ჩინეთი კვლავ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად რჩება" />

კორონავირუსი: მილიონობით ჩაკეტილი ადამიანი, კარანტინი ლაინერებზე, გადადებული კონფერენციები მთელ მსოფლიოში

ჩინეთი კვლავ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად რჩება

კორონავირუსის ქრონიკა

17 თებერვალი

17 თებერვლის დილის მონაცემებით, მსოფლიოში, კორონავირუსით დაავადების 71 810 შემთხვევაა დადასტურებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კვლავინდებურად ჩინეთზე, უბეის პროვინციაზე მოდის.

ამ დროისთვის ვირუსით 1 775 ადამიანი გარდაიცვალა, 11 188 – გამოჯანმრთელდა.

16 თებერვალს, ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით დაავადების 2 048 ახალი შემთხვევის შესახებ გააკეთა განცხადება. მათი უმრავლესობა – 1933 – უბეის პროვინციასა და ქალაქ უჰანზე მოდის, სადაც ეპიდემია წარმოიშვა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელებას შეგიძლიათ ამ ონლაინ-რუკაზე ადევნოთ თვალი.

ბინიდან გასვლის აკრძალვა, ჩაკეტილი სახლის სადარბაზოები და მასობრივი შემოწმებები ჩინეთში

ჩინეთის ხელისუფლებამ მკვეთრად გაამკაცრა წესები უჰანისა (14 მილიონი ადამიანი) და უბეის პროვინციის (6 მილიონი ადამიანი) მცხოვრებლებისთვის. ადამიანებს უბრძანეს, რომ ბინებში დარჩნენ. თითო ბინიდან/სახლიდან ერთ ადამიანს აქვს სამ დღეში ერთხელ გარეთ გასვლის უფლება, რათა საჭირო რაღაცები შეიძინოს.

საცხოვრებელ კომპლექსებში, ერთის გარდა ყველა გასასვლელი დაკეტილია და ისიც 24 საათის განმავლობაში დაცულია, რათა გარანტირებული იყოს იმის კონტროლი, თუ ვინ გადის და ვინ შედის შენობაში.

აკრძალულია კერძო ავტომობილებით სარგებლობა, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გადაადგილება შეიძლება მხოლოდ ფეხით.

ყველა საწარმო და საჯარო დაწესებულება დახურულია, აფთიაქების, სასტუმროების, სურსათის მაღაზიებისა და სამედიცინო სამსახურების გარდა.

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ

•იაპონიაში, იოკოჰამას პორტში, საკრუიზო ლაინერ The Diamond Princess-იდან, სადაც ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა, აშშ-ის 400 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. სამშობლოში მათ 14-დღიანი კარანტინი ელოდებათ. ორმოც მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი პირდაპირ საავადმყოფოებში გადამისამართდებიან.

ამ დროისთვის ვირუსი უკვე დაუდგინდა ლაინერის 355 მგზავრს. იაპონიის მთავრობამ ბორტზე ჩაკეტილ ადამიანებს 2000 აიფონი გადასცა – თითო თითოეულ კაიუტაზე. ყველა ტელეფონს აქვს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროგრამა, რომელიც დაუყოვნებლივ აკავშირებს ადამიანებს ექიმებთან, ფარმაცევტებსა და ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურებთან.

•ლაინერ The Diamond Princess-იდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა ისრაელმა, ჰონკონგმა, კანადამ და ნეპალმა. ავსტრალიამ კი განაცხადა, რომ ისიც გეგმავს თავისი 200 მოქალაქის ევაკუირებას.

•კარანტინია გამოცხადებული კიდევ ერთ ლაინერ „ვესტერდამზე“, რომელიც კამბოჯის სანაპიროსთან დგას – ერთ-ერთ მგზავრს ვირუსი აღმოაჩნდა.

•ეპიდემიის საფრთხის გამო ისეთი ღონისძიებებიც კი გადაიდო, როგორიც მმართველი, კომუნისტური პარტიის ყრილობა და იაპონიის იმპერატორის კორონაციისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიაა.

როგორ გადაარჩინეს მოხალისეებმა ჩინეთში, ეპიდემიის ზონაში მიტოვებული შინაური ცხოველები

The Diamond Princess – რა ხდება ლაინერზე, სადაც სწრაფად იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი     

ახალგაზრდები პაემანზე შანჰაის სავაჭრო ცენტრში. 16 თებერვალი, 2020. REUTERS/Aly Song

13 თებერვალი

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი უბეის პროვინციასა და მის დედაქალაქ უჰანში, ერთი დღის განმავლობაში 14 840 ადამიანით გაიზარდა, ამის შესახებ The New York Times იტყობინება.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებულთა რიცხვის ზრდა შემცირდა და ეპიდემიამ, სავარაუდოდ, უკანდახევა დაიწყო.

 

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაავადებულთა რიცხვის ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი – დიაგნოსტიკის ახალი მეთოდია. ახლა, ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის არსებობის დასადგენად, მაგნიტო-რეზონანსული ტესტირება გამოიყენება. 

თუმცა, მსოფლიოში ბევრი სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტესტირება – ასეთი ინფექციის გამოსავლენად საიმედო საშუალება არ არის. კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვში შეიძლება აღმოჩნდნენ პაციენტები, რომელთაც ჩვეულებრივი გრიპი ან პნევმონია აქვთ.

შესაძლოა, ჩინეთი ვერ გაუმკლავდეს ეპიდემიას

სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მზად არის ჩინეთის ხელისუფლება ეპიდემიისთვის და ფლობს საკმარის სამედიცინო და ორგანიზაციულ პოტენციალს. როგორც Bloomberg-ი წერს:

• საავადმყოფოები გადატვირთულია, პაციენტებისთვის ახალ-ახალ თავშესაფრებს აწყობენ. 

• აღინიშნება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის მწვავე დეფიციტი, მათ შორის, ტესტირებისთვის საჭირო კომპლექტების. 

• მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანი იძულებულია დერეფნებში, რიგებში იდგეს, რათა დიაგნოზი დაუსვან და მკურნალობა დაიწყონ. ზოგიერთი ისე იღუპება, რომ ექიმისთვის მიმართვასაც ვერ ახერხებს. 

• არ არის ნათელი სურათი, ვინ და როდის გადის ტესტირებას. 

ქალაქ უჰანში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ექიმები კარდაკარ დადიან.  მაგრამ ეპიდემიის რაიონებში ბევრი იმალება სამედიცინო ბრიგადების გამოჩენისთანავე – რადგან ეშინიათ მთელი ოჯახის მომავალი, თითქმის პატიმრობის მსგავსი იზოლაციის და მეზობლების მხრიდან ოსტრაკიზმისა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში დაავადებულებს გამოავლენენ.

ექსპერტები უდიდეს პრობლემად მიიჩნევენ იმას, რომ მედიაზე ხელისუფლების ტოტალური კონტროლის გამო, მოსახლეობა დროულად ვერ იღებს ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

• როგორ გადაარჩინეს მოხალისეებმა ეპიდემიის ზონაში მიტოვებული შინაური ცხოველები

ჩინეთის ქალაქ უჰანის ქუჩაში – კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში. REUTERS/Aly Song


ასევე წაიკითხეთ