პირველკლასელები. რამდენი ჯდება მათი შენახვა და რამდენად რთული ცხოვრება აქვთ მათ" />

თითოეული მათგანი 6 წლის ასაკში 4 კილოგრამ ტვირთს ატარებს მხრებით

პირველკლასელები. რამდენი ჯდება მათი შენახვა და რამდენად რთული ცხოვრება აქვთ მათ

სექტემბერში ბავშვებმა სკოლაში დაიწყეს სიარული. ზოგიერთი 1-ელ სექტემბერს წავიდა, სხვები – 15-ში, ან 20-ში. მაგრამ ყველამ სეწტემბერში დაიწყო სწავლა. სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით 260 ათასი ბავშვი წავიდა პირველ კლასში. 

შვილები და შვილიშვილები ყველას ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყის შეგრძნებას ანიჭებენ, მაგრამ ამ  მოვლენას კიდევ ერთი ემოცია ახლავს, რომელიც სახელმძღვანელოების, ჩანთების, ფორმებისა და სხვა ნივთების შეძენას უკავშირდება.

მაშ რამდენი დაუჯდათ სამხრეთი კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს პირველკლასელების სკოლისთვის მომზადება?

ტრადიციისამებრ, JAMnews-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვებში ქალაქები ანბანის მიხედვითაა დალაგებული და მათი სახელები ისეა მოცემული, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა წარმოთქვამს, რაც საერთოდ არ არის დაკავშირებული ამ საკითხისადმი JAMnews-ის დამოკიდებულებასთან. 

 ბაქო

დაახლოებით, 30 გრადუსი ჩრდილში – ბაქოური სექტემბრისთვის ეს კლიმატური ნორმაა. ამ პერიოდს “ლეღვის სიცხე” ჰქვია. ლეღვს სიცხე უყვარს და სწორედ სექტემბერში მწიფდება ხოლმე საბოლოოდ. ამიტომ 2014 წელს აზერბაიჯანში გადაწყვიტეს, რომ სკოლები მუშაობას 1-ელ სექტემბერს აღარ დაიწყებენ და სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტებერი დაადგინეს.

პირველკლასელების მშობლები შეეცადენ, წინასწარ შეეძინათ ყველაფერი, რაც მათ შვილებს სკოლაში დასჭირდებათ.

საკანცელარიო მაღაზიების გამყიდველები ამბობენ, რომ კალმების, რვეულებისა და სხვა სასკოლო ნივთების ფასების ზრდა ჯერ კიდევ აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყო.

2017 წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. რაც შეეხება შარშანდელ სტატისტიკას – 2016 წელს აზერბაიჯანში პირველად სკოლაში 156 ათას 877 ბავშვი წავიდა.

თითოეულ მათგანს სკოლაში უფასოდ გადაეცა სახელმძღვანელოები. ყოველ შემთხვევაში, უნდა გადასცემოდათ. ზოგიერთი სკოლა ჯერ კიდევ სთხოვს  მშობლებს წიგნების შეძენას – სახელმწიფო სახსრებით შეძენილი წიგნები ყველასთვის საკმარისი არ არის.

თუმცა, აუცილებელია აგრეთვე ე.წ. სამუშაო რვეულები – ესაა სახელძღვანელოს მსგავსი, A4- ის ფორმატის რბილყდიანი წიგნი, რომლის თითო ეგზემპლარი დაახლოებით 3 დოლარი ღირს.

ზოგიერთი პედაგოგი, ბავშვების გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, ბავშვებსა და მშობლებს უფლებას აძლევს, სასწავლო პროცესში სამუშაო რვეულის გარეშე ჩაერთონ. თუმცა, ასეთი შემთხვევები იშვიათია.

ამას გარდა, მშობლებმა პრაქტიკულად ყველა საგნის დამხმარე სახელმძღვანელო უნდა შეიძინონ, მათ შორის – მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და ფიზკულტურის დამხმარე წიგნებიც კი.

