8 მარტი გადამწყვეტი დღეა - ამბობენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში. ამ დღეს სტრასბურგის სასამართლო ან შეაჩერებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ან ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ტელეკომპანია აღარ იარსებებს იმ სახით, რა სახითაც დღეს მაუწყებლობს." />

ბრძოლა ოპოზიციური არხისთვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბევრი ამბობს, რომ ეს სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა

8 მარტი გადამწყვეტი დღეა - ამბობენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში. ამ დღეს სტრასბურგის სასამართლო ან შეაჩერებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ან ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ტელეკომპანია აღარ იარსებებს იმ სახით, რა სახითაც დღეს მაუწყებლობს.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2 მარტს წერტილი დაუსვა მრავალთვიან დავას იმის შესახებ, თუ ვინ არის საქართველოს ყველაზე მსხვილი ტელეკომპანიის რუსთავი 2-ის მფლობელი.

დიდი პალატის 9 კაციანმა კოლეგიამ ერთხმად აღიარა ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები უკანონოდ და  ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადასცა. ხალვაში გამოცხადდა რუსთავი 2-ის წილის 60 პროცენტის მფლობელად, ხოლო დანარჩენი 40 პროცენტი მისსავე კომპანიას “პანორამას” გადაეცა, რაც  იმას ნიშნავს, რომ ხალვაში კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ქართული მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრება არ ხდება.

თუმცა, მოხდა სასწაული, როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ. ევროპის საბჭოს სასამართლომ, რომელსაც რუსთავი 2-ის იურისტებმა 2 მარტსვე მიმართეს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით – 8 მარტამდე შეაჩერა.

ეს რამდენიმე დღე ევროპის სასამართლოს საქმეში გასარკვევად სჭირდება. 8 მარტამდე სტრასბურგი დამატებით მასალებს ელოდება რუსთავი 2-ის იურისტებისგან, რათა უკვე ახალი გადაწყვეტილება მიიღოს – შეაჩეროს თუ არა უფრო ხანგრძლივი დროით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ვიდრე არსებითად არ განიხილავს სარჩელს და არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე – თუ ვისია რუსთავი 2.

თუ სტრასბურგმა აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება არ მიიღო, მაშინ ძალაში რჩება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მის აღსრულებას უკვე ვერაფერი შეაჩერებს – ანუ საჯარო რეესტრში მოხდება მფლობელების შეცვლა, ტელეკომპანიაში კი ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდეს ახალი მენეჯმენტი.

“ის, რომ სტრასბურგმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და რამდენიმე დღით დააყოვნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ნიშნავს იმას, რომ მან დაინახა სერიოზული საფრთხეები ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების მიმართულებით,” – აცხადებს რუსთავი2-ის იურისტი, სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის ავტორი თამთა მურადაშვილი.

მურადაშვილის თქმით, სტრასბურგში საქმის არსებით განხილვას და იმის გარჩევას, თუ ვინ არის რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელი, შესაძლოა, თვეები და წლებიც კი დასჭირდეს, ამიტომ მანამდე აუცილებელია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება, რათა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას აუნაზღაურებელი ზიანი არ მიადგეს.

შეაჩერებს თუ არა სტრასბურგი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას საქმის საბოლოო განხილვამდე, 8 მარტს გახდება ცნობილი.

იმავე დღეს გამოეხმაურა რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო .

ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ამერიკის საელჩო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პლურალისტური მედიის არსებობა მნიშვნელოვანია.

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა, ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური,” – ნათქვმია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

რუსთავი 2-ის საქმე მოხვდა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ არსებობს კითხვის ნიშნები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ სამართალწარმოებასთან და ხელისუფლების ჩარევასთან სასამართლო პროცესებში.

