წუთნახევრიანი ტრეილერი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქართველი ნაციონალისტები აკინის ფილმის წინააღმდეგ მობილიზებულიყვნენ" />

ულტრანაციონალისტები ლევან აკინის ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან

წუთნახევრიანი ტრეილერი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქართველი ნაციონალისტები აკინის ფილმის წინააღმდეგ მობილიზებულიყვნენ

9-10 ნოემბერს, თბილისის კინოთეატრებში ლგბტ ურთიერთობების თემაზე გადაღებულ პირველ ქართულ ფილმს აჩვენებენ – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced). თუმცა, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებმა, ასევე ეკლესიის წარმომადგენლებმა უკვე დააანონსეს, რომ პრემიერა ვერ გაიმართება – ისინი საპროტესტო აქციების მოწყობასა და კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას აპირებენ.

• “ქართული მარში”: მიგრანტების წინააღმდეგ და საგარეო “ნეიტრალიტეტის” მხარდასაჭერად

• ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები

• “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”

მიზეზი: მათ მიაჩნიათ, რომ მამაკაცების სიყვარული მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის.

ფილმი, რომელზეც არის საუბარი, ქართული წარმოშობის შვედმა რეჟისორმა, ლევან აკინმა გადაიღო. სურათში საუბარია ორი მოცეკვავის სიყვარულზე. ფილმი შვედეთმა ოსკარზე წარადგინა.

„ქართულ ცეკვაში სისუსტის ადგილი არ არის“

ფილმის სიუჟეტი თბილისში, საქართველოს ეროვნული ანსამბლის სტუდიაში ვითარდება, სადაც ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავენ.

მერაბი ბავშვობიდან თავის პარტნიორ მარისთან ცეკვავს.

მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როდესაც სტუდიის კარს აღებს ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ირაკლი. მერაბს მისდამი ლტოლვა უჩნდება.

– იცი, სად მოხვედი?

– საქართველოს სახელმწიფო ანსამბლში.

– ასე რომ, მოიხსენი ეს საყურე!

ასეთი დიალოგი ისმის ფილმის ტრეილერში. იქ ასევე არის ფრაზა – „ქართული ცეკვა დაფუძნებულია მამაკაცურობაზე. მასში სისუსტის ადგილი არ არის“.

ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისსა და ბათუმში ყველა ბილეთი გაიყიდა.

 

როგორც მაჰათმა განდი

ეს წუთნახევრიანი ტრეილერი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქართველი ნაციონალისტები აკინის ფილმის წინააღმდეგ მობილიზებულიყვნენ.

„ზაფხულში გეი-აღლუმი ჩავშალეთ, ახლა ამ კინოჩვენებას ჩავშლით“, – განაცხადა ნაციონალისტური მოძრაობის, „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში, მოქმედი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

„მაჰათმა განდის მშვიდობიანი პროტესტის სტილში, ჩვენ ხელს შევუშლით გეი-პროპაგანდის გავრცელებას“, – განუცხადა ბრეგაძემ „რადიო თავისუფლებას“.

ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმი არ უნახავს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ის „ჰომოსექსუალიზმის ღია პროპაგანდას“ წარმოადგენს.

ქართული ულტრანაციონალისტური ორგანიზაცია „ქართული მარში“, რომელსაც ბრეგაძე ხელმძღვანელობს, სამი წლის წინ შეიქმნა და სახელი გაითქვა ხმამაღალი აქციებითა და მთელი რიგი ინციდენტების სერიებით. მაგალითად, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ინიციატივა იყო თბილისის ქუჩებში პატრულირება და მიგრანტების დაჭერა.

ბრეგაძესთან ერთად, ფილმის წინააღმდეგ საკუთარი მომხრეების მობილიზებას ახდენს კიდევ ერთი ქართველი ნაციონალისტი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე.

ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვასაძემ თავის მომხრეებს თბილისის ცენტრში, ვაკის პარკში შეკრებისკენ და „შიშველი ხელებით, აგრესიის გარეშე, კინოთეატრების დარბაზებში შესვლისა და სეანსების ჩაშლისკენ“ მოუწოდა.