ამდენად, საუკეთესო შემთხვევაში (ანუ მაშინ, როდესაც კლასში ლიბერალური შეხედულებების მასწავლებელია, რომელიც  სამუშაო რვეულების გარეშე აპირებს სწავლებას), ყველა სახელმძღვანელო მშობლებს, მთლიანობაში, სულ ცოტა, $15დაუჯდებათ. თუმცა, როგორც წესი, ეს თანხა $40-ით განისაზღვრება.

ფანქრები, კალმები, სახაზავი, წებო, ფერადი ფანქრები, კალმები და ა.შ. მშობელს $15-დან $70-მდე დაუჯდება. შესაძლოა, ამ ყველაფრის შესაძენად უფრო მეტის გადახდაც გახდეს საჭირო, თუ, მაგალითად, მაღაზია “გრაფიკაში” მიხვალთ და იქ იყიდით  გულებიან და ბუმბულებიან ლამაზ კალმებსა და არაორდინალურ ბლოკნოტებს.

სახელმწიფო სკოლებში აუცილებელია სასკოლო ფორმა, რომელიც მთელ ქვეყანაში ერთნაირია და $30-ზე მეტი არ ღირს. სასკოლო ფორმაში შედის უჯრედებიანი ლურჯი ქვედაბოლო (ვაჟებისათვის შარვალი), ჟილეტი და პიჯაკი. თუმცა, თეთრი პერანგი შედარებით დიდი პრობლემაა. $10-ზე ნაკლები ფასის პერანგი არ არსებობს, მეტნაკლებად ხარისხიანი კი (იმ შემთხვევაში, თუკი მშობელმა თადარიგი არ დაიჭირა და წინასაახალწლო ფასდაკლების დროს ნახევარ ფასად არ შეიძინა) დაახლოებით $25 ღირს.

კერძო სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე პირველკლასელებისათვის ფორმა ატელიეში უნდა შეიკეროს, რაც, სულ ცოტა, ორჯერ უფრო ძვირია.

ის, თუ რა ეღირება ფიზკულტურის ფორმა, კონკრეტულ სკოლასა და მასწავლებელზეა დამოკიდებული.  შეიძლება თეთრი მაისურა (ნახატების გარეშე) და შავი შორტები მოითხოვონ. მაგრამ ეს ყველაფერი, სულ ცოტა, $10 მაინც დაჯდება.

თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას თეთრ პერანგებზეც – შესაძლოა, სკოლამ მოითხოვოს, რომ მაქმანები და სხვა “ქალური” ელემენტები გოგონების პერანგებსაც არ ჰქონდეს. ასეთი “ასკეტური” ტანსაცმლის მოძებნა რთული იქნება და ძვირიც ეღირება.

ჩანთები 20-125 დოლარი ღირს. 125 დოლარად ერგონომიკულ ჩანთას შემოგთავაზებენ, რომელიც ხერხემლის დატვირთვას ამცირებს.

წელს ბაქოში სპეციალური სასკოლო ბაზრობები გაჩნდა, სადაც სასკოლო ნივთები იყიდება. თუმცა, მშობლები ამბობენ, რომ ფასები აქ არაფრით განსხვავდება სხვა დიდ ბაზრობებზე არსებული ფასებისგან.

ამდენად, პირველკლასელის სკოლისთვის გასამზადებლად საჭირო მინიმალური დანახარჯების სია ასე გამოიყურება:

  • წიგნები — $15;
  • საკანცელარიო საქონელი — $15;
  • ფორმა — $40;
  • სპორტული ფორმა – $10;
  • ჩანთა — $20.

სულ: $100.

და ეს ნამდვილად მინიმუმია – ანუ ამ თანხის შემცირება შეუძლებელია. თუმცა, თუკი ოჯახს სურს, რომ ბავშვი ხარისხიან ნივთებს იყენებდეს და მოსახერხებელი ტანსაცმელი ეცვას, წმინდა ბამბის სამი პერანგის, ფეხსაცმლის ერთი კარგი წყვილის, ლამაზი ფლომასტერების, პენალის, სხვა წვრილმანებისა და მოსახერხებელი ჩანთის შესაძენად 500 იქნება საჭირო.

