აქცია ცხინვალში, გაურკვეველ ვითრებაში დაღუპული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიეძღვნა" />

“მშვიდობა ომზე მეტია” – თბილისში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

აქცია ცხინვალში, გაურკვეველ ვითრებაში დაღუპული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიეძღვნა

თბილისში და საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა აქცია სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია! – Peace > war!“

თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი  მივიდა.
აქცია ცხინვალში, გაურკვეველ ვითრებაში დაღუპული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიეძღვნა და მიმართული იყო რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.

არჩილ ტატუნაშვილი და კიდევ ორი საქართველოს მოქალაქე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ოჯახის წევრებს ამ ვერსიის არ სჯერათ. ცხინვალი ამ დრომდე აჭიანურებს ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემას, რაც ქართული მხარის აზრით, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ეჭვებს, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. 

სამშვიდობო აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. გაიმართა ფლეშმობი ლოზუნგით “ომი არ დასრულებულა” (war is not over!).

აქციაზე აჩვენეს ქართველი რეჟისორის, თაკო რობაქიძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოფას ასახავს.

აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები იყვნენ. მათ აღნიშნული ღონისძიება ფეისბუკზე დაგეგმეს – პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მოუწოდეს, გადადონ გვერდით საკუთარი ინტერესები და ყოველგვარი სტატუსის გარეშე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, შეუერთდნენ აქციას. შესაბამისად, პოლიტიკური გამოსვლები ღონისძიებაზე არ ყოფილა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