მიეღო.

თუმცა, ამჯერად მოხდა ისე, რომ რეზოლუცია ჩავარდა. კენჭისყრის დროს მას მხარი “ქართული ოცნების” დეპუტაციამ არ დაუჭირა, რადგან მათი აზრით, ტექსტი კრიტიკული და არაობიექტური იყო.

წესის თანახმად, იმისთვის, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეკლარაცია მიიღონ, საჭიროა ორი  უმრავლესობის მხარდაჭერა  – პირველი, ევროპარლამენტარების უმრავლესობის მხარდაჭერა და მეორე – ცალკე უშუალოდ ქართული დელეგაციის უმრავლესობის მხარდაჭერა. ვინაიდან ქართული დელეგაციის უმრავლესობას ოცნების დეპუტატები წარმოადგენდნენ, რომლებმაც დეკლარაციის ტექსტს მხარი არ დაუჭირეს, იგი ჩავარდა.

“ქართული ოცნებისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა ის რამდენიმე ათეული შესწორება, რომელიც თავდაპირველ ტექსტში შევიდა.

დეკლარაციის თავდაპირველ ვარიანტში არ იყო საუბარი არც გიგი უგულავას დაკავებაზე და არც პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე. ეს და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები დეკლარაციის ტექსტში სწორედ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ევროპარლამენტარებისა და ქართული ოპოზიციის მოთხოვნით შევიდა.

რატომ არ ჩაიწერა ეს ყველაფერი თავდაპირველ ტექსტში და რატომ შეიტანეს მერე?

ამის ორი მიზეზია. ერთი – დეკლარაციის ტექსტი იწერება კენჭისყრამდე გარკვეული პერიოდით ადრე (მაგალითად, იგი გიგი უგულავას დაკავებამდე დაიწერა. და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი – დეკლარაციის ტექსტი აუცილებლად არის შეთანხმების საგანი. ანუ ტექსტი კენჭისყრაზე ვერ გავა, თუ ქართული დელეგაციის უმრავლესობამ ანუ “ქართულმა ოცნებამ” მას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, კენჭისყრაზე გასული ტექსტი იყო ისეთი, როგორიც მოსწონდა “ქართულ ოცნებას”.

თუმცა, წესის თანახმად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ უკვე კენჭისყრაზე  გატანილ დოკუმენტში გარკვეული შესწორებები შეიტანოს როგორც ქართულმა ოპოზიცია, ისე ევროპარლამენტარებმაც.

სწორედ ეს მოხდა ამ შემთხვევაშიც – “ქართული ოცნების” მიერ მოწონებულ დეკლარაციის თავდაპირველ ტექსტს მხარი არ დაუჭირა ქართულმა ოპოზიციამ და ასევე ევროპარლამენტარებმა, ხოლო უკვე შესწორებული ვარიანტი დაიწუნა “ქართულმა ოცნებამ”.

რა ცვლილებები შევიდა დეკლარაციაში?

თავდაპირველ ტექსტში დაახლოებით ორმოცამდე ცვლილება შეიტანეს. მათ შორის, მთავარი აქცენტი სწორედ გიგი უგულავას დაპატიმრებაზე და პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და გასამართლების გახშირებულ ფაქტებზე გაკეთდა.

ასევე ტექსტში ასახულია:

ანაკლიის პორტთან დაკავშირებული მოვლენები;

პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საჯარო დაპირების შეუსრულებლობა;

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები და ზეწოლა ამომრჩევლებზე

უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ გამწესება მათი კვალიფიკაციის სრულად შეფასების გარეშე;

ძალის გადამეტება 20 ივნისისა აქციის (და 14 ნოემბრის აქციის) დაშლისას. 240-მდე მშვიდობიანი მომიტინგის, ჟურნალისტისა და სამართალდამცველის დაშავების ფაქტები. 300-ზე მეტი მომიტინგის დაკავების ფაქტები

დამოუკიდებელი მედია, რომელიც ხშირად ხდება ხელისუფლების წნეხის სამიზნე ამ მედიასაშუალებების დამფუძნებლების სამართლებრივი დევნა (ნიკა გვარამია, გიორგი რურუა, ავთანდილ წერეთელი, ზურაბ გუმბერიძე).

ყველა ამ ცვლილებას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტარებმაც. წინააღმდეგი იყო მხოლოდ “ქართული ოცნება”.

რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ დეკლარაციაზე  ვერ შეთანხმდნენ?

მინიმუმ იმას, რომ საქართველოს მთავრობა და ევროპარლამენტარები სხვადასხვაგვარად აფასებენ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს.

ხელისუფლება აღიარებს, რომ დეკლარაციის ჩაგდება “წარუმატებლობა” იყო და მთელს პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს:

“სამწუხარო რეალობაა, რომ ოპოზიცია ძალიან ნეგატიურად მუშაობს. ეს წარუმატებლობა, რომელიც მათ ძალიან გაეხარდათ, სამწუხაროდ, არ არის მმართველი პარტიის წარუმატებლობა – ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ამიტომ მსგავსი ტიპის დამოკიდებულება მათი მხრიდან, პირველ რიგში, ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ, არის ანტისახელმწიფოებრივი”, – ამბობს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, “ქართული ოცნების” დეპუტატი დავით სონღულაშვილი.

ის, რომ ამ დეკლარაციის მიღება, იმ სახით, რა სახითაც მათ უნდოდათ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ამას სტრასბურგში მივლენილი დელეგაციაც მოწმობს.

ხელისუფლებამ სტრასბურგში მოლაპარაკებების საწარმოებლად საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლიდერებიც გაგზავნა – თბილისის მერი კახი კალაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ისინი მართავდნენ სხვადასხვა შეხვედრებს, რათა ევროპარლამენტარებისთვის საკუთარი ვერსია მიეწოდებინათ.

“ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ყველა შესწორებას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ერთ მხარეს აღმოჩნდა საქართველოს ოპოზიცია და ევროპარლამენტი, მეორე მხარეს – ბიძინა. დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაში იღებდა მონაწილეობას. 

“ეს არის უპრეცედენტო ამბავი, ჩვენი გამარჯვება და “ქართული ოცნების” სრული კრახი. ეს მოხდა პირველად… ეს ივანიშვილისთვის არის კიდევ ერთი გაფრთხილება, ეს ადამიანი მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ. საქართველოს მეგობრები და პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და პარტნიორები. ქვეყნის გულშემატკივრები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და მით უმეტეს, ოლიგარქის, რომელსაც სახელმწიფო ყავს მიტაცებული”, – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა სტრასბურგში.  

 


ასევე წაიკითხეთ