ამასთან პირველკლასელის ჩანთის წონა 3-დან 5 კილოგრამამდეა (!). უფროსკლასელების ჩანთები თითქმის 7 კილოგრამს იწონის.

 ერევანი

სომხეთში  სასწავლო წელი 1-ელ სექტემბერს დაიწყო და სწავლა დაახლოებით 40 ათასმა პირველკლასელმა დაიწყო.

თუ ზურგჩანთაში ყველა იმ ნივთს ჩავალაგებთ, რომელიც პირველ დღეს სკოლაში საჭიროა და შემდეგ ამ ჩანთას ავწონით, აღმოჩნდება, რომ პირველკლასელს ოთხ კილოზე მეტი ტვირთის ტარება მოუწევს. ამიტომ მშობლები ხშირად ბორბლებიან ჩანთას ირჩევენ, რომელიც 30 დოლარამდე ღირს.

I-IV  კლასების მოსწავლეებს სომხეთში სახელმძღვანელოებს უფასოდ ურიგებენ, მაგრამ პირველკლასელმა თან უნდა იქონიოს:

  •  10 თხელი რვეული – მთლიანობაში დაახლოებით $1
  •  10 საერთო რვეული – მთლიანობაში დაახლოებით $8
  •  ფანქრები – დაახლოებით $4
  •  საშლელები, სახაზავი, დღიური, ფანქრები – დაახლოებით $5

სტანდარტული თეთრი პერანგი დაახლოებით 10 ათასი დრამი [დაახლოებით 21 დოლარი] ღირს, შარვალი და ფეხსაცმელი კი საშუალოდ 60 დოლარი, სპორტული ფორმა – დაახლოებით $25, სპორტული ფეხსაცმელი კი – $27.

საერთო ჯამში 74 ათას სრამამდე გამოდის.

ესაა საშუალო თანხა,რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვმა სომხეთის საშუალო სკოლის პირველ კლასში დაიწყოს სწავლა. შეიძლება ოდნავ მეტი, ან ოდნავ ნაკლებიც დაიხარჯოს. ყველაფერი შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

სოხუმი 

აფხაზეთში 156 სკოლა ფუნქციონირებს. აქედან 46 რუსულია, 59 აფხაზური, 11 ქართული და 25 სომხური.

სწავლა აფხაზეთში 1 სექტემბერს დაიწყო. პირველ კლასში 2 ათას 938 ბავშვი წავიდა.

აფხაზეთში  განათლება უფასოა, მაგრამ ბავშვის სკოლისთვის მომზადება მშობელს მაინც ძვირი უჯდება.

დავიწყოთ სკოლის ფორმით, რომელიც ყველა სკოლაში აუცილებელია. ბიჭების კომპლექტი (შარვალი, პიჯაკი, ორი პერანგი და პულოვერი) დაახლოებით 5000 რუბლი [დაახლოებით $80] ჯდება. გოგონების ფორმა 15-20 დოლარით ძვირია.

პირველკლასელის ზურგჩანთა, საშუალოდ, $60 ღირს, საკანცელარიო  ნივთები (რვეულები, კალმები, ფანქრები, პენალი, ალბომი, საღებავები, სახაზავები, ფლომასტერები და ა.შ.), საშუალოდ, $45 ჯდება.

სახელმძღვანელოების უდიდესი ნაწილს სკოლის მოსწავლეები უფასოდ იღებენ. თუმცა, ეს წიგნები ყველასთვის საკმარისი არ არის და ამიტომ,  ხშირად მშობლებს სახელმძღვანელოების შეძენაც უწევთ. ერთი სახელმძღვანელო საშუალოდ $5-7 ღირს.

ამას გარდა, საჭიროა სხვადასხვა დამხმარე წიგნის შეძენაც, რაც მთლიანობაში კიდევ დაახლოებით $45 ჯდება.

