პარალელურად, ოპოზიციის გეგმებში კვლავ რჩება აქციები თბილისში " />

ქუთაისის შემდეგ პროტესტები უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში დაიწყება

პარალელურად, ოპოზიციის გეგმებში კვლავ რჩება აქციები თბილისში

მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ოპოზიციის ლიდერებმა გეოგრაფიის გაფართოება და პროტესტში რეგიონების ჩართვა გადაწყვიტეს.

პირველი მიტინგი 6 დეკემბერს ქუთაისში გაიმართა.

მოთხოვნა უცვლელია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს. კომპრომისულ ვარიანტად ოპოზიცია ე.წ. “გერმანულ მოდელსაც” ასახელებს, თუმცა ხელისუფლება არც ამაზეა თანახმა.

• რას ნიშნავს „გერმანული მოდელი“. მოკლედ და გასაგებად

• საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. სად არის გამოსავალი? 

რეგიონებში გასვლის გადაწყვეტილება 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ 1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება ვიდრე ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან პოლიტიკური გამოსავალი არ მოიძებნება:

“ქუთაისში იქნება აქცია და მშვიდობიანი მსვლელობა. ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი ისე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე. ასეთი აქციები გაგრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებში და რეგიონებში. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება არა მაშინ, როდესაც სპეცრაზმს გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ, ან კონტრაქციებს ჩაატარებენ, მათი შექმნილი კრიზისი დამთავრდება მაშინ, როდესაც ერთად მოვძებნით პოლიტიკურ გამოსავალს მმართველი გუნდის შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან”.

პარალელურად, ოპოზიციის გეგმებში კვლავ რჩება აქციები თბილისში.

“ასევე გაგრძელდება აქციები თბილისში, რუსთაველზეც. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს, ვერანაირი სპეცრაზმებით, ვერანაირი “ტიტუშკებით”, ვერანაირი პოლიციის ჩარევით ამ ტალღას ვერ გააჩერებენ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – პოლიტიკური კომპრომისი. სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კანონიერი ფორმით“, – განაცხადა ბაქრაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

საქართველოში გრძელდება კრიზისი, რომელიც  დაიწყო 14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის დეპუტატთა მიზეზით პარლამენტში ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლისთვის მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

მას შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არ წყდება სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები.

• რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის

ხელისუფლებას, რომელიც დათმობაზე წასვლას არ აპირებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კვლავ ძველი, შერეული სისტემით (პროპორციული და მაჟორიტარული) აპირებს, ოპოზიციამ კომპრომისული, ე.წ. „გერმანული მოდელი“ შესთავაზა.

თუმცა, ხელისუფლება არც ამ დათმობაზეა თანახმა და ამბობს, რომ ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა.

ამ სამი კვირის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ორჯერ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

ერთ დღეს სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობას რკინის მესერიც კი შემოავლეს, რომ საკანონმდებლო ორგანო მოპიკეტეებისგან დაეცვათ.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არ ცხრება სახელისუფლებო უწყებების, მაჟორიტარი დეპუტატების ოფისების პიკეტირება. გასულ კვირას, დაპირისპირებაში ახალი დეტალი გაჩნდა – ამჯერად იმ ადგილებში, სადაც ოპოზიციის პროტესტი მიმდინარეობს, პროსახელისუფლებო ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ჩნდებიან და პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს ხელისუფლების მიერ მართული პროცესია (ახალგაზრდული ჯგუფების შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილებიც აქტიურობენ). ოპოზიცია ამ ჯგუფებს „ტიტუშკებს“ უწოდებს.


ასევე წაიკითხეთ