ჩრდილოეთ ოსეთში, ცოლების მკვლელობის რამდენიმე საშინელი ისტორიის შემდეგ, საუბარი იწყება არქაულ ტრადიციებსა და ოჯახში ძალადობასთან დაპირისპირებაზე" />

„ოჯახური კერის დამცველები“ თუ უუფლებო გოგოები?

ჩრდილოეთ ოსეთში, ცოლების მკვლელობის რამდენიმე საშინელი ისტორიის შემდეგ, საუბარი იწყება არქაულ ტრადიციებსა და ოჯახში ძალადობასთან დაპირისპირებაზე

ცოტა ხნის წინ, ვლადიკავკაზში, 22 წლის რეგინა გაგიევას სასტიკი მკვლელობის შემდეგ – მას ყოფილმა ქმარმა დანით 20-ზე მეტი დარტყმა მიაყენა – ჩრდილოეთ ოსეთში და მასთან ერთად, ცხინვალში, ოჯახური ძალადობის საკითხის დიდი საზოგადოებრივი განხილვა დაიწყო.

როგორც ირკვევა, პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ცოლების მკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის რამდენიმე საშინელი ისტორია მოხდა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაცინვისა და ცემის შემთხვევები გაცილებით მრავლადაა და მათ შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლობლებისთვის თუ ხდება ხოლმე.

• ოჯახური ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიაში: ტრადიცია კანონზე მაღლა დგას

როგორ აპატიო მამას

•„როდესაც ოჯახი მიდის, სახლში მკეტავენ, როგორც პატიმარს“

აშკარად არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სიტუაციამ აქ ასეთ საშიშ დონეს მიაღწია. მოგიყვებით მათ შესახებ თანმიმდევრულად. 

კრიზისული ცენტრებისა და გენდერული ორგანიზაციების არარსებობა 

ამ მომენტამდე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში არ არსებობდა არც ერთი კრიზისული ცენტრი, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები შეძლებდნენ დახმარების მიღებას და იქნებოდნენ დაცულები. ასევე, არ არის აქტიური გენდერული ორგანიზაციები.

რამდენიმე პროფილურ სამინისტროში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლია დარეკვა და ფსიქოლოგთან გასაუბრება. მაგრამ ამ შესაძლებლობას ადამიანები ხშირად ფორმალობად განიხილავენ.

და აი, 2019 წლის სექტემბერში, ჩრდილოეთოსეთელმა ფსიქოლოგებმა, იურისტებმა და ბლოგერებმა გააკეთეს განცხადება პროექტ „ხოტაეს“ („დები“) შექმნის შესახებ.

აქტივისტებმა განაცხადეს საკუთარი გეგმების შესახებ, „დაიცვან და მხარი დაუჭირონ ქალებს, რომლებმაც ძალადობა განიცადეს ახლობელი ნათესავებისგან“ და განზრახვის, ორგანიზება გაუწიონ ჩრდილოეთ ოსეთში 24-საათიანი ცხელი ხაზისა და კრიზისული ცენტრის შექმნას.

უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ შეეცდებიან დაიწყონ მუშაობა ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი ინსტიტუტის შექმნასა და არსებული მენტალიტეტის შეცვლაზე.

და ბევრი უფლებადამცველის აზრით, სწორედ მენტალიტეტი არის კიდევ ერთი მიზეზი ცოლების, დებისა და ქალიშვილების მიმართ ფართოდ გავრცელებული ძალადობის.

დედამთილები და სხვები ძალადობას ნორმად მიიჩნევენ და მის კულტივირებასაც კი ეწევიან 

ზარინე (სახელი შეცვლილია – JAMnews) 32 წლისაა, მას ორი შვილი და ყოფილი ქმარი ჰყავს. ის სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ, დედამთილთან კონფლიქტის გამო ოჯახიდან წამოვიდა.

„დედამთილი მუდმივად ერეოდა ჩვენს ურთიერთობებში. ჩემით მუდამ უკმაყოფილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ წელში არ ვიმართებოდი, ვალაგებდი, საჭმელს ვამზადებდი, ვრეცხავდი. მისთვის ეს ცოტა იყო და ჩემი ქმრის ან მეზობლების თანდასწრებით მსაყვედურობდა და მამცირებდა“, – განუცხადა მან JAMnews-ს. 

