მისულების უმრავლესობამ აქციაზე მოხვედრა ვერ შეძლო, ისინი სპეცრაზმმა გაყარა " />

ოპოზიციის აქცია ბაქოში: დაპირისპირება პოლიციასთან და 30 დაკავებული

მისულების უმრავლესობამ აქციაზე მოხვედრა ვერ შეძლო, ისინი სპეცრაზმმა გაყარა

ფოტო: Azadliq.org

ბაქოს ცენტრში აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ოპოზიციური ეროვნული საბჭოს სანქცირებული მიტინგი გაიმართა. ხელისუფლებამ მასში მონაწილეობის ნება მხოლოდ 50 ადამიანს დართო, თუმცა იქ ბევრად მეტი მივიდა. საბოლოოდ, პოლიციამ „ზედმეტი ხალხი“ განდევნა. წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია დაახლოებით 30 ადამიანი.  

თბილისური მიტინგების ნახევრად იამაიკელი მონაწილე

წინა ისტორია: ბრძოლა მზისქვეშეთში ადგილის დასამკვიდრებლად

წინათ ოპოზიცია მიტინგებს „მეჰსულის“ სტადიონზე, ბაქოს ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში ატარებდა. ეს ქალაქის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ხელისუფლება მათ შეკრების უფლებას აძლევდა.

მაგრამ სექტემბრის დასაწყისში სტადიონი კაპიტალური რემონტის გამო დაკეტეს.

ეროვნული საბჭო შეეცადა, რომ მიტინგების ჩატარების უფლება ქალაქის სხვა ნაწილში, ცენტრთან ახლოს მოეპოვებინა. მიტინგის თემა პოლიტპატიმრების საკითხი, კორუფცია და ხელისუფლებისადმი სხვა პრეტენზიები უნდა ყოფილიყო.

მაგრამ ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგის ჩატარება ლოკბატანში – ბაქოსთან ახლოს მდებარე დასახლებაში შესთავაზა. დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ ქალაქგარეთ გასვლაზე უარი განაცხადა.

საბოლოოდ –  არა მიტინგის, არამედ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების გვერდით მდებარე ჩიხში მცირე პიკეტის ჩატარების უფლება მიიღეს. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ თემის შეცვლა გადაწყვიტა. პიკეტი შეკრების თავისუფლებას მიუძღვნეს.

პიკეტი საგანგებოდ მიყვანილი ადამიანების მონაწილეობით

პიკეტი 8 სექტემბერს 15:00 დაიწყო.

პიკეტის ზოგიერთი ვერშემდგარი მონაწილე ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ იქ წინასწარ მიაგზავნა თავისი ხალხი, რათა 50 ადამიანი შეგროვილიყო და „კანონიერი საფუძველი“ შექმნოდათ, რომ იქ სხვა აღარავინ შეეშვათ.

ამ ვერსიის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ პოლიციელების გვერდით მდგომმა რამდენიმე ადამიანმა აღმართა პლაკატი წარწერით „ილჰამ ალიევ, ჩვენ თქვენთან ვართ“. ამან ოპოზიციონერები აღაშფოთა, ორმა მათგანმა პლაკატი დახია, და ისინი დააკავეს. 

პიკეტი რეზოლუციის წაკითხვით და იმ მოთხოვნით დასრულდა, რომ ხელისუფლებამ შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად კონსტიტუცია  და საერთაშორისო ვალდებულებები უნდა დაიცვას.

შემდეგი მიტინგი 19 ოქტომბრისთვის არის დანიშნული

თვითმხილველთა ნაამბობი

14:55 პიკეტის ჩატარების ადგილზე მივედი. მთელი უბანი სპეცრაზმელების მიერ იყო ალყაშემორტყმული. 30-მდე ადამიანი პიკეტზე მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ პოლიცია მათ დევნიდა. ორი ადამიანი ჩემს თვალწინ დააკავეს“

 „როდესაც პიკეტის ადგილის მახლობლად მდებარე პარკს ვუახლოვდებოდი, იქ იდგა ოცამდე ადამიანი, რომლების გაყვანას პოლიცია და სპეცრაზმი ცდილობდა. უბრალოდ, სკამებზე მსხდომ ადამიანებს პარკიდანაც დევნიდნენ. ჩემს თვალწინ ოთხი ადამიანი დააკავეს. მომეჩვენა, რომ დარბევაში სამოქალაქო ტანსაცმლიანი ძალოვნები მონაწილეობდნენ: ისინი პოლიციასთან ერთად რაღაცაზე მსჯელობდნენ, იქ მყოფებს ყურადღებით აკვირდებოდნენ, და ფოტოებს უღებდნენ“.


ასევე წაიკითხეთ