“რუსთვი 2 ჩემია”

2 მარტს, როდესაც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი2-ის საქმეს იხილავდა, სასამართლოს შენობის წინ ხალხმრავლობა იყო. რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად შეკრებული რამდენიმე ასეული ადამიანი სასამართლოს წინ დროშებითა და ტრანსფარანტებით აღჭურვილი მივიდა.  “რუსთავი 2 ჩემია” – ეწერა ტრანსფარანტებზე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეკრებილები სტვენითა და აგრესიული შეძახილებით შეხვდნენ. მალე მათ ტელეკომპანიის შენობასთან გადაინაცვლეს, რამდენიმე კარავი დასცეს და ღამეც იქვე გაათენეს, რათა ფიზიკურად დაეცვათ ტელეკომპანია იმ შემთხვევაში, თუ იქ შესვლას ახალი მფლობელები მოინდომებდნენ.

“ჩვენ გავხდით მოწმე დემოკრატიის დამარცხების” – აცხადებდა სპეციალურ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია.

რუსთავი 2 საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელეარხია. ამას სატელევიზიო რეიტინგები მოწმობს.

არხი გამოირჩევა ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ადანაშაულებენ რუსთავი 2-ს, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიაა და  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ემსახურება.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მორიგ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც ტრიბუნასთან არხის თანამშრომელთა გარემოცვაში იდგა, ქიბარ ხალვაშს შესთავაზა რუსთავი 2-ი მისი კოლექტივისთვის გადაეფორმებინა. მისი თქმით, არხის თანამშრომლები მოახერხებდნენ საჭირო თანხის მოგროვებას და ტელევიზიის გამოსყიდვას.

მე მესმის, რომ თქვენ რთულ მდგომარეობაში ხართ. თქვენ ერთდროულად მოკალით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა და მე გთავაზობთ გამოსავალს ამ გამოუვალი მდგომარეობიდან,” – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რუსთავი 2 ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანშვილის ხელში გადავა.

ვინ არის ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში გვარამიას წინადადებას არ დათანხმდა.  ყველა სატელევიზიო ეთერში, სადაც მას ამ დღეებში ეპატიჟებიან, ხალვაშს იმის მტკიცება უწევს, რომ ის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი არ იქნება და რომ მის უკან ხელისუფლება არ დგას.

მისი თქმით, რუსთავი 2-ის -გან ის პარტიული ზეგავლენებისგან თავისუფალი მედიის შექმნას აპირებს.

ხალვაში ამბობს, რომ პროტესტი, რომელიც რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებითაა აგორებული, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერაა მართული და არხის თანამშორმლების პოზიციას არ გამოხატავს.

ქიბარ ხალვაში, ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც უზენაეს სასამართლოში საქმე მოიგო, რუსთავი 2-ს 2004-2006 წლებში ფლობდა. მაშინ ის იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და პრეზიდენტ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ჟურნალისტები, რომლებიც ტელეკომპანიაში იმ წლებში მუშაობდნენ, აღიარებენ, რომ ხალვაშის მმართველობის დროს არხზე იყო ცენზურა და კრიტიკული აზრის ეთერში გაშვებას ის ხშირად ღიად ბლოკავდა. მოგვიანებით, როდესაც ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადავიდა, ხალვაში მიუღებელი გახდა სააკაშვილის ხელისუფლებისთვის. ყოფილმა ხელისუფლებამ ხალვაშის ბიზნესს საქართველოში სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ხალვაში ამბობს, რომ იმ პერიოდში მას ძალით დაათმობინეს რუსთავი 2-ის წილებიც.

თუმცა, ბუნდოვანია ის გარემოებებიც, რომელთა შედეგადაც 2004 წელს ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელი გახდა. ამ ტელეკომპანიის დამფუძნებლები და სულ პირველი მფლობელები თავის მხრივ ჩივიან, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის წილები მათ ასევე ძალით დაათმობინეს სწორედ ხალვაშის სასარგებლოდ.