ბევრი ახალგაზრდა ცოლისგან განსხვავებით, რომლებიც ქმრების ოჯახთან კონფლიქტის შემდეგ, საკუთარ მშობლებთან ბრუნდებიან, ზარინამ მაშინვე ბინა იქირავა და ახალი ცხოვრების შენება დაიწყო. მალე ისინი შერიგდნენ და მეუღლე მასთან გადავიდა საცხოვრებლად. შეეძინათ მეორე ვაჟიშვილიც.

მაგრამ ოჯახის შენარჩუნებაში ამანაც ვერ უშველათ.

„მაშინაც კი, როდესაც ცალკე დავიწყეთ ცხოვრება, დედამთილი არ გვასვენებდა. მოდიოდა ჩვენთან სტუმრად და აგრძელებდა ქმრის ჩემ წინააღმდეგ განწყობას. იძულებული გავხდი განქორწინებაზე შემეტანა განცხადება, სასამართლოს გადაწყვეტილებით გავშორდით“

უკვე ხუთი წელია ზარინა ცალკე ცხოვრობს, ყოფილი ქმარი ალიმენტს უხდის, ახალი ბინაც უყიდა და უმცროს ვაჟზე გააფორმა. ამასთან, შერიგებას სთხოვს და ეუბნება, რომ ოჯახის დაბრუნება და ერთად ცხოვრება სურს.

„არ უარვყოფ, რომ ის ზრუნავს ბავშვებზე, ჩვენ უზრუნველგვყოფს. მაგრამ არ შემიძლია, მასთან თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო. ხშირად ვსეირნობთ, დიდ დროს ვუთმობთ ბავშვებს, სწავლას – მაგრამ ორ-სამ საათზე მეტხანს ყოფილი ქმრის გვერდით ყოფნა არ შემიძლია. ის კი სულ უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვს შერიგებას“.

ერთი კვირის წინ, როდესაც ზარინა სამსახურიდან ბრუნდებოდა, ყოფილი ქმარი სადარბაზოსთან დახვდა და უბრძანა, „მანქანაში ჩამჯდარიყო და დალაპარაკებოდა“. ქალი ამაზე არ დათანხმდა, რის შემდეგაც მამაკაცმა მას პირდაპირ მეზობლების თვალწინ სცემა.

„ის პირდაპირ ქუჩაში მცემდა. გამვლელები არ ერეოდნენ, გვერდს გვივლიდნენ, ზოგიერთებმა ტელეფონი ამოიღეს და გადაღება დაიწყეს. მეშინოდა, რომ ამ ვიდეოს ინსტაგრამზე განათავსებდნენ და ნათესავები მიცნობდნენ“.

ძალადობა დაუსჯელი რჩება 

უფლებადამცველი ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრა კიდევ ერთი მიზეზის გამოა რთული – ოჯახური ძალადობა ძირითადად დაუსჯელი რჩება და მისით პოლიცია იშვიათად ინტერესდება

ისეთი ტრაგიკული შემთხვევების გარდა, როგორიცაა მკვლელობა ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დამნაშავეები საკუთარი კავშირებისა და პოლიციაში ნაცნობების ხარჯზე, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ახერხებენ.

ზარინამ ცემის ფაქტი შსს-ში დააფიქსირა, ექსპერტიზაც ჩაიტარა, თუმცა, პოლიციაში განცხადების შეტანას არ აპირებს.

„დიახ, ჩემი ყოფილი ქმარი დაუსჯელი დარჩება. არ ვუჩივლებ, იმიტომ, რომ ის ჩემი შვილების მამაა, მათთვის ყველაფერს აკეთებს. დიახ, ის ამბობს, რომ ვუყვარვარ, რომ ოჯახის დაბრუნება უნდა, მაგრამ მე დიდი ხანია მივიღე გადაწყვეტილება და მასთან ერთად ცხოვრებას აღარ ვაპირებ. ეს ჩემი ყველაზე დიდი შურისძიებაა. ჩვენი შვილები გაიზრდებიან და როდესაც მკითხავენ, რატომ დავშორდით, ამოვიღებ და ვანახებ ცნობას ცემის შესახებ“.

ზარინას არ უნდა, ყოფილი ქმრის შესახებ ნათესავებთან დაიჩივლოს: 

„ჩხუბისას ერთი უფრო ძლიერი აღმოჩნდება. არ მინდა, რომ ძლიერი ჩემი ყოფილი ქმარი აღმოჩნდეს და მისი ხელით ახლა ჩემი ძმები ან მამაჩემი დაზარალდნენ“, – იქით ატრიალებს ჯერაც დალურჯებულ სახეს და ისე ამბობს ზარინა.