მშობლების ხარჯების სიაში კიდევ ერთი პუნქტია – კლასის რემონტი. კედლების, ჭერისა და იატაკის შეღებვა თანამედროვე ფანჯრების ჩასმასთან ერთად დაახლოებით $1500-2000 ჯდება. როგორც წესი, ეს თანხა მოსწავლეების რაოდენობაზე იყოფა ხოლმე.

განათლების მინისტრმა აგდურ კაკობამ მხოლოდ მცირე ხნის წინათ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ აფხაზეთის სკოლების უმრავლესობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.

იქ, სადაც რემონტი არ არის საჭირო, ფულის გადახდა მაინც აუცილებელია – მაგალითად, კონდიციონერის დასამონტაჟებლად. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამ ხარჯებს სპონსორი იღებს ხოლმე საკუთარ თავზე.

აფხაზეთში პირველკლასელის სკოლისთვის მომზადება  მშობლებს, საშუალოდ, დაახლოებით 10-15 ათასი რუბლი [დაახლოებით $150] უჯდებათ.

ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

თბილისი

მათე ექვსი წლისაა და წელს პირველკლასელი გახდა. ახალი შარვალი, ლურჯი პერანგი, ფეხსაცმელი და ეინდები – ეს ყველაფერი აგვისტოს ბოლოდან, სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამზადებული ეკიდა გარდერობის ყველაზე გამოსაჩენ ნაწილში.

იქვე იდო ლურჯი ჩანთა, რომელსაც “ადამიანი-ობობა” ახატია.

ვაჟის სკოლისთვის მოსამზადებლად ნინო კემულარიამ  250 ლარი დახარჯა.

წიგნები, რვეულები, ფანქრები, პლასტელინი, საღებავები, პენალი და სხვა საკანცელარიო ნივთები დაახლოებით $33 დაჯდა, ჩანთა – $20, ფორმა კი დაახლოებით $65 ღირდა.

საქართველოში ყველა პირველკასელს, რომელიც სკოლაში შედის, საკუთარ მერხზე განათლების სამინისტროს მიერ ნაჩუქარი “ბუკი” ხვდება. ესაა პატარა კომპიუტერი, რომელშიც უკვე ჩაწერილია სასკოლო მასალები.

ამას გარდა, სამინისტრო უფასო სახელმძღვანელოებსაც არიგებს. თუმცა, ნინომ გადაწყვიტა, თავის ვაჟს ახალი წიგნები უყიდოს.

“სკოლაში  ნახმარ წიგნებს არიგებენ და, ამასთან, მკაცრად ითხოვენ, რომ ბავშვებმა არ გააფუჭონ სახელმძღვანელოები, არ დაჯღაბნონ და არ დაჭმუჭნონ. ჩემი აზრით, ბავშვი წიგნთან ურთიერთობით სიამოვნებას უნდა იღებდეს და არ უნდა იყოს დაძაბული”.

დაწყებითი კლასების ერთი სახელმძღვანელო 8-15 ლარი ღირს.

“ჩვენი ძირითადი კლიენტები არიან კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლები, თუმცა საჯარო სკოლების აღსაზრდელების მშობლებიც ხშირად გვსტუმრობენ, რადგან სკოლაში დარიგებული წიგნების მდგომარეობა სასწავლო წლის ბოლოს არ უნდა გაუარესდეს. რაოდენ ფრთხილადაც არ უნდა ეპყრობოდეს ბავშვი წიგნს, ის მაინც ცვდება. ასეთ შემთხვევებში კი, მოსწავლეს ჯარიმა ერიცხება და, საჯარიმო ქულების გათვალისწინებით, მომავალ წელს ბავშვს კიდევ უფრო მეტად შელანძღულ წიგნს მისცემენ,” – ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი.

ამას გარდა, საჭიროა დამატებითი სპეციალური რვეულები, რომლებიც ყველა სახელმძღვანელოს ერთვის. თითოეული ასეთი რვეული $3 ღირს.

