პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლარის გაუფასურებაში ოპოზიციას ადანაშაულებს " />

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 3.0 – ახალი ანტირეკორდი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლარის გაუფასურებაში ოპოზიციას ადანაშაულებს

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3 ლარს გადასცდა.

31 ივლისს საქართველოს ორ ყველაზე მსხვილ კომერციულ ბანკში „საქართველოს ბანკში“ და „თიბისი ბანკში“ამერიკული დოლარი 3.0150 ლარი ღირს.

ვალუტის გადამცვლელ კერძო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარია.

• როგორ მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე?

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური, 31 ივლისის კურსით, 1 აშშ დოლარი 2.9507  ლარი ღირს.

“ბლუმბერგზე” 1 დოლარი 2.96 ლარი ღირს.

1995 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ანუ თავისი არსებობის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ვალუტა ასეთი გაუფასურებული არასდროს ყოფილა. ლარმა პირველი გაუფასურება 2013 წლის ბოლოდან დაიწყო. მაშინ ერთი დოლარი 1.66 ლარი ღირდა.

რატომ უფასურდება ლარი

ექსპერტები, ოპოზიცია და ხელისუფლება ლარის გაუფასურების სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ლარის გაუფასურების მიზეზად 20 ივნისის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს და ასევე საგარეო ფაქტორებს ასახელებენ. [20 ივნისიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის შენობასთან ყოველ დღე იმართება საპროტესტო აქციები. აქციებზე ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგია “რუსეთი ოკუპანტია”. ხოლო მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა მიტინგი, აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ_JAMnews]

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლარის გაუფასურებაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

“დესტაბილიზაციის და ძალადობის ორგანიზება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, პირდაპირაა მიმართული სახელმწიფოს და მოქალაქეების კეთილდღეობის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურება “საგარეო შოკს” უკავშირდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურისტების რაოდენობის შემცირებაა.  [8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყვეტილია რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, რამაც საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად შეამცირა_JAMnews].

მისი თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი დედოლარიზაციაა.

“დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა შემცირებულია. ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება, მნიშვნელოვანია დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში სესხები აღებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში”, — ამბობს გვენეტაძე.

ოპოზიცია და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურების მიმდინარე ტალღა პირდაპირ უკავშირდება თიბისი ბანკის საქმეს და ასევე ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობის შემცირებას და იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებას “არ აქვს არავითარი ეკონომიკური პოლიტიკა”.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით, ლარის გაუფასურების პარლამენტთან მიმდინარე აქციებისთვის გადაბრალება არასერიოზული და უპასუხისმგებლოა.

“ლარი მთელი წინ განმავლობაში ნელ-ნელა, სტაბილურად უფასურდებოდა. ეს პროცესი განსაკუთრებით მაისის თვიდან დაიწყო, როცა მაისის დასაწყისში კურსი 2.7 იყო და მაისის ბოლო 2.8 გახდა. მხოლოდ მაისის თვეში ლარი 10 ერთეულით გაუფასურდა. სად იყო მაშინ 20 ივნისის მოვლენები?!” – ამბობს კობერიძე. 

მისი თქმით, პოლიტიკური სიტუაცია ლარის კურსზე გავლენას ახდენს, თუმცა ეს ყველაზე მთავარი არ არის.

“ხელისუფლებას არ აქვს არავითარი ეკონომიკური პოლიტიკა,” – ამბობს კობერიძე. 

 

 

 


ასევე წაიკითხეთ