დახმარებისთვის ფსიქოლოგებთან ან ახალდაარსებულ „ხოტაეში“ მისვლასაც არ აპირებს.

„რა შეუძლიათ, მირჩიონ? ქმრისგან წამოვიდე? უკვე დიდი ხანია წამოვედი მისგან. პირველი რამდენიმე წელი ძალიან გამიჭირდა, მაგრამ გავუმკლავდი. დავამტკიცე, რომ მისი დახმარების გარეშეც შემიძლია შევდგე, როგორც პიროვნება, კარგი თანხა გამოვიმუშაო“.

ზარინას თქმით, უკვე აღარ ჰყოფნის მოთმინება და გამძლეობა, რომ გაჩუმდეს, როდესაც ქმარი მორიგ შეურაცხყოფას აყენებს და „მის დამორჩილებას“ ცდილობს. ამიტომ, ის არ აპირებს, გადახედოს ცალკე ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებას.

ფოტო: Reuters

ვის მხარესაა კანონი? 

ძერასა 36 წლისაა, ის ცხინვალში ცხოვრობს. ქმარი ხშირად ფეთქდება ხოლმე და სცემს, მაგრამ მას მილიციისთვის არ მიუმართავს.

„ჩემი ქმარი სვამს ხოლმე, ხდება ისეც, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხელს მირტყამს, ამასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასაც მაყენებს. ბევრჯერ მირჩიეს, რომ პოლიცია გამომეძახებინა, მაგრამ ამის აზრს ვერ ვხედავ. ჩემი ქმარი უკვე წელიწადზე მეტია, უმუშევარია, ოჯახს მე მივათრევ. მოვა მილიციის დანაყოფი, მას არ წაიყვანენ, რადგან მიიჩნევა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთში უნდა გაერკვეს, ჯარიმა კი გადასახდელი გახდება. ასე რომ, ერთადერთი შედეგი იქნება ოჯახის ისედაც მცირე ბიუჯეტის კიდევ უფრო დაზიანება“.

ძერასას მეზობელი ფატიმაც იზიარებს მის მოსაზრებას:

„ვიცი ოჯახები, რომლებშიც ქმარი, თუკი ფხიზელია, აბსოლუტურად ნორმალურია. მაგრამ როგორც კი დალევს – ჩხუბს იწყებს. და სად წახვალ მისგან, თუკი შვილები გყავს და არ გინდა, რომ ისინი მამის გარეშე გაიზარდონ.

ამას გარდა, განქორწინებული ქალი – ესეც განხილვის, ეჭვების და ჭორიკნების ფანტაზიის თემაა, პატარა ქალაქის პირობებში კი ეს ფსიქიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს“.

2017 წლის 7 თებერვალს, რუსეთში ძალაში შევიდა საკანონმდებლო შესწორება, რომლითაც, ფაქტობრივად, ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაცია მოხდა.

ახლა ცემის გამო, რამაც „ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ მძიმე შედეგები არ მოჰყვა“, თუ ის პირველად არის ჩადენილი, დამნაშავეს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება. ეს ითვალისწინებს ჯარიმას 30 ათასი რუბლის (დაახლოებით, 500 დოლარის) ოდენობით, 15 დღით პატიმრობას ან გამოსასწორებელ სამუშაოებს.

როგორ ცხოვრობს რუსეთი დაუსჯელი ოჯახური ძალადობის პირობებში

ვის მხარესაა ტრადიციები? 

ოსური საზოგადოება, ისევე, როგორც მთლიანად კავკასიური – პატრიარქალურია. მამაკაცი – ოჯახის თავია, ქალი – კერის დამცველი.

ქალისა და უმცროსის ცემა სირცხვილია – ოსური ტრადიციები გმობს ოჯახურ ძალადობას. მაგრამ უფლებებში გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის არსებობდა.

ტრადიციული ოსური საცხოვრებელი გაყოფილი იყო ქალისა და მამაკაცის ნახევრებად. ურთიერთობებიც მკაცრად რეგლამენტირებული იყო.

დღემდე, ბევრ ოჯახში შენარჩუნებულია „უაისადინის“ ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ოს პატარძალს უფლება არ აქვს, ილაპარაკოს ოჯახის უფროსი წევრების, მამამთილისა და მაზლების თანდასწრებით. როდესაც მამამთილი ამ აკრძალვის მოხსნას გადაწყვეტს, მოეწყობა დღესასწაული, რომლის დროსაც მსხვერპლად შეწირავენ ცხვარს ან მოზვერს და ნათესავების თანდასწრებით ოფიციალურად განაცხადებენ, რომ პატარძალი თავისუფლდება ამ ტრადიციის აღსრულებისგან.