ჩანთის მინიმალური ღირებულებაა $20. მაღაზიებში ამბობენ, რომ წელს გაზრდილია მოთხოვნა გორგოლაჭებიან ჩანთებზე, რომლებიც $10-20-ით მეტი ღირს.

ჩანთის ბორბლები დიდი შეღავათია მოსწავლისათვის, რომელსაც ყოველ დღე, სულ ცოტა, ხუთკილოგრამიანი ტვირთის ტარება მოუწევს. 

ზოგიერთმა მშობელმა ორ-ორი წიგნი იყიდა – ერთი ეგზემპლარი სახლში ინახება, მეორე კი – სკოლაში. ამ შემთხვევაში, მოსწავლის ჩანთის წონა რამდენჯერმე მცირდება, მაგრამ ყველა ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ ასეთი ფუფუნების უფლება მისცეს თავს.

მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც აღნიშნავს, რომ სკოლის ზურგჩანთების წონის შემცირება მისი უწყების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ეს პრობლემა კი მაშინ გადაწყდება, როდესაც სახელმძღვანელოებს მსუბუქი ქაღალდით დაბეჭდავენ და სასწავლო პროცესში ელექტრონული წიგნებიც დაინერგება.

“ჩვენ კორპორაცია Microsoft-თან და სხვა ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ და ელექტრონული წიგნების კონცეფციას ვამოწმებთ. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნება და ყველა ოჯახი თავად გადაწყვეტს, გამოიყენოს თუ არა ბავშვმა ელექტრონული წიგნი. ვფიქრობ, XXI საუკუნეში მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ალტერნატივა,”- ამბობს მინისტრი.

სასწავლო წელი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყება. ამ დროისთვის ახალი სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა. 2016 წელს საქართველოში პირველ კლასში 61 ათასი ბავშვი წავიდა (მათგან 53 ათასი საჯარო სკოლაში, 8 ათასი კი – კერძო სკოლაში)

ცხინვალი

წელს სამხრეთ ოსეთში 789 პირველკლასელია. სასწავლო წელი აქ 1 სექტემბერს დაიწყო. რესპუბლიკაში 53 საშუალო სკოლა მოქმედებს.

პირველკლასელი ბიჭისათვის საჭირო ნივთების შეძენისათვის მშობლებს, სულ ცოტა, 18-20 ათასი რუბლი [დაახლოებით $300] სჭირდებათ.

ამ თანხით ისინი შეიძენენ კოსტიუმს, ორ პერანგს, ფეხსაცმელს, სპორტულ კოსტუმს, ჩანთას საღებავებს, ფერად ფანქრებს რვეულებს, შრომის გაკვეთილისთვის საჭირო ნივთებსა და სხვა წვრილმანებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, შეძენილი ტანსაცმელი მაღალი ხარისხის არ იქნება.

ხარისხიანი, სინთეტიკის გარეშე დამზადებული, ან ნატურალური ტყავისგან შეკერილი ნივთების შესაძენად საჭიროა დაახლოებით $450. მშობლების უმრავლესობა ცდილობს, ორთოპედიული საფუძვლის მქონე ჩანთა შეიძინოს. ასეთი ზურგჩანთების მინიმალური ფასი 40 დოლარია.

პირველკლასელი გოგონას მოსამზადებლად შედარებით ნაკლები იხარჯება. კაბა, წინსაფარი და ბაფთა კოსტუმის ფასზე 50 დოლარით ნაკლები ღირს.

პირველკლასელებისთვის წიგნებისა და რვეულების შეძენა მათ მშობლებს 80 დოლარამდე დაუჯდებათ.

თუმცა სამხრეთ ოსეთში ყველა სკოლის მოსწავლეს უფასო საუზმე აქვს – ფუნთუშა კომპოტით, ან კისელით. ის ბავშვები, რომლებიც დღის ბოლომდე სკოლაში რჩებიან და გახანგრძლივებული სასწავლო დღის ჯგუფში  სწავლობენ, უფასო სრულფასოვან სადილსაც იღებენ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