ამასთან, მან მიმართა კინოთეატრების მფლობელს, გია ბაზღაძესაც:

„გია, მე შენ ნამდვილ ვაჟკაცად მიგიჩნევ და ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ეს ფილმი შენს კინოთეატრებში უნდა აჩვენონ. თუკი ვინმემ დაგაშინა ან გაიძულა ამის გაკეთება, თქვი და მთელი საქართველო დაგიცავს“, – მიმართვა ვასაძემ იმ კინოთეატრების მფლობელს, სადაც აკინის ფილმი უნდა აჩვენონ.

კრემლის იდეოლოგთან, ალექსანდრ დუგინთან დაახლოებული ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევა. ის დიდი ხნის წინ გამოირჩა, როგორც გამოკვეთილი ჰომოფობი. ცოტა ხნის წინ, მან სპეციალური ჯგუფების შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლებიც ხელკეტებით იქნებოდნენ შეიარაღებული, რათა ლგბტ საზოგადოება დაესაჯათ.

ფილმის წინააღმდეგ გამოვიდა ეკლესიაც, რომლის წარმომადგენლებიც, ცოტა ხნის წინ, თავად აღმოჩნდნენ სკანდალის ეპიცენტრში, როდესაც გავლენიანმა სასულიერო პირმა, მეუფე პეტრემ და სხვა მღვდელმსახურებმა „პედოფილიასა და მამათმავლობაში“ დაადანაშაულეს.

პატრიარქის პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ეს ფილმი გეების სიყვარულზეა და მიუღებელია. ამასთან, ეკლესიის პასუხი იქნება მკაცრი“.

საქართველოს შსს-ში „რადიო თავისუფლებას“ განუცხადეს, რომ კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოების უსაფრთხოება, რომელიც ფილმის სანახავად მივა.

___________

რეჟისორი ლევან აკინი ქართულ მედიასთან ამბობს, რომ ამ ფილმის შექმნის ინსპირაცია მისთვის გახდა მძიმე სიტუაცია, რომელიც საქართველოში შეიქმნა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი ადამიანების მიმართ.

აკინი 2013 წლის 17 მაისს იხსენებს.

ამ დღეს, რომელიც მსოფლიო კალენდარში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღედაა აღნიშნული, თბილისში, ეკლესიისა და რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა ჩაშალეს აქცია, რომელიც მოქალაქეებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ ტოლერანტობისა და შემწყნარებლობისკენ მოუწოდებდა.

მაშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლი რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც აქციაზე გამოვიდნენ, პოლიციამ ძლივს გადაარჩინა რელიგიური ფანატიკოსებისა და ნაციონალისტური დაჯგუფებებისგან, რომლებიც მზად იყვნენ მათ ფიზიკურად გასწორებოდნენ. ავტობუსებს, რომლითაც პოლიციამ ლგბტ აქტივისტები გაიყვანა, ქვები დაუშინეს.

როგორც აკინი ამბობს, ხალხის აგრესიით გაოგნებული იყო და სწორედ მაშინ გადაწყვიტა ამ თემაზე ფილმის გადაღება.

ქართველი რადიკალები განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდნენ.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას რადიკალების „მფარველობასა“ და მათი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ანტისახელისუფლებო აქციების წინააღმდეგ გამართული კონტრაქციების მოწყობაში.

ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსოფლიო პრემიერა 2019 წლის მაისში, კანში, დამოუკიდებელი სექციის Director’s Fortnight-ის ფარგლებში გაიმართა, რის შემდეგაც მისი ჩვენების უფლება, დაახლოებით, ორმოც ქვეყანაში შეიძინეს.  

 

ფილმმა უკვე მიიღო 15 საერთაშორისო ჯილდო. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის „ყველაზე საინტერესო ტალანტების“ სიაში შევიდა – 2019 წელს, ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდის კინოფესტივალზე (Valladolid International Film Festival).

 

ფილმი ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური Frenc Quarter Film-ის ერთობლივი ნამუშევარია.


ასევე წაიკითხეთ