მოლდოვაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმე იმ მოხელეების წინააღმდეგ აღიძრა, რომლებმაც მასწავლებლები თურქეთს გადასცეს " />

მოლდოვიდან დეპორტირებულ მასწავლებელს თურქეთში 7,5 წელი მიუსაჯეს

მოლდოვაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმე იმ მოხელეების წინააღმდეგ აღიძრა, რომლებმაც მასწავლებლები თურქეთს გადასცეს

გასულ წელს მოლდოვიდან თურქეთში დეპორტირებულ თურქ მასწავლებელს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

როგორც მოლდოვური რესურსი News Maker იუწყება, ლიცეუმ Orizont-ის ფილიალის ყოფილი დირექტორის, ფერიდუნ ტუფჩეკის განაჩენი 8 ოქტომბერს გამოცხადდა.

სტამბოლი. ფოტო:დავით ფიფია, JAMnews

ტუფჩეკი მოლდოვიდან ექვს სხვა თურქეთის მოქალაქე მასწავლებელთან ერთად 2018 წლის სექტემბერში გამოაძევეს.

ყველა მათგანს ბრალი ედებოდა მქადაგებელ ფეთულაჰ გიულენთან კავშირში, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ზაფხულში ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს.

ვინ არის ფეთულაჰ გიულენი, რომელსაც თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ?

„სკოლები ტერორისტებისთვის“ საქართველოში?

მანამდე მოლდოვიდან დეპორტირებული ხუთი მასწავლებელი უკვე მსჯავრდებული იყო. მათ პატიმრობის სხვადასხვა ვადა მიესაჯათ – 6-დან 12 წლამდე.

2019 წლის 11 ივნისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოლდოვა მასწავლებლების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, ასევე ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილებაში მოლდოვას ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურისა და მიგრაციისა და თავშესაფრის ბიუროს ქმედებების უკანონობა განსაკუთრებულად აღინიშნებოდა.

6 სექტემბერს, მოლდოვიდან მასწავლებლების გამოძევების წლისთავზე კიშინიოვში საინფორმაციო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ექს-მოადგილე ალექსანდრუ ბალტაგუ დააკავეს. მასწავლებლების უკანონოდ გამოძევების საქმეზე გამოძიება ასევე დაწყებულია მიგრაციისა და დევნილთა ბიუროს დირექტორის ოლგა პოალელუნჟის წინააღმდეგ, რომელსაც ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

 „გიულენისტების“ დევნა მთელ რეგიონში

2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელს ფეთულაჰ გიულენს დააკისრა. თურქეთს ყველა მათგანის დაპატიმრებებისა და სამსახურებიდან გათავისუფლების კამპანიამ გადაუარა, ვისაც გიულენთან და მის მოძრაობასთან კავშირში ეჭვმიტანილად მიიჩნევდნენ.

2017 წელს თურქეთში გიულენის ყველა სასწავლო დაწესებულება დაიკეტა (გიულენის პატრონაჟით სასწავლო დაწესებულებები მთელ მსოფლიოში ფუნქციონირებს), მისი ათასობით მომხრე ციხეში მოხვდა. თურქეთის ხელისუფლება მეგობარი ქვეყნებისგანაც ანალოგიურ ქმედებებს მოითხოვდა.

უკვე 2016 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაიკეტა კერძო კავკასიური უნივერსიტეტი, რომელიც სავარაუდოდ გიულენს უკავშირდებოდა, და რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესოდ იყო მიჩნეული.

2017 წელს საქართველოში დაიკეტა დემირელის სახელობის პრესტიჟული კერძო კოლეჯი – თბილისში, და – შაჰინის სახელობის სკოლა ბათუმში. ეს ორივე სასწავლო დაწესებულება გიულენთან ასოცირდებოდა, ხელისუფლებამ კი მიზეზად მათ მიერ დაშვებული დარღვევები დაასახელა.

თურქეთის მოთხოვნით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დემირელის კოლეჯის მმართველი ემრე ჩაბუკი დააპატიმრეს. მას თურქეთში ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს, თურქეთმა საქართველოს მისი ექსტრადიცია მოსთხოვა. თუმცა, რამდენიმეთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ჩაბუკი გაათავისუფლეს და თურქეთს არ გადასცეს.

2018 წელს შავი ზღვის უნივერსიტეტს – საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კერძო უმაღლეს სასწავლებელს სტუდენტების მიღების უფლება ჩამოერთვა. მიზეზად ვითომდა დაწესებულების მიერ დაშვებული დარღვევები იქცა. ეს უნივერსიტეტი ასევე გიულენის მოძრაობასთან იყო ასოცირებული. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გაუქმდა.


ასევე წაიკითხეთ