რუსთავი 2-ის თავგადასავალი

არასამთავრობო ოპრგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ს ინფორმაციით,  2004-2012 წლებში ტელეკომპანიამ 20-ჯერ გამოიცვალა მფლობელი. მფლობელის შეცვლის ყოველი ისტორია ბუნდოვან გარიგებებს უკავშირდება და დღემდე ბევრ პასუხგაუცემელ კითხვის ნიშანს ტოვებს. ყველა ამ გარიგების უკან სააკაშვილის ხელისუფლება იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავი 2”-ის 23-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ამ ტელეკომპანიის მფლობელები საეჭვო ვითარებაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, დღეს ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას, რომელიც კერძო დავის სარჩულით ცდილობს ყოფილ მფლობელებს კრიტიკული არხი ჩამოართვას და მისი სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს. ხელისუფლება ცდილობს, ყოფილი ხელისუფლების გზა გაიმეოროს, – ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

ხალვაშის სიმპათიები მმართველი “ქართული ოცნების” მიმართ მის ფეისბუკ გვერდზეც კარგად ჩანს. მის ფოტოალბომში დღემდე ინახება “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერი, რომელიც ხალვაშს მთავარ ფოტოდ ჰქონდა დაყენებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში.

“ეს კერძო დავაა”

მმართვლი ძალის წარმომადგენლები უარყოფენ ყოველგვარ ჩარევას სასამართლო პროცესებში და “რუსთავი 2”-ის საქმეს, როგორც კერძო დავას ისე განიხილავენ.

იმ დრამატული და რადიკალური ცვლილებების ფონზე, რომლებიც ბოლო დროს ქართულ მედიასივრცეში მიმდინარეობს, ხელისუფლების განცხადებები, რომ მედია პლურალიზმს ქვეყანაში საფრთხე არ ემუქრება, საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება.

ცოტა ხნის წინ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოვიდნენ, რომელთაც არხზე რამდენიმე კრიტიკული გადაცემის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს; პროსახელისუფლები ტელეკომპანია “იმედმა” შეიძინა  ერთ დროს ოპოზიციური და დამოუკიდებელი ტელეარხი “მაესტრო” და ამ მედია კონგლომერატის შემადგენლობაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეარხი GDS-იც შევიდა – ამ ფაქტების გათვალისწინებით, ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს გარეშე დამკვირვებლების დარწმუნება, რომ რუსთავი 2-ის საქმეში არ ერევა.

პრობლემებს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ხედავს თავად პრეზიდენტი მარგველაშვილიც.

“პროდასავლური არხის რუსთავი 2-ის გაჩერებით ჩვენ მივაყენებთ სერიოზულ დარტყმას ქართულ დემოკრატიას და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ტელეკომპანიამ ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძოს მუშაობა.

‘სტრასბურგმა გადაგვარჩინა”

მედია ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ  უზენაესმა სასამართლომ ქვეყნისთვისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო.

რუსთავი 2-ის წილის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის საკუთარი სურვილების შესასრულებლად  ყველაფერზე წამსვლელია.

უზენაესმა სასამართლომ დღეს უბრალოდ გააუქმა საქართველოში სასამართლო ხელისუფლება და ჩვენ უკვე ვერავის ვეღარ გვექნება იმედი, რომ ამ ქვეყანაში გვაქვს სასამართლო და თუ დაგვჭირდება მას შეიძლება მივმართოთ. ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, მედიის დასამორჩილებლად,“-განაცხადა ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა, რომელიც რუსთავი2-ის შენობასთან სხვა ჟურნალისტ კოლეგებთან ერთად სოლიდარობის ნიშნად მივიდა.

დემოკრატიული პროცესების შეფერხებაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერიც.

ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება დემოკრატიას, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ ისმის განსხვავებული და კრიტიკული აზრი. ეს არის ჩემი, როგორც ჟურნალისტის, როგორც თქვენი კოლეგის მოსაზრება. უბრალოდ არ შეიძლება რომ არ ვიდგე ყოველთვის იქ, სადაც რამე ემუქრება თავისუფალ და განსხვავებულ აზრს,“-განაცხადა ეკა მიშველაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის, თქმით, უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილებით თავდაყირა დადგა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები.

“ნამდვილად წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი. ამ გადაწყვეტილებით თავდაყირა დადგა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები. ის ადამიანები, ვინც აქ არიან, იცავენ განსხვავებულ აზრს, თავისუფალ მედიაგარემოს და სასამართლო სისტემას,“ – განაცხადა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები სპეციალურ პეტიციებს აწერენ ხელს რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად.


ასევე წაიკითხეთ