ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედის“ შემდეგ "ლიბერთი ბანკიც" გაყიდა
ირაკლი რუხაძემ ბანკი გაყიდა
ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ შემდეგ „ლიბერთი ბანკიც“ ოფიციალურად გადააბარა ახალ მფლობელს. ბანკის აქციების 95.99% უკვე „ბაზისბანკის“ საკუთრებაშია. გარიგების მხარეები გადაწყვეტილებას მათთვის ხელსაყრელი ფინანსური პირობებით ხსნიან. „ლიბერთი ბანკმა“ 2025 წელს 128 მილიონი ლარის წმინდა მოგება აჩვენა.
„ლიბერთი ბანკი“ წლების განმავლობაში დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებდა პენსიების გაცემის სისტემაში. ბანკი ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს გასცემს – პროდუქტს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები წინასწარ იღებენ რამდენიმე თვის პენსიას, თუმცა შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფასად.
„ბაზისბანკი“, რომელიც ახლა „ლიბერთი ბანკის“ უმსხვილესი აქციონერია, ჩინურ „ჰუალინგ ჯგუფს“ ეკუთვნის. ბანკმა ბოლო მსხვილი გაფართოება 2022 წელს განახორციელა, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა VTB ბანკს დაარტყა. სწორედ მაშინ შეიძინა „ბაზისბანკმა“ VTB-ის ქართული აქტივები.
ახალი მმართველობის პირობებში „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტს „ბაზისბანკის“ ხელმძღვანელი დავით ცაავა დაიკავებს. კომპანიების განცხადებით, ორივე ბანკი მომხმარებლებისთვის შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.
რუხაძემ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრად მიიჩნევა, ტელეკომპანია „იმედი“ თებერვალში გაყიდა – რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე დიდი ბრიტანეთი ტელეიზიას რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის სანქციებს დაუწესებდა. ამის შემდეგ მალევე გახდა ცნობილი, რომ ის „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვასაც გეგმავდა.
ბანკის შესაძლო გასხვისებაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. თავად რუხაძემ მაშინ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მთავარ კანდიდატად „ბაზისბანკი“ განიხილებოდა, თუმცა არ გამორიცხავდა, რომ პროცესი სხვა მიმართულებით წასულიყო ან გარიგება საერთოდ არ შემდგარიყო.
გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად გაჩნდა ვარაუდი, რომ რუხაძე ცდილობდა მოსალოდნელი სანქციების გავლენის შემცირებას. თავად ბიზნესმენი ამ კავშირს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მისი კომპანიების გასხვისება სტრატეგიული ბიზნესგადაწყვეტილება იყო და არა სანქციებთან დაკავშირებული ნაბიჯი.
კომენტარი
ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი რუხაძე სანქციებს გაექცა და “ლიბერთი” ჩინურმა “ბაზისბანკმა” იყიდა.

რომან გოცირიძე: “სანქციების შიშით რუხაძე “ლიბერთი ბანკიდანაც” გაიქცა. იგი “ბაზისბანკმა” შეიძინა. 1,6 მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს ჩინეთის კონტროლქვეშ მყოფი ბანკი დაარიგებს.
საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტის პერსონალური მონაცემები ჩინურ კომპანიას ექნება. სხვა რამის გამო კი არ გააყიდვინეს ტიკტოკი ამერიკაში ჩინელებს
თუ რაიმე კარგი გვინდა რომ დავინახოთ ამ გარიგებაში არის ის, რომ “ლიბერთიბანკი” სანქციების საფრთხიდან გამოვიდა.”