ვაჟა გაფრინდაშვილი კონფლიქტის ზონაში, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა" />

კონფლიქტის ზონაში დაკავებულ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის ცხინვალის იზოლატორში რჩება

ვაჟა გაფრინდაშვილი კონფლიქტის ზონაში, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს,  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

იგი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. იგი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტი. კონფლიქტის ზონაში იგი, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა. 

_____________

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუს სამხედროებს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჰყავდათ დაკავებული 13 ნოემბერს გავრცელდა.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ოთხი დღით ადრე, 9 ნოემბერს დააკავეს.

„ჯემნიუსთან“ საუბარში ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა თქვა, რომ მისი მეუღლე შაბათს, 9 ნოემბერს დილით გავიდა სახლიდან, თქვა, რომ პაციენტთან მიდიოდა, შემდეგ კი დახლოებით 15:30-ზე დარეკა და შეატყობინა ოჯახს, რომ რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

„არ ვიცი, იქ როგორ ან რატომ აღმოჩნდა. გაოგნებულები ვიყავით, როცა დაგვირეკა და გვითხრა, სადაც იყო“ – ჰყვება ლაფანაშვილი.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრა მის მეუღლეს მხოლოდ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად შეეძლო.

„სხვა რა ვიფიქრო არ ვიცი, რადგან არანაირი კავშირი ჩვენ იქაურობასთან არ გვაქვს,“ – ამბობს ის.

დაკავებულის მეუღლე იხსენებს ერთ დეტალს – რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია ახალგორში მცხოვრებ ქალზე,  თამარ გიგაურზე, რომელიც შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. გიგაურის ოჯახს მისი სამკურნალოდ თბილისში ჩამოყვანა უნდოდა, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებამ და რუსმა სამხედროებმა ავადმყოფს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს.

„ამ თემაზე იყო საუბარი ოჯახში. როდესაც ეს ინფორმაცია გავიგეთ, მახსოვს მან თქვა, საწყალი ქალიო, იქნებ საოპერაციო არისო, ბევრი მოტეხილობა ექნებაო. სხვა არაფერი უთქვამს. არ უთქვამს, რომ იქ წასვლას აპირებდა,“ – ამბობს ლაფანაშვილი.

თამარ გიგაური ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის სკოლის მასწავლებელია. მისი ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს ავადმყოფის თბილისში გადმოყვანის უფლებას.

„მხოლოდ ამ ქალის ამბავი მახსენდება. სხვა საერთოდ არ ვიცი რა ვიფიქრო,“ – ამბობს გაფრინდაშვილის მეუღლე.

ამ ეტაპისთვის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება.

ქართული მხარე მისი დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი კი აცხადებს, რომ იგი,  სოფელ ორჭოსანისა და ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიასთან დააკავეს.

ორჭოსანი გორიდან 43 კილომეტრშია. ამ სოფელს თბილისი ვერ აკონტროლებს. იქ რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული.

გაფრინდაშვილის ოჯახმა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია 9 ნოემბერსვე შეატყობინა ქართველ სამართალდამცავებს. საჯარო ეს ამბავი მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გახდა ისიც არა ქართული, არამედ ოსური საინფორმაციო საშუალებებით.

15 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება სადაც წერია, რომ ახალგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოსური მხარე გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.

ცნობილია, რომ გაფრინდაშვილის გარდა კონფლიქტის ზონაში 9-11 ნოემბერს კიდევ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ახალგორის სასამართლომ მათ ადმინისტრაციული, ფულადი ჯარიმა დააკისრა და ისინი უკვე გამოუშვეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებულის გასათავისუფლებლად ცხელი ხაზი აამოქმედა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ამის შესახებ პირველი განცხადება მხოლოდ 14 ნოემბერს გააკეთა.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით საჯარო დუმილი არ ნიშნავს იმას, რომ პირველ დღეებში ხელისუფლება უმოქმედო იყო:

„სახელმწიფო მინისტრმა იმავე დღეს საქმის კურსში ჩააყენა ეუთოს წარმომადგენელი საქართველოში… საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ააქტიურებს ცხელ ხაზს. კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთანაც… ყველა საშუალებას ვიყენებთ დაკავებულის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა 14 ნოემბერს ზვიად ზვიადაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა.

გაფრინდაშვილის ოჯახმა ასევე მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.

წითელი ჯვარი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალის ხელისუფლება უფლებას აძლევს, რომ ცხინვალში იმუშაოს.

თბილისში, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ქართველმა ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

„ცხინვალში მოქმედ უამრავ ექიმს სწორედ აქ აქვს განათლება მიღებული. მივმართავთ მათ, ჩვენს ოს დებსა და ძმებს, ჩვენს კოლეგებს, გამოიჩინონ სოლიდარულობა და ჰუმანურობა და მოსთხოვონ საკუთარ ხელისუფლებას ექიმის გათავისუფლება,“ – განაცხადა აქციაზე გამომსვლელმა ერთ-ერთმა ექიმმა.  

•  კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქეები. 

ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და  არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა. 

•   აგვისტოს ომის შემდეგ რუსმა სამხედროებმა, რომლებიც კონფლიქტის ზონის მთელს პერიმეტრზე დგანან,  ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თეთრ-მწვანე ბანერები დაკიდება დაიწყეს წარწერით „სახელმწიფო საზღვარი“ და „სამხრეთი ოსეთი“.0 საზღვრის ფუნქციას მავთულხლართი ასრულებს, რომელსაც მონიშნულ ადგილებზე ავლებენ.  რუსული და ოსური მხარე ამ პროცესს “ბორდერიზაციას” უწოდებს. მათი თქმით, საზღვრის გავლებისას ისინი ძველი, ომამდელი, საბჭოთა დროის რუკით ხელმძღვანელობენ. მათი თქმით, “სახელმწიფო საზღვრის” გავლება ხდება ახალგორის რაიონის გასწვრივ ისე, რომ ახალგორის ყველა სოფელი სამხრეთ ოსეთის ფარგლებში მოექცეს.

ქართული მხარე ამ პროცესს “მცოცავ ანექსიას” უწოდებს და აცხადებს, რომ რუსული მხარე ყოველ ჯერზე ახალ ქართულ მიწას იტაცებს.  მავთულხლართების გავლება ხშირ ხდება ქართულ სოფლებში ისე, რომ ეს სოფლები შუაზე იყოფა. შედეგად, ათეულობით ოჯახს საძოვრები, წინაპართა საფლავები და ა.შ. “საზღვრის” იქეთ დარჩა. 

 


ასევე წაიკითხეთ