საქმე ეხება მოქალაქეს, რომელმაც მარნეულის მერს და ბიძინა ივანიშვილს აგინა და რომელსაც სახეზე შარდის წასმა აიძულეს" />

მარნეულის ყოფილი მერი, რომელსაც მოქალაქის არაადამიანური დამცირება ბრალდებოდა, გაამართლეს

საქმე ეხება მოქალაქეს, რომელმაც მარნეულის მერს და ბიძინა ივანიშვილს აგინა და რომელსაც სახეზე შარდის წასმა აიძულეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლის, ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ედებოდა ბრალად.

აბაზოვი და კიდევ ორი ადამიანი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.

2018 წლის ივნისში ალაჰვერდიევი თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე მარნეულის მერს აბაზოვს და ასევე მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ქვეყნის არაფორმალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეაგინა. ვიდეო, სადაც ის იგინება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში გავრცელდა სხვა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იხდის ალაჰვერდიევი ბოდიშს და სახეს შარდით იბანს. კადრში ჩანს, რომ მოძალადეები ალაჰვერდიევს აიძულებენ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერი – 41 გაიმეოროს.

ალაჰვერდიევზე მომხდარი ძალადობის შესახებ პირველი ინფორმაცია მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია მონიტორმა გაავრცელეს.

ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ მოქალაქის “დასჯის” დავალება სწორედ მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა გასცა და “ქართული ოცნების” ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად თავადაც იყო ჩართული დასჯის პროცესში.

მარნეულის საკრებულომ თემურ აბაზოვს, მისივე განცხადების საფუძველზე მერის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ დააკავა და შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, 2018 წლის დეკემბერში ის 10 ათას ლარიანი (დაახლოებით 3,3 ათასი დოლარი) გირაოს სანაცვლოდ  გაათავისუფლეს. 2020 წლის თებერვალში კი სასამართლომ საერთოდაც გაამართლა აბაზოვი. როგორც მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, აბაზოვს გირაოს თანხასაც სრულად დაუბრუნებენ.

ვიდრე სასამართლო აბაზოვს გაამართლებდა და მას ჯერ კიდევ ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

თავად აბაზოვი დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ გამამართლებელ განაჩენს ელოდა.

როგორც ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, ვიდერე მარნეულის მერი გახდებოდა, თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო.

ამას როგორც ერთობლივი ფოტოები, ისე დოკუმენტებიც მოწმობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე ასევე განთავსებულია პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ანკარაში ვიზიტის შესახებ. ამ დოკუმენტში თემურ აბაზოვი მითითებულია, როგორც დელეგაციის წევრი და ივანიშვილის დაცვის ოფიცერი. იმავე დელეგაციის წევრია ამჟამინდელი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც მაშინ ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.

 


ასევე წაიკითხეთ