მტკიცებულების ნიშნად, სიმამრი პატარძალს საპატიო ბოკალს მიართმევს და ამ მომენტიდან, ქალს უფლება ეძლევა ილაპარაკოს, როგორც მასთან, ისე მისი  თანდასწრებით.

ალკოჰოლი და ომი 

ნატალია ცხინვალიდანაა და მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი, ოსეთში სპირტიანი სასმელების პოპულარობაა:

„აქ მამაკაცებს არაერთხელ მოუწიათ საკუთარი სახლებისა და ოჯახების იარაღით ხელში დაცვა. მათ არასოდეს არანაირი ფსიქოლოგიური დახმარება არ მიუღიათ და ბევრი რისკჯგუფშია. ბევრი ჰყვება, რომ სიზმრებში ისევ ისვრიან და ომის მთელ საშინელებებს ხედავენ. და დილით, ნებისმიერი პატარა გამაღიზიანებელი რამის გამო ისინი ოჯახის წევრებზე ფეთქდებიან – ცოლებსა და ბავშვებზე“.

ემანსიპაცია დაიწყო? 

ბოლო პერიოდში, ოსეთში, ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, უფრო დამოუკიდებლად იქცევიან.

„რესპუბლიკაში უმუშევრობაა, უფრო ხშირად სამსახურს გოგოები შოულობენ – იმიტომ, რომ ოსი მამაკაცები არ განიხილავენ „არაპრესტიჟულ“ პროფესიებს: პარიკმახერობას, ვიზაჟისტობას, გამყიდველობას, ოფიციანტობას. მამაკაცები ტაქსის საჭესთან სხდებიან, ბევრნი კი უბრალოდ სახლში რჩებიან და ცოლებზე ბრაზდებიან“, – ამბობს პარიკმახერი ალინა.

ამის შედეგად, მისი აზრით, ქალები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს და კარგი ავტომობილებით დადიან.

„და როდესაც ქმარი ან ოჯახის რომელიმე წევრი ცდილობს, გვიყვიროს, სამზარეულოსკენ მიგვითითოს ან ჩვენზე ხელი აღმართოს, ჩვენ თავის დაცვას ვიწყებთ. ქალებმა უნდა ისწავლონ, რომ თავისი ადგილი მიუჩინონ დამნაშავეებს“.

მაგრამ სერიოზულად არავინ აწარმოებს გენდერული თანასწორობის საკითხების განხილვას არც ვლადიკავკაზში და არც ცხინვალში.

სახელისუფლებო ორგანოებში არიან ქალები – ძირითადად ისინი, რომლებმაც კარიერის შენება ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყეს.

ახლა ცხინვალის ხელისუფლებაში, ოთხი მინისტრის სავარძელი უკავიათ ქალებს – ეს არის ფინანსთა, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, კულტურის სამინისტროები. პარლამენტში – სამი ქალია. ასევე, ეროვნულ ბანკსა და უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობენ ქალები.

ჩრდილოეთ ოსეთში უფრო ნაკლები ქალი მინისტრია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი, ტრადიციულად, ქალებს ეძლევათ ხოლმე. შვიდიდან ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი ქალია, მისი საკურატორო საკითხებია – სოციალური და კულტურული სფეროები.

ჩრდილოეთ ოსეთში 8 ქალი დეპუტატია. ადრე, ორი სადეპუტატო ვადით, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტს ხელმძღვანელობდა ქალი, რაც იყო ძალიან სერიოზული კარიერული აღმასვლა ჩრდილოეთოსეთელი ქალი პოლიტიკოსისთვის. ამ წარმატებული გამოცდილების გამეორება ვერც ერთმა ქალმა დეპუტატმა ვერ მოახერხა. 

სამხრეთ ოსეთში ალა ჯიოევამ, რომელმაც 2011 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ოპონენტების კრიტიკა გენდერული ნიშნითაც დაიმსახურა.

მთავარი არგუმენტი ასე ისმოდა – ოსეთს არ შეიძლება კაბიანი მთავარსარდალი ჰყავდეს.

არჩეულმა პრეზიდენტმა ძალაუფლების მიღება ვერ მოახერხა.

 


ასევე წაიკითხეთ